ფერიცვალების დღესასწაული და პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე - Gemrielia.ge

ფერიცვალების დღესასწაული და პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

ფერიცვალების დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ–ერთია და აღინიშნება 19 აგვისტოს. სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა თავისი სამი მოწაფის– პეტრეს, იოანესა და იაკობის წინაშე. 
ყოველწლიურად, თაბორის მთაზე, მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ ჩნდება ღრუბელი და მთელი დღესასწაული მთას დაჰყურებს. ცნობილია რომ უფალს, რომელიც მთაზე ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა, თავს ღრუბელი დაადგა რადგან ამ ნათელმა თვალი დაუბრმავა მოციქულებს. 
ჩვენთან ამ დღესასწაულს უკავშირდება ტრადიციაც. ტაძრებში იკურთხება ხილი და თაფლი. 
                      

გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებს: 
რომელი ხილი იკურთხება ფერიცვალების დღესასწაულზე?
იკურთხება პირველნაყოფები, რაც ჩვენს ქვეყანაში მოდის. თუმცა, შესაძლებელია ნებისმიერი ხილის მიტანა ტაძარში და კურთხევა.
რა მნიშვნელობის მატარებელია ხილის კურთხევა?
ეს რიტუალი არის მადლიერების გამოხატვა უფლისადმი. ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იღებს – როდესაც კაენმა და აბელმა უფალს სამადლობლად თავიანთი შრომის ნაყოფი შესწირეს. მოსავლის გარკვეული ნაწილი: ხორბალი, ყურძენი, ზეთი უძველესი დროიდან იწირებოდა ტაძრებში.
ეკრძალებათ თუ არა მორწმუნეებს ფერიცვალების დღესასწაულამდე ყურძნის მიღება? 
არსებობს მსგავსი ნორმა, მაგრამ ეს ეხებათ ბერებს და არა საერო პირებს. ბერები არ იღებენ ახალ ხილს მანამ, სანამ ფერიცვალების დღესასწაულზე არ იკურთხება.
შეიძლება თუ არა შეწირული ხილის სახლში წამოღება?
შეგიძლიათ ხილი დატოვოთ ტაძარში ან სახლში წამოიღოთ და მიართვათ ოჯახის წევრებს.
არის თუ არა დღესასწაული თევზით ხსნილი?
მარიამობის ორკვირიან მარხვაში ფერიცვალება ერთადერთი დღეა როდესაც თევზი ხსნილდება.
რა განრიგით აღინიშნება ეს დღე ტაძრებში?
ფერიცვალების წინა დღეს, ლოცვაზე, ხდება პურისა და ზეთის კურთხევა. მეორე დღეს კი აღესრულება საზეიმო წირვა და ზიარება.