რატომ ამზადებენ სამეგრელოში „ხურმის ფარდებს“ და როგორ იცავენ სისუფთავეს – ინტერვიუ სამეგრელოდან - Gemrielia.ge

რატომ ამზადებენ სამეგრელოში „ხურმის ფარდებს“ და როგორ იცავენ სისუფთავეს – ინტერვიუ სამეგრელოდან

 

ხურმა აბანოზისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება და აქვს 200–მდე სახეობა. მიუხედავად იმისა რომ ტკბილია, არის დაბალკალორიული პროდუქტი, 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს.

 

ეს კულტურა დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 90–იან წლებში იტალიიდან შემოიტანეს, საიდანაც გავრცელდა საქართველოს სხვა რეგიონებში.

 

ხურმის მიღება ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ებრძვის ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერ სტაფილოკოკს. მასში შემავალი იოდი ავსებს ორგანიზმის იოდის დეფიციტს, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს. ასევე, ხურმა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

 

ალბათ, ყველა ჩვენგანს უნახავს შემოდგომაზე, ხურმის ფარდებისგან დაფარული სახლები. ულამაზესი და თან ძალიან მიმზიდველი, როდესაც ვეღარ არჩევ გირჩევნია მისი ცქერით დატკბე, თუ რაც შეიძლება სწრაფად მიირთვა. 

 

გთავაზობთ ინტერვიუს სამეგრელოდან, დიასახლისთან, რომელიც ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს და ფარდას ახდის მთელ საიდუმლოებებს.


 

გამარჯობა, მაკა, პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას.  შეგიძლიათ გვითხრათ, როდიდან მოდის ხურმის ჩირების მომზადების ტრადიცია? 

 

ჩირების დამზადების ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის, მახსოვს დიდი ბებია როგორ ამზადებდა და სულმოუთქმელად ველოდებოდი დაგემოვნებას. ტრადიციას დღესაც აგრძელებენ სამეგრელოში, წლის ამ პერიოდში ერთი დიდი სანახაობაა სოფელში გასეირნება, სადაც მიყოლებით ყველა სახლში ხურმის ჩირები ფარდებად კიდია. 


 

როდის იწყებთ ხურმის ჩირების კეთებას?

 

ჩვენი ოჯახი მზადებას იწყებს ნოემბრის პირველი რიცხვებიდან. ესეც ინდივიდუალურია. ვინც ბევრს აკეთებს, შესაბამისად, მას მეტი დრო სჭირდება. თუმცა პერიოდი მერყეობს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე. 


 

რა ძალისხმევასთან არის დაკავშირებული?

 

საკმაოდ შრომატევადია და მოიცავს რამდენიმე დღეს. ჯერ ვკრეფთ ხურმას, ყუნწებიანად. ვთლით, ვასხამთ თოკებზე სათითაოდ. შემდეგ ასხმულ ხურმას მდუღარე წყალში ვავლებთ და გასაშრობად ვკიდებთ. 

 

 
რამდენად მოქმედებს ამინდი ჩირზე?

 

როდესაც მდუღარე წყალში ვავლებთ, ამით ვაზღვევთ ჩირს. ასე უფრო ნაკლები საშიშროებაა ჩირის გაფუჭების. უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია პირველ კვირას არ მოხვდეს წვიმის წვეთები. ამიტომ წინასწარ ვითვალისწინებთ ამინდის პროგნოზებს. 

 

ასევე დაგაინტერესებთ : როგორ მოვამზადოთ კარალიოკის ჩირი ისე, რომ გამოვიდეს რბილი – რჩევები დიასახლისებისგან


 

ძალიან ბევრი ლამაზი ფოტო იძებნება სოციალურ ქსელებში, სადაც სახლი მთლიანად დაფარულია ჩირებით. რატომ აკეთებთ ამ რაოდენობისას?
 

ყოველთვის ასე ხდება, ვუმზადებთ შვილებს, შვილიშვილებს. ზოგისთვის ეს ერთგვარი ბიზნესია, ზამთარში, საახალწლოდ ყიდიან. სამეგრელოში, ხურმის ჩირის გარეშე წარმოუდგენელია ახალი წელი.


 

დიდი რაოდენობის მიუხედავად, სისუფთავეს როგორ იცავთ? 

 

წლის ამ პერიოდში, როდესაც მზადდება ხურმა, მწერი თითქმის აღარ არის. ასევე, სისუფთავეს განსაკუთრებით ექცევა ყურადღება, ყოველდღიურად ვამოწმებთ გაშრობის პროცესს. მხოლოდ გამზადებით და ჩამოკიდებით არ მთავრდება მუშაობა, ეს პროცესი მიმდინარეობს მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაშრება ჩირი. 

 

 
მოგვიყევით, რა საფეხურებს გადის ჩირი, როდესაც ბოლომდე გაშრება?

 

მთავარია ჩირი არ გამოშრეს და გამაგრდეს. როდესაც გახდება იდეალურად მშრალი, ვხსნით და ვკიდებთ შიგნით, ოთახში და ვაფარებთ მარლას ან სუფთა ნაჭერს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მალევე არ გაფუჭდეს ჩირი. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი ამას ამზადებს გასაყიდად, სუფთა მუყაოს ყუთებში აწყობენ. 

 

 
ქალაქის პირობებში თუ არის შესაძლებელი ხურმის დამზადება?

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ძაფზე შეგიძლიათ ააცვათ მცირე რაოდენობა და აუცილებლად აივანზე გააშროთ.