„ზამთარს მზად უნდა შეხვდე, ყველაფერს ვერ იყიდი“ - როგორ ამზადებს ზამთრის მარაგს ქართველი დიასახლისი - Gemrielia.ge

„ზამთარს მზად უნდა შეხვდე, ყველაფერს ვერ იყიდი“ - როგორ ამზადებს ზამთრის მარაგს ქართველი დიასახლისი

ჩვეულებრივ, ზამთრისთვის სანოვაგის მომზადება ზაფხულში იწყება და შემოდგომაზე გრძელდება. კონსერვები, საწებლები, მურაბები, კომპოტები, ჩირები... - ეს ზამთრის მარაგის არასრული ჩამონათვალია.

 

ზამთრისთვის ფუსფუსი Gemrielia.ge-ის ჯგუფშიც აშკარაა. დიასახლისები ყოველდღიურად გვიზიარებენ თავიანთ ნახელავს. ზამთრისთვის სამზადისი თითქმის დაასრულა ჩვენმა მკითხველმა და ჯგუფის აქტიურმა წევრმა ელგა ტაბატაძემ, რომელიც მოგვიყვება, როგორ ემზადება ზამთრისთვის და ასევე, თავისი გამოცდილებით რჩევებს გაგვიზიარებს.

 

დაგაინტერესებთ: „ბაბუს სახელი მინდა გავაცოცხლო“ – Gemrielia.ge-ის ჯგუფის წევრი, რომლის რეცეპტებს ყველაზე მეტი მოწონება აქვს

 

- როგორ მიდის ზამთრისთვის მზადება, რა მოამზადეთ და კიდევ რის გაკეთებას გეგმავთ?

 

- ზამთრის მარაგს ყოველ წელს ვამზადებთ. მე და დედამ ტყემლით დავიწყეთ. შემდეგ რა ხილიც შემოვიდა, ყველაფერი გავაკეთეთ. თქვენს ჯგუფში რეცეპტებსა და ფოტოებს სულ ვაზიარებდი და ერთგულმა მკითხველმა კარგად იცის. ახლა კეტჩუპის, ფეიხოასა და კომშის გაკეთებას ვაპირებ. ალბათ, ზამთრის მარაგის მომზადება ამით დასრულდება.

 

 

- როგორც აღნიშნეთ, დედასთან ერთად დაიწყეთ ზამთრის მარაგის მომზადება. მისგან ისწავლეთ და ერთად ამზადებთ ხოლმე? 

 

- ტრადიციულად მოდის, რომ იტყვიან. ჩვენი ოჯახიდან აკეთებდა ბებო, აკეთებს დედა და ვაკეთებ მეც. ზამთარს მზად უნდა შეხვდე, ყველაფერს ვერ იყიდი. თუ დაემთხვა, რომ სოფელში ვარ, მე და დედიკო ერთად ვაკეთებთ. ისე კი, უმეტესად, სულ მარტო ვამზადებ.

 

- რა არის 3 მთავარი რამ, რაც კონსერვების დამზადების დროს უნდა გავითვალისწინოთ?

 

- აუცილებელია: პირველი - სისუფთავე, მეორე - იყოს გემრიელად შეზავებული და მესამე - გასტერილებული ქილები.

 

 

- დიასახლისების აზრი ორად იყოფა: ზოგიერთი ფიქრობს, რომ დაკონსერვებული საკვები მავნეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ასპირინს შეიცავს. თქვენ თუ იყენებთ ასპირინს ან თუ იცით, მის გარეშე როგორ უნდა შევინახოთ კონსერვები?

 

- დიახ, მსმენია, მაგრამ ოჯახს სჭირდება. 50%-50% - ასე ვაფასებ. ასპირინს მარინადებში ვიყენებ ხოლმე, თუმცა მის გარეშეც ძლებს. მთავარია ქილების სტრელიზაცია. სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, როცა ასპირინს ვამატებ. ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე: არ გინდა, ელგა, არა! მაგრამ ზოგჯერ პროდუქტი და მასალა ისეთი ძვირია, რომ მისი გაფუჭება მენანება, ამიტომ ასპირინის გამოყენება საჭიროა ხოლმე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: იცავს თუ არა კონსერვს ასპირინი ტოქსინებისგან?

 

- ექსპერიმენტებს თუ ატარებთ და ახალ რეცეპტებს თუ ცდით ხოლმე?

 

- სულ ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო და გავაკეთო. მაგალითად, წელს პომიდვრის მარინადი გავაკეთე რეჰანით, რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

 

 

- თუ გაქვთ მურაბა, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ?

 

- სიმართლე გითხრათ, არც მურაბა მიყვარს და არც კომპოტი. მზადების პროცესი მიყვარს. ზოგადად, მიყვარს იმის კეთება, რაც ჩემს ოჯახს სჭირდება და უყვარს.

 

- თქვენი გამოცდილებით, რომელია ყველაზე მარტივად და ყველაზე რთულად გასაკეთებელი კონსერვი?

 

- არცერთი, ჩემთვის ყველა მარტივია. როცა იცი და წლებია აკეთებ, არცერთი არაა რთული. თუ არ იცი, ყველა კერძი რთული გასაკეთებელია, მთავარია გემო სწორად „დასვა“ და გემრიელი გამოვიდეს.

 

- რა ადგილას და რა ტემპერატურაზე უნდა შევინახოთ ზამთრის მარაგი?

 

- აუცილებელად სიგრილეში. ხშირად სწორედ მაღალი ტემპერატურა ხდება კონსერვების გაფუჭების მიზეზი.

 

 

- დაგვისახელეთ 3 ხილი და 3 ბოსტნეული, რომელსაც ყველა დიასახლისს ურჩევთ ზამთრის მარაგისთვის?

 

- ოჯახიდან გამომდინარე, რომელი ხილიც მათ უყვართ. ჩემი მხრივ, ხილიდან ვურჩევდი ატამს, ფეიხოას, კომშს. ბოსტნეულიდან კი ბულგარულ წიწაკას, კომბოსტოს, კიტრსა და პომიდორს.

 

- თქვენს შვილებს ყველაზე მეტად რისი მურაბა უყვართ?

 

- ჩემს შვილებს  კაკალი და საზამთრო უყვართ. ვცდილობ, გავალამაზო მურაბები, სხვადასხვა ფორმებით გამოვჭრა. წელს საზამთროს ნაძვის ხის ფორმები მივეცი. ვფიქობ, ასე გაფორმებული უფრო მოეწონებათ პატარებს.

 

 

- გაციებისთვის უებარი წამალია ჟოლოს მურაბა, როგორია ელგას ჟოლოს რეცეპტი?

 

- ჩემი ოჯახის წამალია ჟოლოს მურაბა. გაციების დროს უებარია ჩაის სახით. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ რეცეპტს: კილოს კილოზე  დაამატეთ შაქარი, მთელი ღამით გააჩერეთ. 15 წუთით წამოადუღეთ და გააჩერეთ მასის გაციებამდე, ასე გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდეგ გასტერილებულ ქილებში მოათავსეთ და მოხუფეთ.

 

- პროდუქტები თავად მოგყავთ სოფელში, თუ ყიდულობთ ხოლმე? რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავად პროდუქტის გემოვნურ თვისებებს?

 

- ზოგჯერ ვყიდულობ, ზოგჯერ კი სოფლიდან დედა მიგზავნის. რა სჯობს სოფლად მოყვანილი ხილით და ბოსტნეულით რომ გააკეთებ ყველაფერს! 

 

ავტორი: თათია მართიაშვილი