„მადლობას მიხდიან, რომ ბარის კულტურა ჩამოვიტანე საქართველოში“ - რატომ დაბრუნდა მოსკოვიდან 28 წლის თემო ქაქუჩაია და რა გეგმები აქვს „მასტერშეფში“
„მადლობას მიხდიან, რომ ბარის კულტურა ჩამოვიტანე საქართველოში“ - რატომ დაბრუნდა მოსკოვიდან 28 წლის თემო ქაქუჩაია და რა გეგმები აქვს „მასტერშეფში“

„მასტერშეფის“ მესამე სეზონში დაძაბულობა იმატებს. როგორც ანონსიდან შევიტყვეთ, კვირას პროექტს ერთის ნაცვლად ორი კონკურსანტი გამოეთიშება, შესაბამისად, მაყურებელს ნამდვილად დაძაბული და ემოციური გადაცემა ელოდება.

 

მანამდე კი მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე თემო ქაქუჩაია გავიცნოთ. თემოს მშობლები აფხაზეთიდან არიან. როგორც დევნილები, 1993 წლის შემდეგ მოსკოვში მოხვდნენ და მას შემდგე იქ ცხოვრობენ. 28 წლის ბარმენი საქართველოში 3 წლის წინ დიდი გეგმებით დაბრუნდა და პარტნიორებთან ერთად კოქტეილ-ბარი გახსნა. 

 

- საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?
 

 

- ბარის სფეროს განვითარება მინდოდა, რადგან კოქტეილების კულტურაც, ბარმენების დონეც საკმაოდ დაბალი იყო. თბილისში ერთ-ერთი პირველი პროფესიონალური კოქტეილ-ბარი მე გავხსენი.

 

პატარა მიზნებს ვისახავ, რომლებსაც შემდეგ დიდ მიზნამდე მივყავარ. ჩემს ბარში მოსული უამრავი სტუმარი დიდ მადლობას მიხდის, მეუბნებიან: შენ ბარის კულტურა ჩამოიტანე საქართველოშიო. ვფიქრობ, საბოლოო მიზანს მაშინ მივაღწევ, როცა ეს კულტურა სამუდამოდ დამკვიდრება.

 

 

- ბარმენის პროფესია რატომ აირჩიეთ?
 

 

- 17 წლის ვიყავი, როცა შემთხვევით ერთ-ერთ კაფეში მოვხვდი. დავინახე, როგორ მეგობრობდნენ ერთმანეთთან ბარმენები და მიმტანები, ოჯახური ატმოსფერო იყო. ისე მომეწონა და მიმიზიდა ამან, რომ იმ დღესვე დავწერე განცხადება სამსახურის დაწყების შესახებ. ის ბარი იყო ჩემი პირველი სამუშაო ადგილიც და პირველი „სასწავლებელიც“, რადგან ყველაფერი, რაც ვიცი, იქაური ბარმენეჯერისგან ვისწავლე. საინტერესო საქმეს ვაკეთებდი, არ მშიოდა, არ მწყუროდა და კმაყოფილი ვიყავი. შემდეგ პროფესიულად განვვითარდი და დავწინაურდი კიდეც.

 

- კულინარიით როდის დაინტერესდით?
 

 

- ბავშვობაში ბებიაჩემს ვეხმარებოდი საახალწლო კერძების მომზადებაში. მომწონდა რაღაცის ჩემი ხელით შექმნა; მსიამოვნებდა, როცა გემრიელი გამოდიოდა და სხვებსაც მოსწონდათ. მოყვარული მზარეული ვარ, ტექნიკების სწავლას არ ვცდილობდი, რეცეპტს ვნახულობდი და შემდეგ ვაკეთებდი. რაც „მასტერშეფში“ ვიღებ მონაწილეობას, ბევრი რამ ვისწავლე და განვავითარე.

 

 

- ბებიას ხომ არ ეწყინა, თქვენი ყოფილი მეუღლის ბებიის კერძი რომ მოამზადეთ ერთ-ერთ ტურში?
 

 

- არა, პირიქით - რომ ვუთხარი, ორივემ ბევრი ვიცინეთ. კომენტარებში წავიკითხე, ამით ცოლის დაბრუნებას ცდილობსო, მაგრამ არანაირი მსგავსი აზრი ამაში არ იყო. რეალურად, ეს სტრატეგიული გათვლა იყო. მინდოდა, ჩემი კერძი განსხვავებული ყოფილიყო და ინტერესი დაემსახურებინა. ისტორია, რაც მოვყევი, ნამდვილია. ჩემი ყოფილი მეუღლის დიდი ბებია ოდესელი ებრაელი იყო, ოდესაში კი ფორშმაკი ძალიან პოპულარული კერძია.

 

- „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება თქვენი იდეა იყო, თუ ოჯახმა გირჩიათ?
 

 

- ჩემი იდეა იყო. ჩემი მეგობარი დიმუ მენაბდე იღებდა მონაწილეობას გასულ სეზონში და გადავწყვიტე, მეც მეცადა. როგორც გითხარით, მოკლევადიან მიზნებს ვისახავ ხოლმე. ერთი მიზანი მასტერშეფში მოხვედრა იყო, რასაც მივაღწიე. შემდეგი, უფრო დიდი მიზანი ისაა, რომ ქართველმა მაყურებელმა მეტი გაიგოს ბარმენის პროფესიაზე (რომელიც რამდენიმე ასეულ წელს ითვლის) და დარწმუნდეს, რომ ისეთივე დასაფასებელი პროფესიაა, როგორც კულინარია.

 

 

- კონკურსანტები დამეგობრდით, თუ კონკურენციის შეგრძნება უფრო მაღალია?
 

 

- ვმეგობრობთ, მაგრამ ვხვდებით, რომ გადასაღებ მოედანზე ერთმანეთის კონკურენტები უნდა ვიყოთ. მეორე მხრივ, ჩვენ გუნდი ვართ, რომლის საერთო მიზანიც კარგი კერძების შექმნაა. ყოველთვის ვცდილობ, რამით დავეხმარო სხვა კონკურსანტებს და ეს ძალიან მსიამოვნებს. 

 

- თქვენი გუნდური მუშაობის უნარი ძალიან კარგად გამოჩნდა გუნდური შეჯიბრის ტურში.
 

 

- ეს ჩემი გამოცდილების დამსახურებაა, წლების განმავლობაში ბარმენეჯერად ვმუშაობდი. კარგმა მენეჯერმა მოვალეობები სწორად უნდა გადაანაწილოს და გუნდის წევრებს მიმართულება მისცეს, რათა მათ სხვისი დახმარება აღარ დასჭირდეთ და დამოუკიდებლად გაართვან თავი დავალებას. რაც მთავარია, გუნდის წევრს არასოდეს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა, დამსახურებისთვის უნდა შეაქო და მოტივაცია მისცე.

 

 

- ძალიან თავდაჯერებული ხართ და თითქოს, გიმარტივდებათ პროექტის გამოწვევების დაძლევა. მთავარი სირთულე რა არის?
 

 

- ძალიან რთული და სტრესულია, მაგრამ მე მიჩვეული ვარ. როცა საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში 300 კოქტეილი გაქვს მოსამზადებელი, „მასტერშეფის“ სტრესი აღარ გაშინებს. მთავარი სირთულე ისაა, რომ საკუთარ თავს აჯობო - გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარ. 

მასალის გამოყენების პირობები
26 ივნისი, 2020 12:36 p.m.
ნანახია: 469