როდის ხდება მზესუმზირა მავნებელი? - თუ მისი ჭამა გიყვართ, ეს უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

როდის ხდება მზესუმზირა მავნებელი? - თუ მისი ჭამა გიყვართ, ეს უნდა იცოდეთ

მზესუმზირის მარცვლების კნატუნი უამრავი ადამიანისთვის თავშესაქცევი და საყვარელი საქმიანობაა. რაც მეტს მიირთმევ, უფრო მეტი გინდა და გაჩერება გიჭირს. ამ ჯადოსნურ მარცვლებს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვთ, თუ გსურთ მეტი გაიგოთ, აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირას თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას...

mzesumziriszeti.jpg

მთავარი განძის, ცხიმოვანი მჟავების გარდა, ამ პაწაწინა მარცვლებში დიდი რაოდენობით შედის სხვადასხვა ვიტამინიც. მათგან გამოვარჩევდით ა და ე ვიტამინს, რომელიც ლამაზი კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ ძუძუთი კვების დროს მზესუმზირის მიღება ზრდის როგორც რძის რაოდენობას, ასევე მის ცხიმიანობას. ამასთანავე, მზესუმზირა არაჩვეულებრივი, ბუნებრივი ანტიდეპრესანტია: მისი კნატუნის დროს გადაღლილი დედა ნერვებსაც დაიწყნარებს და გუნებასაც გამოიკეთებს. თუმცა დედებს აუცილებლად მოუწევთ სიფრთხილის გამოჩენა - მზესუმზირამ შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს ჩვილებში. თუ ეს არ მოხდა და პატარა კარგად ეგუება დედის გასტრონომიულ ჩვევებს, მაშინ საშიშიც არაფერია. მზესუმზირის ანტიდეპრესიული თვისებები მხოლოდ გადაღლილი დედებისთვის არაა ხსნა და ხშირად ამ პროცესს მედიტაციასაც კი ადარებენ ხოლმე. მისი მირთმევის დროს ხომ თითებს ვიყენებთ, რომლებშიც უამრავი ნერვული დაბოლოებაა და ამგვარი მასაჟი მათ ძალიან სიამოვნებთ.
Related image
მაგრამ... დიახ, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი სიკეთისა, მაინც არის უარყოფითი მხარეებიც. ყველა ის სასარგებლო ნივთიერება და მჟავა, რაც ასე ძვირფასს ხდის ამ პროდუქტს, მოიპოვება მხოლოდ და მხოლოდ გამომშრალ, მაგრამ არა მოხალულ მარცვლებში. თერმული დამუშავებისას ცხომოვანი მჟავები და ვიტამინები იშლება და სარგებლის ნაცვლად შესაძლოა მავნებელიც კი იყოს. გაითვალისწინეთ რომ გაურეცხავი მზესუმზირა უამრავი პარაზიტის და ჭუჭყის მატარებელია. მირთმევის წინ აუცილებელია კარგად გაირეცხოს და გაშრეს, ან ძალიან მსუბუქად მოიხალოს. მარცვლების ჩენჩო კბილის ემალს აზიანებს და ნაწლავებსაც აბინძურებს, ამიტომ სასურველია ხელით გაირჩეს ან უკვე გარჩეული შეიძინოთ და შემდეგ გარეცხოთ (თუ შეუფუთავია). მზესუმზირა, სხვა მცენარეების მსგავსად ისრუტავს ყველაფერს, რაც მის გარშემოა. ამიტომ აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება მის ეკოლოგიურ სისუფთავეს. არასოდეს მოვწყვიტოთ ტრასის პირას გაზრდილი მცენარე. და ბოლოს, ყველაზე მტკივნეული და არაჰიგიენური საკითხი, რაც მზესუმზირას უკავშირდება - მისი ჩენჩოებით გადავსებული სკვერებია. არც ისე ძნელია ჩენჩოების პაკეტში ჩაყრა და შემდეგ ნაგვის ურნაში გადაგდება.