სიმართლე ღამით კვების შესახებ - რა უნდა ვჭამოთ და რა არა? - Gemrielia.ge

სიმართლე ღამით კვების შესახებ - რა უნდა ვჭამოთ და რა არა?


ყველამ ვიცით, რომ გვიან ღამით ჭამა სასარგებლო არ არის. თუმცა ბევრი ადამიანი სამსახურიდან გვიან ბრუნდება, სახლშიც უამრავ საქმეს აკეთებს, რის გამოც შიმშილი ხშირად ახსენებს თავს.
ასეთ დროს მათ წესების დარღვევა და ღამით ჭამა უწევთ. არსებობს კი პროდუქტები, რომლის ღამით მირთმევაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს ორგანიზმს და ღირს თუ არა ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოთმენა? შევეცდებით ამ კითხვას პასუხი გავცეთ.

ღამით ორგანიზმში უჯრედების აღდგენისა და განახლების პროცესი მიმდინარეობს.ისვენებს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა. ორგანიზმი დასვენებისთვის ემზადება. გვიანი ვახშამი ყველა ამ პროცესს არღვევს. ამასთანავე შეიძლება უძილობის მიზეზიც გახდეს, რადგან სავსე კუჭი სრულფასოვან ძილს ხელს უშლის.
ამასთანავე, სისტემატიური კვება ღამით ჭარბი წონის მიზეზი შეიძლება გახდეს.

თუმცა ეს ყველაფერი ზრდასრული ადამიანებისთვისაა ყურადსაღები, რომელთა ზრდა და ორგანიზმის განვითარება მთლიანად დასრულებულია. ბავშვებს და მოზარდებს მეტი ენერგია ესაჭიროებათ და ღამე წახემსება დიდ ზიანს არ მოუტანთ.

მაშ, როგორ მოიქცნენ ისინი, ვინც დღის განმავლობაში სრულფასოვანი საუზმისა და სადილის მიღებას ვერ ახერხებს, ან დროულად ვერ ვახშმობს?
თუ ადამიანს ჭარბი წონა არ აწუხებს, დიეტაზე არ არის და ექიმისგანაც არ აქვს აკრძალული გვიან წახემსება, შეუძლია თავს უფლება მისცეს და ისეთი პროდუქტები მიიღოს, რომელთაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ასეთებია სტაფილო, თაფლი, ორცხობილა, მოხარშული გოგრა, ბრინჯი, კივი, ბანანი, ქიშმიში....
ასეთი საკვები მშიერ ტვინს სწრაფი გლუკოზით მოამარაგებს, დაეხმარება ჰორმონ მელატონინის და სეროტონინის გამომუშავებაში, რაც გუნებას გამოგიკეთებთ. ღამით ბოსტნეულის სალათის მირთმევაც შეგიძლიათ, კალორიული სოუსების გარეშე და ცოტაოდენი თეთრი ღვინის დალევაც.

მაგრამ გახსოვდეთ, ასეთი საკვები დიაბეტით ან ჭარბი წონით დაავადებულებს ეკრძალებათ და ისინი მხოლოდ ექიმის მითითებებს უნდა დამორჩილდნენ.

ვისაც უძილობა აწუხებს, ღამით რძის პროდუქტი, ყველი, გვირილის ან პიტნის ჩაი თაფლით უნდა მიიღონ.

ღამით უნდა მოერიდოთ ძლიერ ალკოჰოლს, კოფეინის შემცველ ან ენერგეტიკულ სასმელებს, ასევე პროდუქტებს დაბალი გლიკემიური ინდექსით, რადგან მათ ორგანიზმი შედარებით გვიან გადაამუშავებს.
დაგვიანებულ ვახშამში ნუ ჩართავთ მარცვლეულს(ლობიო, ოსპი), კომბოსტოს, მაკარონს, მწარე წიწაკას, ნიორსა და სანელებლებიან საკვებს, რადგან ეს უკანასკნელნი მადას აღვიძებენ და ცოტა ხანში შესაძლოა, ისევ იგრძნოთ შიმშილი.
თევზი, ქათამი ან ხორცი საღამოს 6-7 საათის შემდეგ სასურველი აღარ არის, რადგან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება გადასამუშავებლად.

ამბობენ, რომ ვახშმამდე 30 წუთით ადრე ცოტაოდენი მაწვნის, კეფირის, თბილი წყლის ან გვირილის ჩაის მიღება მადას ამცირებს. ხშირად წყურვილიც შიმშილი გვგონია, ამიტომ ჯერ 1 ჭიქა წყლით, უშაქრო ჩაით ან წვენით ვცადოთ მისი დაოკება.
ვახშმის შემდეგ თუ კბილებს გაიხეხავთ, ეს ფსიქოლოგიურად განგაწყობთ იმისთვის რომ მეტი აღარ ჭამოთ.

ვჭამოთ თუ არა ღამით - საკმაოდ რთული შეკითხვაა. მაგრამ თუ შიმშილის გრძნობა მოსვენებას გიკარგავთ, მსუბუქი და სასარგებლო პროდუქტები მიირთვით.