„ოცხანური საფერე“ და „კრახუნა“ – იმერეთის ორი დიდებული წარმომადგენელი
რა ღვინოა? ვისი შექმნილია? რა ყურძნის ჯიშისგანაა დამზადებული? რა მეთოდით არის დაყენებული? რამდენი წლის დაძველებითაა? – ეს და კიდევ არაერთი კითხვა ამოუტივტივდება ადამიანს გონებაში ყოველთვის, როდესაც საღამოს ვახშმად ერთ ჭიქა ღვინოს მიირთმევს თუ დიდი ქართული სუფრის თანამონაწილეა. როგორც კი ვიგებთ ღვინის წარმომავლობის, მისი შემქმნელის, შექმნის ისტორიისა თუ თვისებების შესახებ, მაშინვე გვიყალიბდება აზრი, თუ რას უნდა ველოდოთ ამ ღვინისგან, მძიმე ტანინიან არომატს თუ მსუბუქ შუშხუნა გემოებს. რთულია თქვა, რომელია უკეთესი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლიათ ვთქვათ, სუფრის ხარისხსა და ამავე სუფრაზე მხიარულებას ნამდვილად განსაზღვრავს ღვინო თითოეული იმ კითხვაზე პასუხით, რომელიც დაისვა. ამბობენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღვინოები ამავე მხარეების მოსახლეობას ჰგავს ხასიათითა და თვისებებითო. გადავწყვიტეთ, დღეს დასავლეთის ერთ–ერთი ყველაზე ხალისიანი კუთხის, იმერეთის ასევე ხალისიანი ღვინოები გაგაცნოთ.
ღვინოების წარსადგენად კი „მეღვინეობა ხარებას“ მივმართეთ. ზოგადად, „მეღვინეობა ხარებას“ ერთ-ერთი უმთავრესი სიძლიერე მისი ღვინის ხარისხსა და მრავალფეროვნებაშია. კომპანიაში სიამაყით ამბობენ, რომ ღვინის თითოეულ წვეთში მთელი სული და გულია ჩადებული, რასაც უდიდესი შრომა ახლავს თან, რათა ღვინომ, დაგემოვნებისთანავე სიამოვნება და აღტაცება მოჰგვაროს ადამიანს. სწორედ ამიტომ, დღეს ხარებას იმ გამორჩეულ ღვინოებს გაგაცნობთ იმერეთიდან, რომელიც ნებისმიერი სუფრის ნამდვილი გვირგვინია და ღვინის მრავალი ღირსეული დამფასებლის რჩეული სასმელია.
მისი უდიდებულესობა „ოცხანური საფერე“
განსაკუთრებულ და ამავე დროს დელიკატურ ღვინოს თუ ეძებთ, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მოგგვრით თავისი გემოვნური თვისებებით, თავს შეგაყვარებთ და დაგარწმუნებთ ქართული ვაზის მრავალფეროვნებასა და სიდიადეში, სიამაყით აგავსებთ საქართველოში წარმოებული ღვინის უმაღლესი ხარისხით, მაშინ გირჩევთ გაიცნოთ მისი უდიდებულესობა „ოცხანურ საფერე“.
გადმოცემის თანახმად, ოცხანური საფერე ერთ-ერთი ძირძველი ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია, რომელიც წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების კოლხეთის კერიდან. იგი საგვიანო და მცირე მოსავლიანობით ხასიათდება და დღეისათვის გვხვდება შუა და ზემო იმერეთში.
„ოცხანურ საფერეს“ ძირითადად იყენებენ სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად. იგი იმერულ წითელ ჯიშებს შორის მკაფიოდ გამოირჩევა ღვინის მაღალი ღირსებით, ღვინის ინტენსიური შეფერვით, ჰარმონიული, სასიამოვნო გემოვნური თვისებებით.
ის შეტანილია ძვირფასი საწარმოო ჯიშების ასორტიმენტში და მისგან დაყენებული ღვინო ერთ-ერთ გამორჩეულ, დელიკატურ და მაღალი რანგის სასმისად ითვლება.
