„ზღაპარში ვიყავი, ბავშვივით მიხაროდა გადაღებებზე მისვლა“ – „მასტერშეფის“ სამზარეულო ყველაზე პოზიტიურმა მონაწილემ დატოვა
ქვეყნის ყველაზე რეიტინგული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“ სამზარეულო კიდევ ერთმა მონაწილემ დატოვა. ნინიკო ღამბაშიძეს მაყურებელმა პროექტის ყველაზე პოზიტიური მონაწილე შეარქვა. გადაცემის დასასრულს ნინიკომ ცრემლები ვერ შეიკავა მაყურებელს ძალიან ემოციურად დაემშვიდობა.
როგორც ამბობს, „მასტერშეფი“ მისი ახდენილი ოცნებაა და ყველას მოუწოდებს, თავიანთ ოცნებებზე ხელი არასოდეს ჩაიქნიონ.
- როგორ შეაფასებდით „მასტერშეფში“ მონაწილეობის პერიოდს?
- უბედნიერესი დღეები იყო. კვირაში სამჯერ გვქონდა ჩაწერის დღე და ბავშვივით მიხაროდა გადაღებებზე მისვლა. იმდენად მიხაროდა, რომ ღამე ვერ ვისვენებდი და ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა.
მინდა, ჩემი გზავნილი ყველას მივაწვდინო: ბავშვობის ოცნების ახდენა არასდროს არ არის დაგვიანებული, მთავარია მონდომება, რწმენა და საქმის სიყვარული.
- რა სირთულეები ახლდა პროექტში მონაწილეობას?
- ძალიან სტრესულია „მასტერშეფში“ მონაწილეობა, დიდ გამძლეობას მოითხოვს. თუ შინაგანად ემოციური ხარ, თავი უნდა გააკონტროლო. რთულია, როცა კერძს ამზადებ და პარალელურად ინტერვიუს ჩაწერა გიწევს, შემდეგ ჟიურის წევრი მოდის შენთან და კერძზე კომენტარს აკეთებს... ამან შეიძლება ძალიან იმოქმედოს მზადების პროცესზე. რამდენადაც რთულია ეს ყველაფერი, იმდენად აზარტულიცაა და ეს აზარტის შეგრძნება სირთულეების დაძლევაში გეხმარება.
- პროექტში მონაწილეობის განმავლობაში ბევრი გულშემატკივარი შეიძინეთ. თუ ესაუბრებით ხოლმე მათ?
- მიხარია, რომ პროექტის განმავლობაში ჩემი ემოციები სწორად გადმოვეცი და ხალხმა ჩემი კეთილგანწყობა დაინახა. ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამიჩნდა, უთბილეს შეტყობინებებს ვიღებ სრულიან უცნობი ადამიანებისთვის. არასოდეს მეზარება პასუხის გაცემა და გუშინ მთელი ღამე გავათენე, რომ ყველასთვის მეპასუხა. მინდა საჯაროდაც დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანებს ამხელა სითბოსთვის. ფინალში გამარჯვებაზე მეტია ხალხის სიყვარული, რაც ამ პროექტმა მომცა.
- როგორია ჟიური ეკრანს მიღმა?
- სამივე ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ როგორც შოუში, ასევე კადრს მიღმაც. ურალოდ, კერძის გატანის დროს იმდენად ვნერვიულობდი, რომ ვკანკალებდი ხოლმე. ქართულ კერძებში ლევანი ერთ-ერთი საუკეთესოა, კონსტანტინე ძალიან დადებითი ადამიანია და მის რჩევებს ყოველთვის ვითვალისწინებდი. ლუკასი ცოტა მეშინოდა, რადგან ძალიან კრიტიკულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მის რჩევებსაც დიდი ყურადღებით ვისმენდი. არა მხოლოდ ვისმენდი, არამედ ყველა შენიშვნა, რჩევა ჩაწერილი მაქვს, რაც მომავალში ჩემი კერძების სრულყოფაში დამეხმარება.
- რა გეგმები გაქვთ კულინარიის მიმართულებით?
- პირველ რიგში, ბავშვებისთვის მასტერკლასების ჩატარება მინდა. ასევე, ძალიან მინდა ბავშვობის ოცნება ავიხდინო და პატარა კაფე მქონდეს, სადაც როგორც ტრადიციული, ასევე გათანამედროვებული კერძები, ღვინის ფართო არჩევანი იქნება. ასეთი ადგილისთვის ფინანსური მხარდაჭერა ნამდვილად დამჭირდება.
- თქვენს კაფეში „მასტერშეფის“ რომელ კონკურსანტს შესთავაზებდით სამსახურს?
- სიამოვნებით მივიწვევდი ზურას, ანნას, იანას; სასმელებში, რა თქმა უნდა, თემოს.