დაავადებების სამკურნალო ჯადოსნური მცენარე, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია - Gemrielia.ge

დაავადებების სამკურნალო ჯადოსნური მცენარე, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია

დიდგულა მაღალი ტოტებგაშლილი ბუჩქია, რბილი ტოტები და მოთეთრო-მოყვითალო ყვავილები აქვს. მას ხშირად ანწლთან აიგივებენ, რადგან გარეგნულად ცოტათი ჰგავს, თუმცა სამკურნალო თვისებებით აღემატება და რაც მთავარია, ანწლისგან განსხვავებით, უკუჩვენება არ გააჩნია.

 

დიდგულა საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ყველა კუთხეში სხვადასხვა სახელით იცნობენ:

 

ქართლური, კახური, აჭარული – დუდგულა;
 

ზემოიმერული – ხეკრო, გულყრუ, გულყურო;
 

ქვემოიმერული (სამტრ. რ.) – ანწლი;
 

ლეჩხუმური – ხეღრუე;
 

რაჭული, ლეჩხუმური – ხეყრუა;
 

ოკრიბული, ქვემორაჭული – ხრეკოლა, ხრიკოლა;
 

გურული – ხელთოფა, თხიფსელა;
 

აჭარული – სართოფელა;
 

ჭანური – კამპაა, კამპარა;
 

მეგრული – თახვანტია, თახვანტიაშ ჯა, ხინთობალაში ჯა, ინჭირაია, ჩვაჩვაბე, ჩიჩვაბი, გეყრუაჲ, თვეფილა, თოფრა;
 

სვანური – გეყრუჲ, თვეფილა, თოფრა.

 

 

დიდგულას ყვავილსა და ნაყოფს ხშირად იყენებენ მედიცინაში, ფოთოლი A ვიტამინით მდიდარია. ნედლეულად ძირითადად იყენებენ ყვავილებს. ივნისიდან აგვისტომდე პერიოდში აგროვებენ მთელ ყვავილედს მათი სრული გაშლის შემდეგ. აშრობენ ჩრდილში, შემდეგ კი, ხეხავენ ცხრილზე ყვავილის ყუნწის მოსაცილებლად. ნედლეულის შეგროვებისას შესაძლებელია შეყვეს მყრალი დიდგულა, რომლის მტვრიანები წითელი ფერისაა, აგრეთვე წითელი დიდგულა. წითელი დიდგულას ყვავილები უფრო პატარა ზომისაა, მომწვანო.

 

დიდგულას ნაყენი გამოიყენება გაციების, გრიპის, ბრონქიტის, დიაბეტისა და ყაბზობის დროს, გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლადაც. ასევე, დიდგულას ყვავილი შარდმდენი და ოფლმდენი საშუალებაა. 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალს, აჩერებენ თავდახურულს  20 წუთის განმავლობაში, გაწურავენ და სვამენ ცხელ ნაყენს (წყარო: mkurnali.ge). 

 

 

დიდგულას ნაყენს ასევე იყენენ ხველებისა და ქოშინის დროს (პირში ივლებენ). ეფექტურია ტკვილისა და შეშუპების შესამცირებლად (ნაყენში ამოვლებული საფენებს მტკივნეულ ადგილას იდებენ). ხალხურ მედიცინაში თვალების სიწითლეებისა და ქავილის შესამცირებლადაც იყენებენ. ამისათვის დიდგულას ნედლ ან გამხმარ ყვავილებს ცხელი წყალი დაასხით და გააგრილეთ. შემდეგ ბამბის დისკოები შიგ დაასველეთ, მსუბუქად გაწურეთ და თვალებზე დაიფინეთ. აღსანიშნავია, რომ დიდგულას ნაყოფს სისხლში შაქრის შემცველობის შესამცირებლადაც იყენებენ.

 

აღსანიშნავია, რომ დიდგულას ყვავილებს ვიქტორიანული ეპოქიდან აქტიურად იყენებენ კოსმეტიკაში. მისგან დამზადებული ლოსიონი ნაოჭებს ამცირებს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს.

 

დიდგულას სასარგებლო თვისებებით სარგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუკი მისი მიღებისას ნორმას დაიცავთ და საჭიროზე მეტს არ მიირთმევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება ალერგია, ღებინება ან დიარეა გამოიწვიოს.

 

 

აჯობებს მოერიდოთ ნაყენის მიღებას, თუკი:

 

•    ორსულად ხართ ან ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ, რადგან მეცნიერულად დადასტურებული არ არის, რამდენად უსაფრთხოა ამ დროს ნაყენის მიღება. 

 

•    სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალი გაქვთ, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, დიდგულას ნაყენი შაქრის დონეს ისედაც დაბლა წევს.

 

•    ოპერაცია გაქვთ დაგეგმილი. ოპერაციამდე 2 კვირით ადრე შეწყვიტეთ დიდგულას ნაყენის მიღება, რათა სისხლში შაქრის დონე ძალიან არ დაეცეს.

 

 

რეცეპტები დიდგულას ყვავილებისგან:
 

 

ჩაი

 

გრიპისა თუ სურდოს დროს დიდგულას ცოცხალ ან გამხმარ ყვავილებს ცხელი წყალი დაასხით, ჭიქას თავსახური დაახურეთ და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ 1 კოვზი თაფლი დაუმატეთ და მიირთვით. ამგვარად მომზადებული ჩაი შეგიძლიათ გააგრილოთ და პირში გამოივლოთ. ეფექტურია კბილების, ღრძილებისა და ყელის ტკივილის დროს.

 

 

სიროფი

 

ჩაის გარდა დიდგულას ყვავილებისგან დამზადებული სიროფიც ძალიან სასარგებლოა. 

 

ინგრედიენტები:
•    შაქარი - 650 გ 
•    წყალი - 430 მლ 
•    ლიმონმჟავა - 1 ჩკ
•    დიდგულას ყვავილი (15 თავი)
•    დაჭრილი ლიმონი ½

 

 

მომზადების წესი:

 

დიდგულას ყვავილები დააცალეთ და გაასუფთავეთ, მწერი ან სხვა რამ რომ არ ჰქონდეს.

 

შაქარს დაუმატეთ წყალი, ლიმონმჟავა და ცეცხლზე დადგით. შაქარი სრულად რომ გადნება, გადმოდგით და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.

 

ქილაში ჩაყარეთ ყვავილები და დაჭრილი ლიმონი. დაასხით შაქრის სიროფი და ამოურიეთ. შედგით მაცივარში 48 საათით. 2 დღის განმავლობაში რამდენჯერმე ამოურიეთ. ინახება ერთი წლის განმავლობაში. 

 

არის მეორე მომზადების მეორე ხერხიც: შაქარი რომ გადნება, ლიმონის ნაჭრები და ყვავილები ქვაბშივე ჩაყარეთ, რამდენიმე წუთს ადუღეთ, შემდეგ ქვაბს თავი დაახურეთ და 2 დღით გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ და ისე შეინახეთ.

 

თქვენ თუ გამოგიყენებიათ და როგორ იყენებთ დიდგულას?