„მყავს 300 ფრთა ქათამი და 20 სული საქონელი, მათი საკვები სიმინდიც მომყავს" - ცნობილი შეფ-მზარეულის მეურნეობა ახმეტაში
გამოცდილ შეფ-მზარეულს რესტორანი პორტუგალიაში ჰქონდა, ახლა საქართველოშია რესტორნების მეპატრონე. როგორც ამბობს, ჰიპერაქტიური ადამიანია, მუდმივად შრომობს, გაჩერება არ შეუძლია, განუწყვეტელი ახლის ძიება მისი ცხოვრების სტილია. ამის დასტურია ისიც, რომ ბოლო 6 თვეა ფერმერულ საქმიანობაშია ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში. შეფ-მზარეულ გურამ ბაღდოშვილს დიდი გეგმები აქვს.
- ფერმერობა უფრო იმიტომ დავიწყე, რომ დღეს ბაზარზე რთულია სუფთა პროდუქტების შეძენა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს იყო. პანდემიის პერიოდში მივხვდი, რომ თავისუფალი დრო ამ საქმეში უნდა გამომეყენებინა, თან, ჰიპერაქტიური ადამიანი ვარ და გადავწყვიტე, ფერმერობაც დამეწყო. უკვე მყავს ქათმები და საქონელი, ამასთან, მათი საკვები სიმინდის მოყვანაც დავიწყე. საქართველოში საქონლის საკვები ძვირია, განსაკუთრებით, თუ საკვების წარმოების საშუალება თავად არა გაქვს, პროდუქტი 30%-ით გიძვირდება.
- სად ინახავთ და უვლით ფრინველ-საქონელს?
- ფერმა ახმეტის რაიონის სოფელ არგოხშია, ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ თუმცა არცთუ ურიგოდ. სამასამდე ფრთა ქათამი მყავს და 20 სული ჰოლანდიური საქონელი. მეგობრებმა კოოპერატივი გავაკეთეთ და ვმუშაობთ.
- პროფესიონალი შეფ-მზარეული ბრძანდებით... ამ 6 თვის განმავლობაში, რაც ფერმერული საქმიანობა დაიწყეთ, რას მიხვდით?
- წარმოუდგენელია, იყო მზარეული და პროდუქტის შექმნა არ შეგეძლოს. ამ რამდენიმე დღეში გამოვა ერთ-ერთი ჟურნალი, რომლის რედაქტორი მე ვარ (პროექტი "ფერმიდან ჩანგალზე"), და სწორედ ასეთი კონცეფციის რეპორტაჟს შევთავაზებთ მკითხველს - საქართველოში სხვადასხვა პროდუქტის წარმოება, ხარისხი, სტაბილური მიწოდება და კიდევ ბევრი რამ დიდი პრობლემაა.
- რა არის მთავარი სირთულე, რასაც ამ პერიოდში წააწყდით?
- სირთულე, ძირითადად, ფინანსები და ადამიანური რესურსია, იმიტომ, რომ დღეს გლეხს შრომა არ უღირს, ან არ უნდა, დადარაჯებული ეძებს მარტივ გზას, რომ რაღაცნაირად ფული იშოვოს. სიმართლე გითხრათ, ბევრს ბირჟა ურჩევნია...
- კი, სამწუხაროდ, ასეა... რომელი ჯიშის სიმინდი მოგყავთ?
- ყვითელი, ანუ "ქართული კრუგი", რომელიც ურწყავ ნაკვეთებში კარგად მოდის, თუმცა დახმარება, კულტივაციაც სჭირდება. ამას ტექნიკა აკეთებს, ტრაქტორი და კომბაინი კი იოლად საშოვნელი არ არის, რეგიონებში ტექნიკა ჭირს. ასევე საჭიროა მავნე მცენარეების მოსასპობი წამალიც, ვიტამინები სოკოს დაავადების საწინააღმდეგოდ. სიმინდის გაყიდვას არ ვაპირებ, მისგან საქონლის სილოსი უნდა დავამზადოთ - დაჩეხილი სიმინდი უნდა დამწნილდეს, რომელიც სილოსად გადაიქცევა. მერე ეს მწვანე მასა მეწველ ფურს ეძლევა. მოკლედ, სიმინდის ნახევარი ფრინველისთვის იქნება და ნახევარი - სილოსისთვის. საქონლისთვის დაღერღილ სიმინდის მასასაც გამოვიყენებთ, რომ მაღალი წველადობა და რძეს მდიდარი შემცველობა ჰქონდეს. საქონელი უმეტესად მეწველი მყავს, რძის პროდუქტებისთვი