რომელი იოგურტია ყველაზე სასარგებლო?
იოგურტი არის ცოცხალი პროდუქტი, რომელიც მზადდება რძისგან, აქვს ცილის, კალციუმის და ვიტამინების ძალიან მაღალი შემცველობა. ის ძალიან სასარგებლოა არა მხოლოდ ძვლებისა და კბილებისთვის, არამედ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორისთვისაც.
როგორც წესი, ნატურალურ იოგურტს უნდა ჰქონდეს წარწერა "ცოცხალი", ხოლო მის ინგრედიენტებში უნდა იყოს დასახელებული იოგურტისთვის აუცილებელი ბაქტერიები. ჩვენს ბაზარზე არსებული იოგურტების საკმაოდ დიდი წილი იმპორტულია, რომელთა უმეტესობა თერმულად არის დამუშავებული (პასტერიზებული), ანუ არ შეიცავს ცოცხალ რძემჟავა ბაქტერიებს. შესაბამისად, ასეთი იოგურტები მხოლოდ გემრიელი დესერტია და ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას არ ახდენს. ბუნებრივია, როცა იოგურტის შენახვა თვეობითაა შესაძლებელი, მასში არანაირი ცოცხალი ბაქტერია არ იქნება.
და მაინც, ასეთი არჩევანის პირობებშიც, იმედი არ უნდა გადავიწუროთ და მეტ-ნაკლებად სასარგებლო პროდუქტი შევარჩიოთ. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ნატურალურ იოგურტს დანამატების გარეშე, რადგან ის არ შეიცავს საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამტკიცებს, ნატურალურის იდენტური არომატიზატორების მოხმარება უსაფრთხოა, მათ არც დიდი სარგებელი არ მოაქვთ. თუმცა ნატურალური ხილის დამატება ასეთ პროდუქტში ნამდვილად სასარგებლოცაა და გემრიელიც.
რძემჟავის მაღალი კონცენტრაციის გამო, 8 თვემდე ბავშვებისთვის მისი მიცემა რეკომენდებული არ არის.
და ბოლოს, მოკლე პასუხი შეკითხვაზე, რომელია ყველაზე სასარგებლო იოგურტი, ასეთია: ახალი, ნატურალური და ცოცხალი ბაქტერიებით.