28 აგვისტო – ღვთისმშობლის მიძინების დღე და ტრადიციები - Gemrielia.ge

28 აგვისტო – ღვთისმშობლის მიძინების დღე და ტრადიციები

ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. ღვთისმშობელს უწოდებენ  ახალ ევას, რადგან მან გამოისყიდა ევას შეცოდებები და აღადგინა ადამიანების შელახული პატივი.
მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. 
წუთისოფლიდან გასვლის შესახებ ღვთისმშობლისთვის ცნობილი იყო და იგი მომზადებული გავიდა ამ ქვეყნიდან. ამიტომაც ეწოდა ამ მდგომარეობას მიძინება და არა გარდაცვალება.
როგორ აღინიშნებოდა მარიამობის დღე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?
თუშეთში მარიამობის დღესასწაულზე ლუდს ადუღებდნენ და საზიარო საკლავს ყიდულობდნენ. ამ დღეს, ყველა ოჯახში მიცვალებულთათვის სუფრა მზადდებიდა. მათ, ვისაც იმ წელს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა გარდაცვლილი, აცხობდნენ სტომიან პურს და ურიგებდნენ ბავშვებს, სანამ სუფრასთან დასხდებოდნენ.
         

რაჭაში მარიამობა უქმე დღე იყო. დილით ადრე ყველიან ან ქონიან განატეხს აცხობდნენ და სანთელს ცეცხლში აკმევდნენ. განატეხს ოჯახის ყველა წევრი ჭამდა. სადილისთვის საკურთხს, მიცვალებულის მოსახსენებელ სუფრას ამზადებდნენ. 
7 ყველიან ან ქონიან სულის პურს გამოაცხობდნენ, მოხარშავდნენ შაშხს, ქათამს, სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო 1-2 კვერცხი, ლავაში და ერთი სანთელი. თუ ოჯახს ახალი მიცვალებული ჰყავდა, უნდა დაეკლათ ცხვარი და სუფრა მღვდელს უნდა ეკურთხებინა.

სამეგრელოში მარიამობას მარაშონას/მარაშინას ეძახიან. ეს დღე მიცვალებულთა მოხსენიების დღეც იყო და ახალი მიცვალებულის პატრონი ამ დღემდე ახალ ხილს ეზოშიც კი არ მოწყვეტდა. წინა საღამოს თხემლის ტოტებით დაჯვარვა იცოდნენ. ამ დღეს სამეგრელოში ის წესები სრულდებოდა, რაც დანარჩენ საქართველოში ჭიაკოკონობის დროს. აღდგომიდან მოყოლებული ყოველ კვირას და უქმე დღეეებში ხალხი მინდვრად გადიოდა მოსალხენად, რასაც ჯარობა ეწოდებოდა. მარიამობის ჯარობა იმ წელს ბოლო ჯარობა იყო.
წმინდა მარიამი მიძინებიდან მესამე დღეს აღდგა და ამაღლდა ზეცად. საფლავში დარჩენილი მანტია კი მოციქულებმა წამოიღეს, იქ არმყოფთა დასარწმუნებლად და წავიდნენ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში საქადაგებლად.
ღვთისმშობლის კვართი, საქართველოში, ქალაქ ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლისს, აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, მადლი მოისხან და ემთხვიონ ღვთისმშობლის კვართს.