სანამ ზამთრის მარაგის მომზადებას დავიწყებდი, ეს 10 წესი მაცივრის კარზე გავიკარი! - Gemrielia.ge

სანამ ზამთრის მარაგის მომზადებას დავიწყებდი, ეს 10 წესი მაცივრის კარზე გავიკარი!

კონსერვები, მურაბები, კომპოტები... ტვინი წაიღეს!.. რა ბედენაა ამ „ზამთრის მარაგში“?! ზოგის ზაფხული ისე გადის, ჟოლოს შაქარს არ დააყრის, ზოგიერთი კი შემოდგომამდე ისე მიდის, სარდაფები და აივნები ამოვსებული აქვს სავსე ქილებით.

 

აღიარეთ, უზომო ვიცით ყველაფერი. აბა, ამდენი კონსერვი, ყოველ წელს რომ ვაკეთებთ, ვინ უნდა ჭამოს? აქაოდა, კორონაა და ისევ რომ ჩაგვკეტონ, ვემზადებითო, მაგრამ აქამდეც იყო კორონა? შარშან, შარშანწინ და იმისწინ ნაკლები ვაკეთეთ, ვხარშეთ და კინაღამ ჩვენც ჩავიხარშეთ?!

 

კულინარიულ ჯგუფებში ვარ გაწევრიანებული და მთელი ზაფხული ვუყურებ, რამდენ რაღაცას ამზადებენ ქალები ოჯახში: აქ საწებელიო, იქ კიტრის მწნილიო, ბადრიჯანიო, წიწაკა ზეთშიო... ან სხვისი ყურება რად მინდა, მე არ ვაკეთებ თუ რა? დიახ, ბატონო, ვაკეთებ და ამ ჯგუფებმა სულ გადამრია. რაც კი რამე ვნახე, ისე მომეწონა, რომ იმავე დღეს გავიქეცი ბაზარში. მოგეცა ლხენა, ჩემო თავო! ახლა ვინმე დამიწერს, ღმერთმა შეძლება მოგცა და რაღას წუწუნებო, მაგრამ რომ არ გვაქვს საშუალება და მაინც უსასრულოდ ვაკეთებთ, მაგაზე ვწუწუნებ სწორედ. რაც ამ ზაფხულში ხილი და ბოსტნეული ქილებში ვტენე, ისე მეჭამა, არ იქნებოდა ურიგო. 

 

იმას ვამბობდი, რომ ამ ჯგუფების გადამკიდემ ზუსტად ვიცი მთელი ქვეყნის ქალების კონსერვები. სახეზე შეიძლება ვერავინ ვერ ვიცნო, მაგრამ ქილებითა და სარდაფის თაროებით ნამდვილად გავიხსენებ, ვინ სად და როდის დადო პოსტი. 

 

ჯგუფში ვნახე ეს ფოტო, ქალი რომ ქილების წინაშე დამარცხდა და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე! იმდენმა იცნო თავისი თავი! რაღა დაგიმალოთ და მეც ბევრი არაფერი მიკლია მაგ მდგომარეობამდე. სანამ გაზზე შინდი თუხთუხებდა, ჩავუჯექი ფოტოს ქვეშ კომენტარებს და რამდენიმე რჩევა კი დამიჯდა ჭკუაში. ასე და ამგვარად, ჩემ თავს დავუწერე წესი, კოდექსი, ტრაქტატი თუ რაც გინდათ, ის დაარქვით.

 

 

როგორ მოვემზადო ზამთრისთვის ისე, რომ „თავი არ წევიქციო“

 

1.    ჩემო თავო, შენს ოჯახს ცოცხალი სჭირდები და მთლად ისე ნუ გადაყვები ხარშვა-ხუფვას, რომ ვერც შენ ჭამო და აღარც სხვას ჰქონდეს ჭამის ხალისი.

 

2.    რასაც თვალს მოკრავ, ყველაფერს ქილაში ნუ უკრავ თავს. გააკეთე ის, რაც შენ და შენს ოჯახს გიყვართ და შეჭამთ(!), თორემ 5 წლისწინანდელი მსხლის მურაბა ისევ ტახტის ქვეშ გიდევს და კი გაფუჭდებოდა ამასობაში.

 

3.    სანამ რამის კეთებას დაიწყებ, გახსოვდეს, რომ არავინ არ გაძალებს ხარშვა-ხუფვას, მაგრამ საჭიროა, შენს ოჯახს გამოადგება და მადლიერები დაგრჩებიან. 

 

4.    თუ ცუდ ხასიათზე იქნები, იმ დღეს არაფერს გაეკარო, თორემ ქილას თავი აეხდება და შრომა წყალში ჩაგეყრებაო, ხალხი ამბობს და დაეჯერებათ!

 

5.    ერთიანად ნუ მიასკდები ყველაფერს და 1 კვირაში ნუ მოინდომებ მთელი წლის მარაგის მომზადებას, როგორც იცი ხოლმე. დღეებზე გადაანაწილე!

 

 

6.    სიზარმაცე რომ შემოგიტევს, გაიქეცი და კაკლის მურაბა შეჭამე. გაიხსენე, როგორ წვალობ ხოლმე გაკეთებაზე, მაგრამ როგორი გემრიელია შედეგი.

 

7.    რასაც გოგოები გეტყვიან, შენ ყველაფერზე თვალი ნუ დაგრჩება. გაუფრთხილდი ქილებს და შენი აივნის ადგილს. თაროები რომ აივსება, ე. ი. ზამთრისთვის მზადება დასრულებულია და მეტს ნუღარაფერს მიამატებ - ადგილს ვერ უპოვი და მაინც გაგიფუჭდება.

 

8.    ოთხნაირი აჯიკის გაკეთება არ არის საჭირო. რომელსაც საჭმელში გამოიყენებ, ის გააკეთე.

 

9.    ახალი რეცეპტის გამოცდას თუ გადაწყვეტ, პირველ ჯერზე ცოტა გააკეთე, თორემ მაშინდელივით შეგრჩება 10 ქილა ნესვის კანების მურაბა.

 

10.    კიდევ ერთხელ გიმეორებ: შენს ოჯახს ცოცხალი სჭირდები და მთლად ისე ნუ გადაყვები ხარშვა-ხუფვას, რომ ვერც შენ ჭამო და აღარც სხვას ჰქონდეს ჭამის ხალისი.

 

სანამ ეს ვწერე, შინდიც მოიხარშა და ქილებში ჩასხმის დროა. კიდევ მინდა რაღაცების გაკეთება, სასწაული მკვახე პომიდვრის მწნილი ვნახე ჯგუფში. მგონი, ის დროა ეს „წესები“ მაცივრის კარზე გავიკრა და გავიზეპირო...