„მეღვინეობა ხარებას“ ქვევრის ოცხანური საფერე ერთ-ერთი გამორჩეული მშრალი წითელი ღვინოა, რომელიც შედარებით მცირე რაოდენობით იწარმოება, რადგან მის დასაყენებლად ყურძნის თითოეული მტევნიდან საუკეთესო მარცვლების ხელით შერჩევა ხდება. მისი მტევნის სიმკვრივისა და მარცვლების ზომის სიმცირის გამო, ხშირად მტევნის შიდა მარცვლები, რომელთაც მზე ნაკლებად ხვდება, შედარებით ნაკლებ შაქრიანობას იღებს და სწორედ ამიტომ, ღვინო რომ განსაკუთრებული და უმაღლესი ხარისხის გამოვიდეს, ხარება სრულად სელექციური მეთოდით ამზადებს ოცხანური საფერესთვის საღვინე ყურძენს. სწორედ ხელით ხდება საუკეთესო ყურძნის მარცვლების გამორჩევა ნაკლებად დამწიფებული მარცვლებისაგან. სწორედ ამიტომაც, ოცხანური საფერე ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი, პატივსაცემი და ამავე დროს იშვიათი ღვინოა, რომელიც ამავე დროს ლიმიტირებული რაოდენობითაა წარმოდგენილი.
„ოცხანური საფერეს“ დაგემოვნება რეკომენდებულია 12 გრადუს ტემპერატურაზე, ცხარე კერძებთან, კარგად შეზავებულ ხორცთან და ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად.
იმერეთის კიდევ ერთი დიდებული წარმომადგენელი - „კრახუნა“
კრახუნა ტკბილი, უგემრიელესი ყურძენია, რომლის გავრცელების არეალია შუა იმერეთი, ზესტაფონის და ბაღდათის რაიონები.
კრახუნას ყურძნისგან მიიღება მოყვითალო-ჩალისფერი ღვინო, ყურძენი ხასიათდება მტევნის სისრულით, ქარვისფერი შეფერილობით, გამორჩეულად სასიამოვნო გემოვნური თვისებით და არომატით. კრახუნას ღვინის დაყენებისას ხშირად მიმართავენ მის ტრადიციულ, იმერული წესით დაყენების მეთოდს. იმერული, ანუ როგორც მას მეორენაირად უწოდებენ ევროპული წესით ღვინის დაყენება ჭაჭის გარეშე ხდება, როდესაც კლერტს აცლიან ყურძნის მარცვლებს, დურდო იჭყლიტება, გადადის კასრებში და იქ ხდება დუღილი. უჭაჭოდ რომ დუღს ღვინო, სწორედ ეს არის ტრადიციული იმერული, მეორენაირად კი ევროპული წესით ღვინის დაყენება. შესაბამისად, სწორედ იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო მუქად არის შეფერილი, მოქარვისფრო-ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით, ღვინის სინაზითა და ჰაეროვნებით, თუმცა იმერული ღვინისთვის დამახასიათებელი ენერგიით და გემოს სინატიფით.
შენახვისას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება, იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს, ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს, არომატს, ხოლო გემო კიდევ უფრო დახვეწილი, ნაზი და ჰარმონიული ხდება.
ძველად კრახუნა ფართოდ გავრცელებული ჯიში იყო საქართველოში, თუმცა შემდეგ საგრძნობლად შემცირდა, დღეს კი იგი თავიდან იწყებს აღორძინებას, ახალ სიცოცხლეს და მის გაცოცხლებასა და წარმოებაში დანერგვაში სწორედ „მეღვინეობა ხარებას“ სანერგე მეურნეობას მიუძღვის უდიდესი წვლილი.
ვაზი და ღვინო საქართველოს თვითმყოფადობის, გენეტიკისა და სულიერების ერთ-ერთი უდიდესი საყრდენია, რომელსაც დიდი რუდუნება, ზრუნვა, თავდადება, მთელი გულით მსახურება სჭირდება... – აღნიშნავენ „მეღვინეობა ხარებაში“ და გირჩევენ, გაიცნოთ და დააგემოვნოთ „ოცხანური საფერე“ და „კრახუნა“, რომელიც თავს ნამდვილად შეგაყვარებთ.