როგორ მოვაშოროთ ჭურჭელს შემხმარი ცხიმი? – მარტივი ხრიკები, რომლებსაც დიდი ოჯახების დიასახლისები იყენებენ - Gemrielia.ge

როგორ მოვაშოროთ ჭურჭელს შემხმარი ცხიმი? – მარტივი ხრიკები, რომლებსაც დიდი ოჯახების დიასახლისები იყენებენ

ჭურჭლის რეცხვა ბევრისთვის ყველაზე მოსაწყენი პროცესია, თუმცა ვინც მარტივი ხრიკები იცის, მას ჭურჭლის რეცხვა არ ეზარება. ამ სტატიაში რამდენიმე მარტივ ხრიკს თქვენც გაგიზიარებთ.

 

შემხმარი ცხიმი

 

ცხიმიანი ჭურჭლის გარეცხვა ისედაც შრომატევადია, თუმცა ორმაგად რთულია შემხმარი ცხიმის მოშორება. თუკი ჭურჭელი რამდენიმე საათით ან მთელი ღამით გაურეცხავი დაგრჩათ, ნიჟარაში ჩახედვა ნამდვილად არ გაგიხარდებათ, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება.

 

შემხმარი ცხიმის მარტივად მოსაშორებლად ცხელ წყალში ძმარი ჩაასხით, შემდეგ კი ძმრიანი წყალი ცხიმიან ჭურჭელს გადაასხით. ცხიმი სწრაფადვე მოშორდება თეფშს.

 

 

ცხიმიანი კონტეინერი

 

ბადრიჯნის კონსერვი, ხორციანი კერძი თუ პამიდვრის სოუსში მომზადებული პასტა - რაც უნდა გქონდეთ ჩადებული კონტეინერში, ამ მარტივი მეთოდის დახმარებით უპრობლემოდ გააპრიალებთ.

 

კონტეინერში შაქარი ჩაყარეთ ისე, რომ ზედაპირი კარგად დაიფაროს (საშუალოდ, 1 ჭიქა, ზომას გააჩნია). შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საპონი მოასხით, ბოლოს კი ყინულის კუბები დააყარეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ, წყალი გადააქციეთ  და სამზარეულოს ღრუბლის საშუალებით გაწმინდეთ.

 

 

ტაფაზე დაკრული კვერცხი

 

ერბოკვერცხის შეწვის შემდეგ ტაფაზე კვერცხის ნარჩენები რჩება ხოლმე. კვერცხის ტაფაზე დაკრობის მიზეზი ნაკლები ცხიმის გამოყენება ან უხარისხო ტაფა შეიძლება იყოს.

 

გასასუფთავებლად ტაფაზე მარილი დაყარეთ (ისე, რომ დაკრული კვერცხი თითქმის დაიფაროს), შემდეგ ცხელი წყალი დაასხით. ტაფაზე დასხმული წყალი შუშხუნს დაიწყებს, სამზარეულოს ღრუბლის გამოყენებით კი დაკრული კვერცხის ნარჩენები უმარტივესად მოშორდება ტაფას.