„პროექტის დატოვების დრო იყო. მიხარია, რომ ღირსეულად წამოვედი“ - „მასტერშეფის“ სამზარეულო ზურა ხოკერაშვილმა დატოვა
„მასტერშეფის“ მესამე სეზონის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია. გასულ გადაცემაში მასტერშეფის ტიტულისთვის ბრძოლას ზურა ხოკერაშვილი გამოეთიშა. თავის რომელ კერძს შეცვლიდა და რა გეგმები აქვს მომავალში, წაიკითხეთ ინტერვიუში.
- როგორ შეაფასებთ „მასტერშეფში“ თქვენს მონაწილეობას?
- „მასტერშეფში“ მონაწილეობის დასაწყისში ზუსტად ვიცოდი, რომ თორმეტეულში ვერ მოვხვდებოდი. შესარჩევ ეტაპზე ჩემი ნერვიულობაც ამან განაპირობა და ის შედეგი ვერ დავდე, რაც მინდოდა. თორმეტეულში რომ დამასახელეს, ისე გამიხარდა, თავი საუკეთესო მეგონა.
თავდაპირველად აზრზე არ ვიყავი, რა ხდებოდა, ჩემი ექსპერიმენტების იმედად ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი გამერისკა და განსხვავებული კერძი მომემზადებინა - ეს იყო ჩემი ნიშა ამ პროექტში, იმ ტექნიკური შეცდომების მიუხედავად, რომლებსაც გამოუცდელობის გამო ვუშვებდი. როგორც პროექტში მოხვედრა იყო ემოციური, იმდენად ემოციური იყო წამოსვლაც - მიხარია, რომ ღირსეულად დავტოვე პროექტი.
- მეოთხედ იდექით აუტსაიდერებში. ალბათ, ეს მოტივაციაზე მოქმედებდა...
- არა იმდენად ეგ, რამდენადაც ხალხის რეაქციები ჩემს პროექტში დარჩენასა და მამაჩემის „ყოვლისშემძლეობის“ შესახებ. თავიდან ძალიან ვბრაზობდი, შემდეგ ამაზე ხუმრობა მე თვითონ დავიწყე, თუმცა საბოლოოდ, მივხვდი, რომ მაყურებლის გამოხმაურებებმა იმოქმედა ჩემზე და და ცოტა მოვეშვი. ამას გარდა, წელს უნივერსიტეტს ვასრულებ და იქაც უამრავი საქმე მქონდა. ასე რომ, „მასტერშეფიდან“ წამოსვლის დრო იყო.
- მამა თუ იზიარებდა თქვენს ენთუზიაზმს ექსპერიმენტებისადმი, რჩევებს თუ გაძლევდათ?
- პროექტის განმავლობაში ვკამათობდით ხოლმე. მას უნდოდა, მეტი მევარჯიშა სახლში და უფრო მეტი თავდადება გამომეჩინა. ვუყურებდი ხოლმე ვიდეოებს, რომ ახალი რაღაცები მესწავლა, მაგრამ ვშიშობდი, კლასიკურ სამზარეულოს თავისკენ არ წავეყვანე. მერჩივნა, რაღაცები არ მცოდნოდა და იქ, ადგილზე, შემექმნა კერძი.
- თქვენს რომელიმე კერძს შეცვლიდით?
- რა თქმა უნდა - ხახვი და შოკოლადი. სახლში ექსპერიმენტებს ვატარებდი და ძალიან გემრიელი გამოვიდა ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია. მეორედ გაკეთების შესაძლებლობა რომ მქონოდა, ალბათ, საუკეთესო კერძებს შორისაც მოხვდებოდა. მომავალში, როცა ჩემი რესტორანი მექნება, აუცილებლად იქნება მენიუში ხახვისა და შოკოლადის დესერტიც და სხვა კერძებიც, რომლებიც პროექტის განმავლობაში მოვამზადე.
- გუშინდელ გადაცემაში დასამახსოვრებელი იყო ფენით გამშრალი მწვადი და თქვენი ვინეგრეტის ვარიაცია. რამდენად კმაყოფილი იყავით თქვენი კერძებით?
- ვიცოდი, რომ ფენის გამოყენებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა და სახალისოც იქნებოდა. ასევე, ტექნიკური გამართლებაც მქონდა, უაზროდ არაფერს არ ვიყენებ. ვიცოდი, რომ ხორცი აპკის შესაქმნელად 5 წუთით ჰაერზე უნდა გააჩერო, მე ამდენი დრო არ მქონდა, ამიტომ ფენით გავაშრე. მწვადი არასოდეს არ შემიწვავს, აქამდე მხოლოდ „დამტრიალებელი“ ვიყავი. იმდენად პატარა ზომის ნაჭრებად დავჭერი, რომ ძალიან გამოშრა.
რაც შეეხება ვინეგრეტს. მაცივარში მის გარდა ასი კერძიც რომ იყოს, შეიძლება მაინც ვინეგრეტი ვჭამო, ალბათ, გენეტიკური კოდია. რაც შეეხება ჩემს კერძს, ჟიურის ვეთანხმები იმაში, რომ ორი პიურე ტექნიკური შეცდომა იყო, თუმცა ჩემს კერძს ვინეგრეტის გემო თუ ჰქონდა, არ მგონია, რომ ცუდია. კერძის ტრანსფორმაცია გულისხმობს, რომ რაღაც განხვავებული უნდა იყოს, რაღაც - ძველის მსგავსი.
- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- პირველ რიგში, ჩემს პროფესიას უნდა მივაქციო მეტი ყურადღება, ცოტა ხანში დიპლომი უნდა ავიღო. შორეული მომავლისთვის კულინარიული განათლების მიღება, შემდეგ საკუთარი რესტორნის გახსნა მინდა.
- დარჩენილი კონკურსანტებიდან ვის გულშემატკივრობთ?
- ობიექტურად თუ ვიტყვი, ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, გამიხარდება, არამზარეული თუ გაიმარჯვებს, ამიტომ ანას ვგულშემატკივრობ. მიუხედავად იმისა, რომ მოყვარული მზარეულია, შეფების გვერდით დგას და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვის.