„მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან - Gemrielia.ge

„მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან

„მამამისმა ისევ გადარეკა“, „ნაყიდი აქვს მამამისს პროექტი“... - თუ „მასტერშეფის“ სოციალურ გვერდზე დაწერილ კომენტარებს კითხულობთ ხოლმე, უკვე მიხვდებოდით, ვისი მამა იგულისხმება.

 

 

ზურა ხოკერაშვილი მიყოლებით სამჯერ იდგა აუტსაიდერებში და ჟიური გადამწყვეტ წუთებში სწორედ მის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას. ზურა ყოველთვის ექსპერიმენტებს ატარებს და როგორც თავად აღნიშნავს, მუდმივად ბეწვის ხიდზე უწევს გასვლა, ამიტომ გული სწყდება, როცა მის მიღწევებს და თუნდაც, შოუში დარჩენას, მამამისის სახელს მიაწერენ. რეალურად, რას წარმოადგენს ზურას მამა და რა აკავშირების „მასტერშეფის“ ჟიურისთან - ამასთან დაკავშირებით ზურა ხოკერაშვილი თავად გვესაუბრა.

 

 

- მიყოლებით სამჯერ მოგიწიათ აუტსაიდერებში დგომა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
 

 

- არ მგონია, რომ აუტსაიდერებში დგომას ვიმსახურებდი. მე მოყვარული მზარეული ვარ. შეიძლება, რამდენი კერძიცაა, იმდენი ტექნიკური შეცდომა დავუშვა, მაგრამ გემოების დასმა, ექსპერიმენეტები, საინტერესო და ინოვაციური კერძების მომზადება ნამდვილად მეხერხება, სხვებისგან განსხვავებით. რატომღაც, გამოცდილ და პროფესიონალ მზარეულებს ყველაფერს პატიობენ და მე - არაფერს.

 

ამას გარდა, ბოლო ტურში ლუკას შექმნილ კერძს ეტყობოდა, რომ ჩემი სხვადასხვა კერძიდან იყო ინსპირირებული, მაგალითად, მესხურის ტურში მე მქონდა ხინკალი მესხური ცხვრის ყველით და ნადუღით, რომელსაც ჰქონდა თუთის შეჭამანდი; ლეღვის მურაბა  უხდება და თუთის  არა?! შაშკვლავის ზეთიც მე გამოვიყენე ხაჭაპურთან. რატომღაც, ჩემს ექსპერიმენტებს ხშირად იწუნებენ. როგორც ჩანს, ხალხსაც ეს უნდა, მოსწონთ, აუტსაიდერებში რომ მხედავენ.

 

 

- თითქოს, მაყურებელზე განაწყენებული ხართ. თქვენს შოუში დარჩენას მამათქვენს რომ მიაწერენ ხოლმე, ამის გამო?
 

 

- მამაჩემთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე უნდა გითხრათ. იმდენი უაზრო რამე მოვისმინე და წავიკითხე ბოლო კვირების განმავლობაში, რომ ჭორებს წერტილი უნდა დავუსვა. მამაჩემი არც ცნობილია, არც შეფების ძმაკაცი, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ამბობენ, თითქოს, მამაჩემი ფულს იხდის და ამის დამსახურებით გადავდივარ ტურიდან ტურში. არ ვარ ის ადამიანი, მსგავსი გარიგებები რომ იკადროს და არც „ჩაწყობებით“ გამარჯვება მჭირდება.

 

 

- ყოველი ტურის შემდეგ, როცა აუტსაიდერებში დგახართ და შემდეგ ჟიური თქვენ გტოვებთ, სოციალურ ქსელში კომენტარები ჩნდება: „ალბათ, მამამისმა გადარეკა“... როგორ ფიქრობთ, საიდან გაჩნდა ეს ვარაუდი მაყურებელში?

