„ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი „მასტერშეფის“ მესამე სეზონს და რა ელოდება მაყურებელს
„ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი „მასტერშეფის“ მესამე სეზონს და რა ელოდება მაყურებელს

„მასტერშეფის“ მესამე სეზონი კულმინაციურ ეტაპს უახლოვდება. პროექტში მხოლოდ 6 მონაწილე დარჩა და 22:00 საათზე გავიგებთ, ვინ მოხვდება საუკეთესო ხუთეულში. 

 

სანამ გავიგებთ, ვინ გააგრძელებს ბრძოლას მასტერშეფის ტიტულისთვის, შეფ ლევან კობიაშვილს „მასტერშეფის“ მესამე სეზონის შეფასება ვთხოვეთ. ამართლებენ თუ არა კონკურსანტები ჟიურის მოლოდინებს და რა ელოდება მაყურებელს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

 

- რით არის გამორჩეული მესამე სეზონი?
 

- პირველ და მეორე სეზონებთან შედარებით წელს გაცილებით მაღალია დონე, უფრო ძლიერი, კრეატიული და შრომისუნარიანი კონკურსანტები არიან. უკვე ამდენი ეტაპი გავიარეთ და გამოკვეთილი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჩანს, ეს მონაწილეების კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, წელს მაყურებელს ძალიან კარგი ფინალი ელოდება, ისეთი, როგორიც ჯერ არ ყოფილა!

 

 

- წელს 12-ეულში შეირჩა 2 კონკურსანტი, რომლებიც თავიანთი ქვეყნის კერძებს წარმოადგენენ ხოლმე - იანა და რამილია. რას აძლევს ეს პროექტს?

 

- მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ცხოვრობენ ეთნიკური სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელებიც. ბევრი, იანას მსგავსად, აქ გათხოვდა და საქართველოს მოქალაქე გახდა. ეს მრავალფეროვნება ჩვენს შოუშიც რომ აისახა, რა თქმა უნდა, კარგია და საქართველოში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, რომ მოვიდნენ „მასტერშეფში“.

 

- პროექტში არიან როგორც  გამოცდილი, ასევე გამოუცდელი, მოყვარული მზარეულები. წელს ისე ჩანს, რომ გამოუცდელებიც კი ტოლს არ უდებენ გამოცდილ მზარეულებს.
 

- შედარებით გამოცდილი მზარეული კრეატივით, ტექნიკით შეიძლება ჯობდეს გამოუცდელ მზარეულს, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა, რომ მოყვარულს ბევრად უფრო კარგი კერძი მოეტანა ჩვენთან და გამოცდილი მზარეული სახლში გაეშვა. წელსაც ასეა, რა თქმა უნდა.

 

 

- რამდენად ამართლებენ კონკურსანტები თქვენს მოლოდინებს?
 

- ვიღაც ამართლებს, ვიღაც - არა. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს, ხანდახან პირიქით ხდება - ბევრს არ ელოდები, მაგრამ უცებ ისეთ რამეს გააკეთებს, რომ სასიამოვნოდ გაოცებული რჩები. წელს ორივე შემთხვევა გამოვცადეთ და მაყურებელი ამას აუცილებლად შენიშნავს.

 

ვინც სხვებთან შედარებით სუსტი აღმოჩნდა, ვერ შეძლო პროექტის ეტაპების გადალახვა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რამაც კერძზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს: ნერვიულობა, სტრესი, დროის ფაქტორი და ა.შ.

 

 

- კონკურსანტები აღნიშნავენ, რომ კერძის მზადების დროს შეფების მათთან მისვლაც კი ძალიან ანერვიულებთ.

 

- ჩვენც ხომ მაგისთვის ვართ - უნდა შევუქმნათ ის წნეხი, რაც სამზარეულოში მუშაობას თან ახლავს. კარგ მზარეულს სტრესის მართვა უნდა შეეძლოს. მით უმეტეს, ყოველ სეზონში უფრო და უფრო ძლიერი ნაკადი მოდის, შესაბამისად, დავალებებიც რთულდება. 
 

მასალის გამოყენების პირობები
10 ივლისი, 2020 12:34 p.m.
ნანახია: 41