სერგო ოვჩარენკო: „ჩემი თაობა ქმნის ქართული გასტროკულტურის მომავალს!“ - რა გზა უნდა გაიაროს მზარეულმა, სანამ აღიარებას მოიპოვებს
სერგო ოვჩარენკო: „ჩემი თაობა ქმნის ქართული გასტროკულტურის მომავალს!“ - რა გზა უნდა გაიაროს მზარეულმა, სანამ აღიარებას მოიპოვებს

„მზარეულობა ყოველდღიურ სწავლას ნიშნავს“ - ამბობს „მასტერშეფის“ მესამე სეზონის მონაწილე სერგო ოვჩარენკო. სერგოს კერძები ჟიურის მოწონებას ხშირად იმსახურებს და საუკეთესოებს შორის ხშირად სახელდება. როგორც ამბობს, ცდილობს, ნერვიულობა არ შეიმჩნიოს, თუმცა დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს თავისი თავის, ჟიურისა და მთლიანად ქართული გასტრონომიის წინაშე.

 

როგორ უნდა განვითარდეს ქართული გასტროკულტურა და რა გზა უნდა გაიაროს მზარეულმა, სანამ აღიარებას მოიპოვებს, წაიკითხეთ ინტერვიუში. 

 

 

- კულინარიით როდის დაინტერესდით?

 

 

- კულინარია ბავშვობიდან მიზიდავდა. მეგობრები რომ ვიკრიბებოდით, რატომღაც საჭმელს ყოველთვის მე ვაკეთებდი და ძალიან მსიამოვნებდა. ალბათ, გენეტიკის ხელიც ურევია, დედა და ბებია ძალიან კარგად ამზადებდნენ. 20-22 წლის ასაკში პროფესიადაც კულინარია ავირჩიე და კოლეჯში ჩავაბარე - ეს უკვე კარგად გააზრებული გადაწყვეტილება იყო.

 

 

 

- ერთია მოგწონდეს და გსიამოვნდებს მზადება, მეორეა - პროფესიად აირჩიო. მით უმეტეს, რომ საკმაოდ რთული სფეროა. მაინც რატომ აირჩიეთ პროფესიად კულინარია?
 

 

 

- უმაღლესში ჩაბარების იდეა არ მხიბლავდა, სკოლის საგნები დიდად არც მიყვარდა და არც გამომდიოდა. კულინარია კი ის სფერო იყო, რომლის მიმართაც უდიდესი ინტერესი მქონდა და რაც მთავარია, ძალიან მონდომებული ვიყავი. ნამდვილად არ არის მარტივად ასარჩევ-სასწავლი სფერო, თუმცა სირთულე ყველა პროფესიას ახლავს. 

 

 

- რამდენად რთულია სამსახურის დაწყება სწავლის დასრულების შემდეგ?

 

 

- ვფიქრობ, ეს სტუდენტზეა დამოკიდებული. თუ მას გააზრებულად აქვს გადაწყვეტილება მიღებული და მონდომებულია, სამსახურს აუცილებლად იპოვის. ხოლო თუ ოჯახმა ძალით ჩააბარებინა, რომ უსაქმურად არ ყოფილიყო და კულინარია საერთოდ არ აინტერესებს, რა თქმა უნდა, მუშაობის დაწყებაც გაუჭირდება.

 

 

 

- რა სირთულეები შეგხვდათ მუშაობის დასაწყისში?
 

 

 

- ბევრს ჰგონია, რომ შეფ-მზარეულები სწრაფად და მარტივად ხდებიან, უცებ რაღაც კერძს მოიგონებენ და აღიარებაც მოვა, სინამდვილეში მძიმე შრომა გიწევს. მზარეული მუშაობას რომ იწყებს, მზარეულად კი არ აღიქვამს თავს, არამედ - მძიმე საქმის მუშად. ყოველდღე ერთი და იმავე შავი საქმის კეთება, საკმაოდ რთულია და ძალიან კარგი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ ხელი არ ჩაიქნიო. მეორე მხრივ, თუ გინდა, ნამდვილი მზარეული და შეფი გახდე, ამ გზის გავლა გარდაუვალია.