 

 

- ვფიქრობ, ცოტათი ჩემი ბრალიც არის, მაყურებელს მცდარი წარმოდგენა რომ შეექმნა ჩემს ოჯახთან დაკავშირებით. ხშირად ვახსენებდი მამაჩემს. მინდოდა, ხალხს ეფიქრა, რომ მართლა ცნობილი იყო, იქნებ, ვინმე დაინტერესებულიყო და საქართველოში მაინც ეპოვა სამსახური, მაგრამ ეს ჩემი სურვილი ცუდად შემომიბრუნდა. როგორც ჩანს, ხალხს გამოგონილი ისტორია უფრო აინტერესებს, ვიდრე რეალური.

 

 

- მამა რას ამბობს ამასთან დაკავშირებით?
 

 

- მამა უფრო თანამედროვეა, მეუბნება, რომ კომენტარებს ამხელა ყურადღებას არ უნდა ვაქცევდე. მასაც უხარია, ხალხს რომ ჰგონია, ცნობილი მამის შვილი ვარ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს, მის დამსახურებად რომ თვლიან ჩემს პროექტში ყოფნას.

 

 

მამაჩემი ძალიან ძლიერი მზარეულია და წესით, ნამდვილად უნდა იყოს ისეთი გავლენიანი, როგორიც ზოგიერთს წარმოუდგენია, თუმცა საქართველოში სხვა რაღაც უფრო ჭრის, ვიდრე პროფესიონალიზმი. ბევრჯერ სცადა საქართველოში მუშაობის დაწყება, თუმცა რიგი მიზეზების გამო, მაინც საზღვარგარეთ უწევდა მუშაობა, კორონავირუსის გამო დაბრუნდა. ახლა ვეუბნები, ჯერ არსად წახვიდე, იქნებ, მართლა პოპულარული და შეფების ძმაკაცი გახდე-მეთქი.

 

 

- რაც უნდა იყოს, ფაქტია, ჟიური პროექტში გტოვებთ. თქვენი აზრით, რატომ გაძლევენ ამდენ შანსს?
 

 

- სხვა კონკურსანტებისგან განსხვავებით, ჩემი კერძი ყველთვის დასამახსოვრებელია. ყოველ ჯერზე ბეწვის ხიდზე გავდივარ, რისკის გარეშე შექმნილი კერძი ჩემთვის უინტერესოა. თუმცა მაინც არ მგონია, რომ ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე აფასებენ. ასე რომ იყოს, აუტსაიდერებში არ ვიდგებოდი.

 

 

- ამის გამო შეიძლება ქედმაღალი გიწოდონ.
 

 

- არ გამიკვირდება, წერენ ხოლმე მაგას კომენტარებში. როცა ამ დონის პროექტში იღებ მონაწილეობას, ძალიან თავდაჯერებული უნდა იყო. ჟიურის შეუძლია რჩევები და შენიშვნები მომცეს, მაგრამ ჩემი კერძის დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემ. ეს ქედმაღლობა არ არის, თავდაჯერებულობაა.

 

 

- როგორც ჩანს, კომენტარებს ხშირად კითხულობთ. რას ეტყვით მაყურებელს, რომლიც რეალურად არ გიცნობთ და მხოლოდ შოუთი გაფასებთ?
 

 

- ვურჩევდი, ახსოვდეთ, რომ ისეთმა კომენტარებმა, რომლებიც ცენზურას სცდება, ზიზღით არის სავსე და ბულინგის ელემენტებს შეიცავს, შეიძლება მსხვერპლი გააბოროტოს, თუ სუსტი ფსიქიკის მქონე პიროვნებაა. მეც კი, რამდენჯერმე მიფიქრია, ქუჩაში ვინმე ცუდად რომ გამხუმრებოდა, რას ვუზამდი, მაგრამ მალევე გამცინებია ამ ფიქრებზე და მითქვამს: ზურა, ამ პროექტმა სულ გაგაგიჟა-მეთქი.