როგორ განვაახლოთ ძველი და უსარგებლო ჭურჭელი - 10 კრეატიული იდეა - Gemrielia.ge

როგორ განვაახლოთ ძველი და უსარგებლო ჭურჭელი - 10 კრეატიული იდეა

რაც უნდა ბევრი ვამტკიცოთ, რომ „ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“, მოდა, გემოვნება იცვლება და ის, რაც თუნდაც გასულ წელს მიმზიდველი იყო, დღეს აღარ მოგვწონს.

 

თუკი სახლში მოგეპოვებათ ისეთი თეფშები, კოვზები, ჩანგლები და სხვა ჭურჭელი, რომელთა გამოყენებაც აღარ გსურთ და გადაგდებაც გენანებათ, რამდენიმე ორიგინიალურ იდეას გთავაზობთ.

 

 

1. აქსესუარები თეფშებისგან

 

გაბზარული თუ გვერდჩამოტეხილი თეფშების შენახვა არც ისე სასიამოვნოა. მეტიც, ამბობენ, უბედურება მოაქვსო. რაც უნდა იყოს, ისედაც დაზიანებული თეფშების დატეხვა და მათი აქსესუარების ფუნქციით გამოყენება ყველას შეგვიძლია. შედეგად მივიღებთ ლამაზ, ორიგინალურ და ყველასგან განსხვავებულ ყელსაბამებს, ბეჭდებს, ქამრებსა და სხვა აქსესუარებს.

 


2. ჭაღი თეფშებისგან

 

მაღაზიებში ორიგინალური ჭაღების ძალიან დიდი არჩევანია, მაგრამ ყველაზე ორიგინალური ჭაღი სწორედ ის არის, რომელსაც ჩვენი ხელით ვქმნით. თეფშების გადაბმისგან მიღებულ ჭაღზე შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ნათურა დაკიდოთ, რაც ოთახში მყუდრო და ინტიმურ გარემოს შექმნის.

 


3. ეზოს დეკორაცია

 

თუ არ იცით, „მადონას სევრიზის“ მსგავს ყავისა და ჩაის ჭიქებს რა მოუხერხოთ, კიდევ ერთ იდეას გთავაზობთ. ამგვარი დეკორაცია საოცრად მოუხდება თქვენს ეზოსა და აივანს. სხვათა შორის, შეგიძლიათ, ჭიქაში მცენარეც ჩარგოთ. ასეთი აქსესუარები მაღაზიებში საკმაოდ ძვირი ღირს, თქვენ კი არაფრის გადახდა არ მოგიწევთ, თანაც მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ მათ გასაკეთებლად.

 


4. პატარა თეფშები კედელზე

 

თუკი სახლში ბევრი პატარა ზომის თეფში დაგიგროვდათ, არადა, ზუსტად იცით, ამდენი საჭირო არ არის, შეგიძლიათ, ისინი დეკორატიული ფუნქციით გამოიყენოთ და კედელზე დაამაგროთ. ასევე ძალიან ლამაზი და ორიგინალური იქნება დიდი და პატარა თეფშების მონაცვლეობით მიღებული დეკორი.

 


5. კოსმეტიკის სათავსო

 

დიდი და პატარა ზომის თეფშების იმგვარი „გადაბმით“, როგორც ფოტოზეა მოცემული, ორიგინალურ და საჭირო ნივთს მიიღებთ, რომელზეც კოსმეტიკური საშუალებების, მცირე ზომის აქსესუარებისა და ნებისმიერი საჭირო ნივთის მოთავსებას შეძლებთ.

 


6. ბაღის დეკორაცია

 

ძველი თეფშების დეკორატიული დანიშნულებით გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც თქვენს ბაღსა თუ ვერანდას ძალიან მოუხდება. მოიმარჯვეთ თეფში, საღებავები და მოუხმეთ ფანტაზიას.

 


7. ჩანგლები საკიდად

 

ასევე დეკორატიული დატვირთვა შეგიძლიათ მისცეთ ჩანგლებსაც. ბრტყელტუჩას საშუალებით ისეთი ფორმა მიეცით, როგორიც ფოტოზეა გამოსახული. მიამაგრეთ კედელზე ან ხის ფიცარზე და აი – ორიგინალური და ლამაზი საკიდი მზად არის!

 

 

8. დეკორაცია კედლისთვის

 

ვინ წარმოიდგენდა, რომ ძველი თეფშისა და ჩანგლისგან ასეთი ლამაზი დეკორაციის დამზადება შეიძლებოდა! იგი განსაკუთრებულად მოუხდება აგარაკის კედლებს. ქალაქის სახლში კი მყუდრო გარემოს შექმნის.

 


9. ჩაის ჭიქა სასანთლედ

 

სურნელოვანი სანთლების სახლის პირობებში მომზადება არც ისე რთულია. სანთლის ძაფი ჩაის ჭიქის ძირზე დააწებეთ, მომზადებული მასა ჭიქაში მოათავსეთ (თუკი სახლში მომზადება არ გსურთ, მყარი სანთელი გაალღვეთ). ასეთი ლამაზი და ორიგინალური სურნელოვანი სანთელი მხოლოდ თქვენ გექნებათ.

 


10. ხეზე დასამაგრებელი დეკორაცია

 

ბაღის დეკორაციისთვის კიდევ ერთი იდეა, რომელიც თქვენს გარემოს ძალიან გაალამაზებს. აიღეთ სასურველი თეფში, დაკიდეთ ტოტზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და დატკბით ახალი დიზაინით.


ასე რომ, ძველი თეფშების განახლება და ახლებური ფუნქციით დატვირთვა ძალიან მარტივია.  მიჰყევით ფანტაზიას, დატკბით შემოქმედებითი პროცესითა და ულამაზესი შედეგით.