„ხარება ბრუტი“ – ცქრიალა ღვინის ისტორია პორვინცია შამპანიდან ციცქას ვენახებამდე და რჩევები, რასთან მივირთვათ ის - Gemrielia.ge

„ხარება ბრუტი“ – ცქრიალა ღვინის ისტორია პორვინცია შამპანიდან ციცქას ვენახებამდე და რჩევები, რასთან მივირთვათ ის

 
„ბენედიქტის მონასტრის ოტვილიერის სააბატოს ისტორიის მანძილზე, რომელიც საფრანგეთის პროვინცია შამპანში მდებარეობს, მხოლოდ ერთხელ არ აღსრულდა ცისკრის ლოცვა. ეს მოხდა ადრეული შემოდგომის დილას, 1668 წელს, როცა მონასტრის მევენახე პიერ პერინიონმა აბატს გასასინჯად მის მიერ მომზადებული სასმელი მიართვა. მღვდელმა ერთი ჭიქა სასმელი დალია, მეორეც, მესამეც... იმ დღეს იგი თავისი სულიერი ძმების წინაშე არ წარმდგარა“, მაგრამ განგების ნებაც ალბათ ეს იყო, რომ ის დღე ცქრიალა ღვინის დაბადებისთვის მიეძღვნა...


ასე დაიწყო ლეგენდარული ცქრიალა ღვინის ისტორია... წლების მანძილზე მისი პოპულარობა არამხოლოდ შამპანის რეგიონის, არამედ საფრანგეთისა და ზოგადად ევროპის კონტინენტის საზღვრებსაც გასცდა. საუკუნეების განმავლობაში მის მიმართ დამოკიდებულებებიც ხშირად იცვლებოდა - მას ხან მხოლოდ სადღესასწაულო, ხანაც ქალბატონებისთვის შექმნილ მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნევდნენ. დღეს კი, ის არა მხოლოდ დღესასწაულებისთვის შექმნილი სასმისია, არამედ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილიც. ამის დასტური კი, მის მიმართ, წლების განმავლობაში გაზრდილი მოთხოვნა და ინტერესია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან ერთად ცქრიალა ღვინოს დღეს ერთი განსაკუთრებული უპირატესობაც გააჩნია, იგი თანაბრად პოპულარული და სასურველია, როგორც ქალბატონთა წრეში, ასევე მამაკაცებში.


დღესისათვის საქართველოში ცქრიალა ღვინოს არაერთი მწარმოებელი ჰყავს, თუმცა მათ შორისაც არიან განსაკუთრებულები. ასეთია „მეღვინეობა ხარებას“ ცქრიალა ღვინო „ხარება ბრუტი“, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი და უმაღლესი რანგის წარმომადგენელია საქართველოში წარმოებულ ცქრიალა ღვინოთა შორის. მის ხარისხსა და შექმნის ტექნოლოგიაში ცქრიალა ღვინის დაყენების კლასიკური და ისტორიული ტექნოლოგია ზედმიწევნით არის დაცული. ასე რომ, თუკი ნამდვილი ცქრიალა ღვინის გემოს, ხარისხის, ხასიათისა და თვისებების გაცნობა და დაგემოვნება გსურთ, გირჩევთ პირველ რიგში სწორედ „მეღვინეობა ხარებას“ ცქრიალა ღვინო დააგემოვნოთ... 


ალბათ შეგინიშნავთ და მართლაც ასეა, რომ იმერული ყურძნის ჯიშებისგან დაყენებულ სასმელებს, განსაკუთრებით თუ იგი იმერული წესით არის დაყენებული (მეორენაირად ევროპულ წესს რომ უწოდებენ), გასაოცარი სიმსუბუქე, დაგემოვნებისას ოდნავი შუშხუნის შეგრძნება, იმერეთისათვის დამახასიათებელი ხალისი დასდევს თან, ამავე დროს კი გამოირჩევიან განსაკუთრებული არომატულობით, მკვეთრი და სასიამოვნო გემოვნური თვისებებით და ბუკეტით. სწორედ ამ თვისებების გამო, „მეღვინეობა ხარებას“ ცქრიალა ღვინოც იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი წარჩინებული ვაზის ჯიშისგან, ციცქასგან მზადდება, რომელსაც ახასიათებს საოცარი გემოს სიმსუბუქე და ჰარმონიულობა, მრავალფეროვანი დელიკატური არომატების ბუკეტი, რაც მთავარია, ცქრიალა ღვინისთვის დამახასიათებელი და აუცილებელი ენერგიულობა და მოტკბო დასასრული დაგემოვნების შემდეგ.

 


 
ბრუტისთვის განსაკუთრებულად გადარჩეული ციცქას ყურძნის მარცვლები იწურება და მისგან მიღებული ბადაგი იწყებს დადუღებას. ჯერ კიდევ დუღილის პროცესის დასრულდებამდე სითხე გადადის ბოთლებში, ილუქება და მათში გრძელდება შემდგომი დუღილი. სწორედ ეს პროცესია ბოთლებში ცქრიალა ღვინის მეორეული ფერმენტაცია კარბონაციის ეფექტის მისაღებად. ამ პროცესის შემდეგ ხდება მიღებული სასმელის ცივი მეთოდით დაწმენდა. ეს კი უკვე მსოფლიოში ცნობილი მადამ კლიკოს, ანუ „კლიკოს ქვრივის“ ორ საუკუნოვანი რემუაჟის მეთოდია, როდესაც ბოთლებს თავდაყირა დგამენ, რათა ნარჩენები თავსახურთან დაგროვდეს. შემდეგ სასმელს ყინავენ და თავსახურს ხდიან, მასთან ერთად სითხე ნარჩენებისგანაც აბსოლიტურად თავისუფლდება, რაც ქმნის მშრალ, დაბალალკოჰოლურ ღვინოებში აუცილებელ და საჭირო მჟავიანობას, ამავე დროს კი ანიჭებს სასმელს მეტად სასიამოვნო არომატს და დელიკატურ გემოვნურ თვისებებს. რემუაჟის მეთოდის დასრულებისას კი ხდება ცქრიალა ღვინის საბოლოო შეფუთვა. სწორედ ამ მეთოდით მიღებული სასმელია ნამდვილი კლასიკური მშრალი ცქრიალა ღვინო. აღნიშნული ტექნოლოგიაც დღეისათვის სრულად და ზედმიწევნით არის დაცული „მეღვინეობა ხარებას“ ცქრიალა ღვინის საწარმოო პროცესში.


ცქრიალა ღვინო მეტად დელიკატური სასმელია, ამიტომ საკვებთან შეხამებისას გარკვეული რეკომენდაციებისა და წესების დაცვა აუცილებელია. მშრალი ცქრიალა ღვინო „ხარება ბრუტი“ ძალიან უხდება მარილიან საკვებს, ზღვის პროდუქტებს, თითქმის ყველა სახეობის ყველს, შემწვარ ხორცსა და სტეიკს. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საკუთარ გემოვნურ თვისებებსა და ინტუიციასაც მიენდოთ, რადგან ცქრიალა ღვინის ხასიათი მის სიმსუბუქეში, არომატის მრავალფეროვნებაში, ოდნავ მოტკბო და შუშხუნა თვისებებში გამოიხატება, რაც უამრავ კულინარიულ ფანტაზიას აღძრავს გურმანთა შორის. ასე რომ თუ ჯერ კიდევ ეძებთ ცქრიალა ღვინოთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულს და საუკეთესოს, გირჩევთ გაიცნოთ და დააგემოვნოთ „მეღვინეობა ხარებას“ ცქრიალა ღვინო „ხარება ბრუტი“.