 

 

- სირთულეები არც „მასტერშეფის“ სამზარეულოში მოგაკლდებოდათ. გამართლდა თქვენი მოლოდინები პროექტთან დაკავშირებით?

 

 

- რეალურად, უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მეგონა, მივიდოდი, კერძს მოვამზადებდი და წამოვიდოდი. ახალ სამზარეულოსთან, ახალ გარემოსთან შეგუებაც საკმაოდ გამიჭირდა. შეიძლება მაყურებელს ჰგონია, რომ ძალიან მშვიდი ვარ, მაგრამ რეალურად ძალიან ვნერვიულობ. ვიბნევი, ამდენი კამერა რომ მეხვევა და შეკითხვებს მისვამენ. თუმცა აქაც ჩემი გამოცდილება მშველის და ვცდილობ, კერძზე მოვახდინო კონცენტრაცია.

 

 

 

- თქვენს მსგავსად, პროექტში რამდენიმე გამოცდილი მზარეულია, ზოგიერთს თქვენზე გაცილებით დიდი გამოცდილებაც კი აქვს. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ძლიერი მხარე დიდი კონკურენციის პირობებში?
 

 

- ყოველთვის ვცილობ, რომ ნოვატორული კერძები მოვამზადო. ძალიან ბევრს ვკითხულობ კულინარიის შესახებ, შემეცნებით გადაცემებს ვუყურებ. მთელი ეს ცოდნა ქვეცნობიერში ილექება და საჭირო დროს ახლებური კერძის შექმნაში მეხმარება. „მასტერშეფის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ხომ ეს არის - გასტროკულტურის შექმნა, რაც ბევრი შეფისთვის შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს და საბოლოოდ, ქართული გასტრონიმია განვითარდეს.

 

 

როგორც „მასტერშეფის“, ასევე საკუთარ სამზარეულოში, ვცდილობ ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ქართული კულინარიის განვითარებაში. გვაქვს ისეთი უნიკალური პროდუქტები, რომლითაც უამრავი გემრიელი კერძის შექმნა შეიძლება. საჭიროა ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ და ჩარჩოებიდან გამოვიდეთ.

 

 

 

- რას გულისხმობთ ჩარჩოებში?
 

 

- თუნდაც იმას, რომ საზოგადოებას სიახლის მიღება უჭირს, ძველი კეძის ახლებურ ვარიაცასაც ეჭვის თვალით უყურებს ხოლმე. ჩემი აზრით, ქართულ სამზარეულოზე ძალიან დიდი ლაქა დატოვა საბჭოთა სამზარეულომ. არ ვამბობ, რომ ყველა საბჭოთა კერძი ცუდია, მაგრამ მომზადების ტექნიკა უნდა შევცვალოთ ხოლმე. ერთი და იმავე ინგრედიენტებით და სხვადასხვა ტექნიკით უამრავი ვარიაციის კერძის შექმნა შეიძლება.

 

 

ამ მხრივაც „მასტერშეფი“ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს - მოსახლეობის თვალს ახალ კერძებს აჩვევს და არწმუნებს, რომ ტრადიციული კერძის გვერდით ახალ კერძსაც აქვს არსებობის უფლება. ჩვენ, როგორც მზარეულებმა, ქართული გასტრონომიული კულტურა მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ. ახლა ჩვენი თაობა ქმნის ქართული გასტროკულტურის მომავალს!
 

სერგო ოვჩარენკოს მომზადებული კერძების რეცეპტები იხილეთ აქ.

მასალის გამოყენების პირობები
3 ივლისი, 2020 09:30 a.m.
ნანახია: 61