„2 თვეში ცხოვრება გადატრიალდა“ – „მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებული სერგო ოვჩარენკო გახდა! - Gemrielia.ge

„2 თვეში ცხოვრება გადატრიალდა“ – „მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებული სერგო ოვჩარენკო გახდა!

ქვეყნის ყველაზე წარმატებული კულინარიული პროექტის „მასტერშეფის“ მესამე სეზონის გამარჯვებული სერგო ოვჩარენკო გახდა!აშკარა იყო, რომ თანაბარი ბრძოლის პირობებში ჟიურის გადაწყვეტილების გაუჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, ლევან კობიაშვილმა სერგო დაასახელა და მას „მასტერშეფის“ მთავარი ჯილდო გადასცა.

 

როგორია ქვეყნის პირველი მასტერშეფის ტიტული, გამარჯვება დიდი ბრძოლისა და უძილო ღამეების შემდეგ, ამაზე სასაუბროდ Gemrielia.ge სერგო ოვჩარენკოს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დატვირთული თვეების შემდეგ ადამიანს ყველაზე მეტად დასვენება და განტვირთვა სჭირდება, სერგო რესტორნის სამზარეულოში დაგვხვდა, ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კი კვლავ თავის საქმეს დაუბრუნდა. 

 

 

– როგორი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ მასტერშეფის გამარჯვებული ხარ?

 

– ჯერ კარგად ვერ ვხვდები და ბოლომდე ვერ ვიაზრებ, რადგან სულ სამსახურში ვარ - დილიდან ღამემდე. სამსახური მთლიანად მართმევს თავისუფალ დროს და ამ ემოციებს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შეგრძნებაა, 2 თვეში ცხოვრება გადატრიალდა, ფაქტობრივად.

 

– რით განსხვავდება ფინალი სხვა ტურებისგან?

 

– ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ დავალების ჩარჩოებში არ ვიყავი მოქცეული და ჩვენით უნდა გადაგვეწყვიტა, რას მოვამზადებდით. ბევრი ხალხი, 3 კერძი და 3 თეფში - ესეც სიახლე იყო. გულშემატკივრების შეძახილები და მათი მხარდაჭერა ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემზე.

 

 

– მენიუს მოსამზადებლად გქონდათ დრო, მაგრამ შენ წინასწარ მხოლოდ კონცეფცია მოამზადე. რატომ წახვედი რისკზე?

 

– ფინალისთვის რომ ვემზადებოდი, იმდენი იდეა მომივიდა, რომელიმე ერთის არჩევა გამიჭირდა. „უდიპლომო სასიძოს“ კონცეფცია რომ მომაფიქრდა, კერძების მომზადება და ექსპერიმენტების ჩატარება უკვე გვიანი იყო, ამიტომ ფინალში თითქმის ყველაფერი იმპროვიზაცია გამოვიდა. ძველი ქართული ფილმები ძალიან მიყვარს, „უდიპლომო სასიძოც“ ყველამ იცის, ასე რომ, კონცეფცია შედგა.

 

– ფინალის წინ რა დაუსახე შენ თავს მიზნად?

 

– როგორც მთელი პროექტის განმავლობაში, ასევე ფინალშიც, მიზნად ვისახავდი, რომ ყოველი შემდეგი კერძი ძალიან კარგი ყოფილიყო. მთელი ძალები მხოლოდ ამ კონკრეტულ კერძებზე მქონდა მიმართული. რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო დავალება იყო. შეიძლება, არ მეტყობოდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდი.

 

 

– მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინ იყო შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

 

– ჩემი მეუღლე - ნინი. ხანდახან არაფერი არ სჭირდება ადამიანს გარდა იმისა, რომ მის გვერდით საყვარელი ადამიანი იყოს და მორალურად მხარში ედგეს. სწორედ ასე იყო ნინი, ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას.  

 

– რა იქნება „მასტერშეფის“ შემდეგ?

 

– იმდენად გადატვირთული ვარ ახლა, რომ ფიქრის საშუალებაც კი არ მაქვს. ძალიან ბევრი იდეა მომდის თავში და იმედია, ყველაფრის დალაგებასა და განხორციელებას შევძლებ.