ბალანსირებული კვების 5 უპირატესობა - Gemrielia.ge

ბალანსირებული კვების 5 უპირატესობა


გსმენიათ ნელი კვების ( slow food) მოძრაობის შესახებ? ეს მოძრაობა იტალიაში დაიბადა სრაფი კვების, ფასტ ფუდის საწინააღმდეგოდ და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. თუ თქვენც მოგბეზრდათ გადარბენით ჭამა და საკვებიდან კალორიების გარდა, სიამოვნების მიღებაც გინდათ, ეს მოძრაობა სწორედ სათქვენოა. თუმცა კი საქართველოში ის არც ისე პოპულარულია, შეიძლება იმიტომ, რომ ფასტ-ფუდის რესტორნები ჩვენთან ჯერ ისევ ''მოდურია'' და არც ცუდ ტონად მიიჩნევა.
ნელი კვების არსი ტრადიციული სამზარეულოს პატივისცემის გარდა, საკვების სწორად მირთმევაში მდგომარეობს. ლუკმა უნდა დაღეჭოთ ნელა და სრულფასოვნად, სარგებელტან მიიღოთ სიამოვნებაც. ეს უნდა იყოს ერთგვარი რიტუალი და არა მხოლოდ შიმშილის მოკვლა. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ასე უფრო ნაკლებსაც ჭამთ და კარგადაც ნაყრდებით. ასეთი კვება გამორიცხავს არაჯანსაღ, არასეზონურ პროდუქტებს და სხვადასხვა სახის საკვებ დანამატებს. შესაბამისად უფრო მეტ დროსაც მოითხოვს, თუმცა ამად ღირს.
GEMRIELIA

ასეთი კვების წყალობით თქვენ

1. აკონტროლებთ წონას
ცნობილი ფაქტია, რომ ზედმეტ წონას იწვევს ზედმეტი კალორიები. ტვინს დანაყრების სიგნალები კვების დაწყებიდან 15-20 წუთში მიეწოდება. სწრაფი კვების დროს, ამ სიგნალის გაშვებამდე უკვე ასწრებთ ზედმეტი ულუფის შეჭმას. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს საჭიროზე 25%-ით მეტია. დაუხარჯავი კალორიებს კი ორგანიზმი "შავი დღისთვის" ინაახავს მარაგად.

ნელი ჭამის დროს, ტვინი გლუკოზის საჭირო რაოდენობას ჯერ კიდევ კვების პროცესში იღებს, აანალიზებს მის დონეს და გზავნის დანაყრების სიგნალებს. შესაბამისად, ჭამთ უფრო ნაკლებს, თუმცა აღარ გშიათ.

2. იღებთ სიამოვნებას საკვებიდან
არ უნდა დაივიწყოთ, რომ საკვები, კალორიების გარდა, სიამოვნების მიღების წყაროცაა. შესაბამისად, ამ დროს კმაყოფილების ჰორმონები გამომუშავდება, მათ ხომ ისეთი მნიშვნელოვანი მისია აქვთ, როგორიც სტრესთან ბრძოლაა. მაგრამ ყველაზე გემრიელი კერძითაც კი ვერ ისიამოვნებთ, თუ კი დაუღეჭავად გადაყლაპავთ და თითოეულ ლუკმას არ დააგემოვნებთ.
ყოველთვის ისადილეთ მაგიდასთან, შეიგრძენით ყოველი სანელებელი და არომატი, რაც კერძშია, გემოს ყოველი ნოტი, სიტკბო, სიმლაშე, სიცხარე...


3. არეგულირებთ საჭმლის მონელებას
ყოველი ლუკმის კარგად დაღეჭვა ააქტიურებს საჭმლის მონელების პროცესს და სრულყოფს მის ათვისებას. ამასთანავე, კარგად დაღეჭილი საკვები თანაბრად ერევა კუჭის წვენში, ფერმენტები კი მას უკეთ გადაამუშავებენ.
კვების ასეთი წესი, ისეთ დელიკატურ პრობლემასაც მოაგვარებს, როგორიც შეკრულობაა. ხშირად მას სწორედ მშრალი საკვები იწვევს, რომელიც კუჭში დარბილებას ვერ ასწრებს და ნაწლავებში საცობებს ქმნის.

4. იშვიათად მიმართავთ ექიმს
ჯანმრთელობის საწინდარი ხომ ისევ და ისევ კვებაა! ბალანსირებული, ზომიერი საკვები მთელ ორგანიზმზე დადებითად აისახება. შინაგანი ორგანოების გარდა, საჭმლის ნელა დაღეჭვა კბილებისთვისაც კარგია.

5. ურთიერთობთ მეგობრებთან
ნელი კვების პრინციპებში აქტიური კომუნიკაციაც შედის. ინტერნეტისა და სოც.ქსელების ეპოქაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოამზადეთ რაიმე გემრიელი, დაპატიჟეთ მეგობრები და ახლობლები, ისაუბრეთ, დააგემოვნეთ კერძები. ერთობლივი სადილები ამყარებს კავშირს ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს შორის. შეგიძლიათ, რომელიმე კარგ რესტორანში, გემრიელი საკვებით ისამოვნოთ და მეგობრებს ესაუბროთ ჭიქა ღვინის თანხლებით. თუ დაკვირვებიხართ, მაღალი დონის რესტორნებში ულუფა ყოველთვის ზომიერია, თუმცა მშიერი არასოდეს წამოხვალთ.


სულაც არაა გასაკვირი, რომ ბალანსირებული, ნელი კვების მოძრაობა ნამდვილი გურმანების ქვეყნიდან - იტალიიდან დაიწყო. ისინი ხომ შესანიშნავად ერკვევიან კულინარიაში! ფერადი ლოკოკინა ამ მოძრაობის სიმბოლოა

GEMRIELIA
სცადეთ მიჰყვეთ ამ მოძრაობის პრინციპებს და მალე თავადაც დააფასებთ მის უპირატესობებს.