„კულინარია ჩემი საქმეა და არ ვაპირებ გაჩერებას!“ - ქეთო ბექაური „მასტერშეფის“ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე - Gemrielia.ge

„კულინარია ჩემი საქმეა და არ ვაპირებ გაჩერებას!“ - ქეთო ბექაური „მასტერშეფის“ სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე

„მასტერშეფის“ მესამე სეზონის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. მასტერშეფის ტიტულისთვის სერგო, იანა და ანნა შეებრძოლებიან ერთმანეთს.

 

ნახევარფინალი სეზონის ყველაზე ემოციური ტური გამოდგა, პროექტი ორმა კონკურსანტმა დატოვა - თემომ და ქეთომ. ორივე მათგანი სტაბილურად ძლიერი მონაწილე იყო და როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ასე ძალიან არასოდეს გასჭირვებიათ გადაწყვეტილების მიღება.

 

რა სირთულეები ახლდა პროექტს და რა გეგმები აქვს სეზონის პირველი „ოქროს წინსაფრის“ მფლობელს, წაიკითხეთ ქეთო ბექაურთან ინტერვიუში.

 

- როგორ შეაფასებთ „მასტერშეფში“ გატარებულ პერიოდს - პირველი ტურიდან ნახევარფინალამდე?

 

- ძალიან რთული იყო ნახევარფინალამდე მოსვლა, ძალიან ბევრი საინტერესო ტური გავიარეთ. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ტური ძალიან გამიჭირდა და დასაძლევად რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ეს საქმე და ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში მოხვედრა გასაოცარი ამბავი იყო და ძალიან გახარებული ვიყავი. ვფიქრობ, საკუთარი ნიშა მქონდა - სტილი, რითიც გამოვირჩეოდი სხვებისგან. 

 

 

- გამართლდა ის მოლოდინები, რაც „მასტერშეფთან“ დაკავშირებით გქონდათ?

 

- სიურპრიზებით იყო სავსე. ვცდილობდი, ხალხს ისეთი გაეცნო ქეთო, როგორიც სინამდვილეშია. ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დამარწმუნა. ასევე, დავრწმუნდი, რომ კულინარია ჩემი საქმეა და არ ვაპირებ გაჩერებას. „მასტერშეფი“ ტრამპლინი აღმოჩნდა ჩემთვის, უკვე მაქვს ძალიან საინტერესო შემოთავაზებები და ყველაფერი კარგი წინ არის!

 

- ფინალისტებს როგორ დაახასიათებდით?
 

 

- სამივე ძალიან ნიჭიერია. იანასგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რადგან ძალიან გამოცდილი და ნიჭიერი მზარეულია. ასევე, სერგოს ხშირად ვეკითხებოდი რჩევას არა მხოლოდ ჩაწერებზე, არამედ „მასტერშეფის“ გარეთაც. ანნაც, მიუხედავად იმისა, რომ მოყვარული მზარეულია, ძალიან ძლიერია.

 

ზოგადად, წელს ყველა კონკურსანტი ძალიან კარგი იყო. ნამდვილად გამიმართლა, რომ ასეთი მაგარი გუდის ნაწილი ვიყავი, რომლის წევრებიც ერთმანეთს გულშემატკივრობენ, რჩევებს აძლევენ და ეხმარებიან.

 

 

- პროექტში მონაწილეობა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. თქვენ როგორ გაუმკლავდით ამ სირთულეებს?
 

 

- ძალიან ბევრს ვშრომობდით და მაშინაც, როცა გადაღება არ მქონდა, რეცეპტებზე ვმუშაობდი, თვითგანვითარებას ვცდილობდი. ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო მიჰქონდა, სრულად გადავერთე საქმეზე. პირადი ურთიერთობაც შეიწირა პროექტმა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა.

 

- რა იქნება „მასტერშეფის“ შემდეგ?
 

 

- არაერთი საინტერესო პროექტი. რესტორატორობას ვაპირებ. ძალიან ბევრი სერიოზული ადამიანი გავიცანი, რომლებიც ჩემთან მუშაობით არიან დაინტერესებული. ჯერ ახალგაზრდა ვარ, ამიტომ ყველა შანსის გამოყენებას ვაპირებ.