"ანნა კუჭავა: "მასტერშეფში" გამარჯვება მონდომებისა და შრომის ხარჯზეა შესაძლებელი"– გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს - Gemrielia.ge

"ანნა კუჭავა: "მასტერშეფში" გამარჯვება მონდომებისა და შრომის ხარჯზეა შესაძლებელი"– გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს

მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლა გრძელდება! კონკურსანტები ყოველ ჯერზე ახერხებენ მაყურებლის გაოცებას. ამჯერად გასული გადაცემის ერთ-ერთ ლიდერს, ანნა კუჭავას გაგაცნობთ.

 

ანნა პროფესიით კომუნიკაციების სპეციალისტი და ქოფირაითერია. კულინარიის მიმართულებით პროფესიული გამოცდილება არ აქვს, თუმცა ეს ხელს არ უშლის დახვეწილი ტექნიკითა და საინტერესო კერძებით ჟიურის შექება დაიმსახუროს. როგორც ამბობს, მისი ძლიერი მხარე სერვირება და გემოების სწორი ბალანსია.

 

- კულინარიით როდის დაინტერესდით?

 

- კულინარიამ ბავშვობიდან გამიტაცა. დედა შესანიშნავად ამზადებს და ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს. მე და მას პატარა ორანჟერეა და ფერმა გვაქვს, სადაც ჩვენი ხელით მოგვყავს ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური ხილი და ბოსტნეული. ესეც ჩემი ერთგვარი გატაცებაა, რომ იმ ახალი, სეზონური პროდუქტების გამოყენებით შევქმნა რაღაც ახალი და საინტერესო კერძი. ვფიქრობ, კულინარიაში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიო და პატივი სცე იმ პროდუქტებს, რომლებსაც იყენებ.

 

დამოუკიდებელი მოზარდი ვიყავი, ხშირად ვამზადებდი კერძებს და დავრწმუნდი, რომ პროცესიც და დაგემოვნებაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მინდოდა ისეთი პროექტი გამოჩენილიყო, სადაც ჩემს შესაძლებლობებს გამოვცდიდი.

 

 

- და მასტერშეფიც გამოჩნდა. აქამდე რატომ იკავებდით თავს მონაწილეობის მიღებისგან?
 

 

- ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს წინა ორ სეზონს. მეგობრები სულ მთხოვდნენ მონაწილეობის მიღებას, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო თავს ვიკავებდი. გარდა ამისა, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ვიყავი. მინდოდა მენახა, როგორ ჩამოყალიბდებოდა მასტერშეფი ქართულ სატელევიზიო სივრცეში და შემდეგ უკვე, როდესაც გავიგე, რომ მესამე სეზონი იქნებოდა, კურიოზული ამბავი მოხდა. გარდა იმისა, რომ მე ჩუმად, ყველასაგან მალულად გავაგზავნე აპლიკაცია, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მეგობარმა ჩემი სახელით შეავსო განაცხადი და გააგზავნა... ასე რომ, უკვე გარდაუვალი იყო ჩემი მასტერშეფში მონაწილეობა.

 

- როგორ შეაფასებდით პროექტის მესამე სეზონს?
 

 

- მხოლოდ შიდა სამზარეულოში არა, მაყურებლის გამოხმაურებებშიც იგრძნობა, თუ რამდენად გაუმჯობესებულია ხარისხი. ძალიან ცოტა შემთხვევა მახსოვს, როდესაც კონკურსანტს ცუდი კერძი ჰქონდა. იმის გამო, რომ ძლიერი კონკურსანტები ვართ, ჟიური უფრო მომთხოვნია ჩვენ მიმართ.

 

 

- ჟიურის წევრებიდან რომლის აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
 

 

- რა თქმა უნდა, სამივესი. ძალიან მაინტერესებს ლუკას, როგორც ტექნიკოსის, შენიშვნები და ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო. ძალიან მომწონს კონსტანტინეს შეფასებები, რადგან ვფიქრობ, რომ კერძის სწორად შესაფასებლად მის ყველა კომპონენტს უნდა მიექცეს ყურადღება, კონსტანტინე კი სწორედ ასე იქცევა. რაც შეეხება ლევანს, ვფიქრობ, ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული შეფ-მზარეულია. ჩემთვის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული ქართული კულინარიის ტრანსფორმირება. მის კერძებს რომ ვუყურებ, ვხვდები, რამხელა პოტენციალი აქვს ქართულ გასტრონომიას.

 

- რა გეხმარებათ ყველაზე მეტად, რომ სტაბილურად კარგი კერძები აჩვენოთ ჟიურის?
 

 

- რაც უფრო ცოტანი ვრჩებით, კონკურენცია იზრდება და მით მეტად მიჩნდება იმის განცდა, რომ ძალიან ახლოს ვარ გამარჯვებასთან. ვფიქრობ, მონდომებისა და დაუღალავი შრომის ხარჯზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს და მიზანს მივაღწიო.

 

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან ესთეტი და თანმიმდევრული ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ის, რაც მაინტერესებს, საფუძვლიანად შევისწავლო. რაც გასტრონომიით დავინტერესდი, სულ კულინარიულ შოუებს ვუყურებ, თვალს ვადევნებ ახალ ტენდენციებს, რომელთა დანერგვსასაც შემდეგ ჩემს პატარა სამზარეულოში ვცდილობ.

 

 

- რამდენიმე კონკურსანტი პროფესიონალი მზარეულია. რამდენად რთულია მათთან შეჯიბრი?

 

- ჩემთვის უზარმაზარი გამოწვევაა, რომ პროფესიონალ მზარეულებთან შეჯიბრი მიწევს. მინდა საზოგადოებას დავანახო, რომ არაპროფესიონალსაც კი, თუკი მას შინაგანი კულტურა, გემოვნება და ესთეტიკის შეგრძნება აქვს, შეუძლია კულინარია წარმოაჩინოს, როგორც ხელოვნება და ამისათვის არ არის საჭირო 30-წლიანი გამოცდილება გქონდეს. ყოველ ჯერზე ჩემი კერძით ამის დამტკიცება უდიდესი გამოწვევაა ჩემთვის.