სწორი საუზმე ეფექტურად გახდომისთვის - Gemrielia.ge

სწორი საუზმე ეფექტურად გახდომისთვის

 

ყველას გვსურს გემრიელად მივირთვათ, ისე რომ ეს ჩვენი სხეულის ფორმებზე უარყოფითად არ აისახოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ფანტაზიის სფერო სულაც არ გახლავთ.
სწორად დაწყებული დღე და გონივრულად შედგენილი საუზმე ნამდვილად შეიძლება გახდეს ფორმაში ჩადგომის წინაპირობა.
მოდით განვიხილოთ სწორი საუზმის პრინციპები და შევარჩიოთ სასარგებლო საკვები.


ვისაუზმოთ თუ არა?


ბევრი ფიქრობს, რომ თუ საუზმეს გამოტოვებს, ან რაიმე უმნიშვნელოს წაიხემსებს, უფრო გაუადვილდება ზედმეტი კილოგრამების დაკლება. მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი არ წყვეტს მუშაობას - გადაამუშავებს მთელი დღის მანძილზე მიღებულ საკვებს, ახდენს ქსოვილების განახლებას, ორგანოების და უჯრედების კვებას. სწორედ ამიტომ, მოშიებულ ორგანიზმს დილით აუცილებლად უნდა მივაწოდოთ საკვები და სითხე.


თუ დილით არაფერს მიირთმევთ, მალე იგრძნობთ ენერგიის ნაკლებობას და თავბრუს ხვევას. ამის მიზეზია გლუკოზა, უფრო სწორად კი მისი ნაკლებობა, რის გამოც ტვინი ძლიერ იმპულსებს გზავნის. თუ თქვენ მიირთმევთ მაშინ, როცა გლუკოზის დონე კრიტიკულად დაბალია, დიდი შანსია, რომ საჭიროზე დიდი ულუფა მოითხოვოთ. ასეთ შემთხვევებში ორგანიზმი ეკონომიის გაკეთებას იწყებს და ზედმეტ კალორიებს "ინახავს" . კალორიების დასაწყობება კი ცხიმის სახით ხდება მუცელზე, დუნდულებზე და წელზე.

 

Image result for having breakfast



და რა ხდება მაშინ, თუ კი დილით ნოყიერად საუზმობთ? მოდით ეს ვარიანტიც განვიხილოთ.


დილით სვამთ ტკბილ ყავას ბუტერბროდით, ან წვენს ფუნთუშით, ტკბილ მიუსლს და შოკოლადს. თითქოს ცუდი საუზმე არ უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ასეთ საუზმეში ძალიან ბევრი მარტივი ნახშირწყლებია, რაც სისხლში შაქრის დონეს მკვეთრად მაღლა სწევს. პასუხად კუჭქვეშა ჯირკვალი ბევრ ინსულინს გამოიმუშავებს და მთელი შაქარი ცხიმად გარდაიქმნება, რაც ისევ და ისევ პრობლემურ ზონებში იყრის თავს. მალე კი ისევ თავს გახსენებთ შიმშილის გრძნობა, თუმცა კი სადილამდე ჯერ ისევ ბევრი დროა დარჩენილი.

გამოსავალი: ჯანსაღი კვების პრინციპებით შერჩეული საუზმე

ეს ერთადერთი სწორი ვარიანტია, რათა ერთის მხრივ არ დარჩეთ მშიერი, მეორეს მხრივ კი შეინარჩუნოთ შრომისუნარიანობა და ფიგურასაც არ ავნოთ. და რომელია ასეთი ჯადოსნური პროდუქტი? ალბათ იკითხავთ თქვენ. დილით ხომ არავის აქვს იმის დრო, ქურასთან იდგეს და კულინარიულ შედევრებს ქმნიდეს. ეს საჭირო არც არის. საუზმეში მთავარია სასარგებლო ნივთიერებებისა და კალორიების ბალანსი, რათა აქტიურობა შევინარჩუნოთ, თუმცა არ "გადავინახოთ" კალორიები მარაგად. რაციონში უნდა შედიოდეს ცილა და ცოტა ცხიმი, ასევე რთული ნახშირწყლები და ბევრი უჯრედისი, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის კარგი სტიმულატორია.

 

Image result for healthy breakfast



რთული ნახშირწყლები, რაც საუზმის ძირითად ბაზას წარმოადგენს, შეიძლება მივიღოთ ნატურალური მიუსლის, შვრიის, სრულმარცვლოვანი ხორბლის ან წიწიბურის ფაფის სახით, ცილის მისაღებად მენიუში ჩავრთოთ კვერცხი, მოხარშული ქათმის ან საქონლის ხორცის მცირე ულუფა (მაგალითად ბუტერბროდში). ხორცეულის ალტერნატივად რძის პროდუქტები შეგიძლიათ მოიაზროთ.


საუზმეზე აუცილებელია მცირეოდენი ცხიმის მიღებაც. უმჯობესია თუ ეს იქნება მცენარეული ზეთები, გაცხელების გარეშე ან ხარისხიანი კარაქი. ასევე აუცილებელია ხილი და ბოსტნეული. რასაკვირველია, აქ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტი ერთ საზმეზე არ უნდა მიირთვათ, გადაანაწილეთ კვირის მანძილზე შესაძლებლობისა და სურვილის მიხედვით.

 

Image result for bread with butter




თუ დილით საუზმობა არ გიყვართ ან არ შეგიძლიათ, თავდაპირველად ხილით დაიწყეთ, შემდეგ მოხარშული კვერცხი დაამატეთ რაციონს. ასე ნელ-ნელა ორგანიზმი მიეჩვევა და ისწავლის საუზმობას - ეს კარგი ჩვევაა.

დილით უარი თქვით შავ ჩაისა და ხსნად ყავაზე, ჩაანაცვლეთ ბევრად სასარგებლო მწვანე ჩაით და ნატურალური ყავით.