როგორ მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები მწვანე ჩაის დახმარებით - Gemrielia.ge

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები მწვანე ჩაის დახმარებით

ფორმაში ჩადგომაზე ან მის შენარჩუნებაზე თითქმის ყველა ადამიანი ზრუნავს. იდეალური წონა ხომ სილამაზესთან ერთად ჯანმრთელობის საწინდარიცაა. სწორი დიეტა კი, უპირველეს ყოვლისა, სწორად შერჩეულ საკვებს ნიშნავს.


სხვადასხვა სასმელების მიღებაზე წონის კლების დროს ბევრი თქმულა და დაწერილა: ხდებიან წყლის, ყავის, სხვადასხვა ბალახის ნაყენის დახმარებით, მაგრამ ლიდერობას ამ სიაში მწვანე ჩაი არავის უთმობს.

მაინც რაშია მწვანე ჩაის საიდუმლო?

მწვანე და შავ ჩაის ერთი და იგივე ბუჩქიდან იღებენ, მაგრამ მათი დამუშავების მეთოდიკა განსხვავებულია, ამიტომ თვისებებიც სხვადასხვა აქვთ. ორივე სახის ჩაიში დიდი რაოდენობით კოფეინია, რაც ნერვულ სისტემას ასტიმულირებს. ამიტომ დიდი რაოდენობით ჩაის სმა არ ღირს.

მწვანე ჩაი მინიმალური ფერმენტაციის გზით მიიღება და სასარგებლო ნივთიერებების უმეტეს ნაწილს ინარჩუნებს. მას სამკურნალო თვისებებიც აქვს, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებით, B ჯგუფის, K , PP და C ვიტამინებით, შეიცავს ფტორს.

ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს, ააქტიურებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის წვას უჯრედების შიგნით.

მწვანე ჩაის სმა წონის კორექციისთვის კარგი საშუალებაა. ეს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებისა და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე ხდება.

მწვანე ჩაის კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება აქვს - მადას აქვეითებს. თუ წახემსების სურვილს ვერ უმკლავდებით, ერთი ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი დალიეთ. ფინჯანი ჩაი ნოყიერი სადილის ან ვახშმის წინაც დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში, დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ჩაიში კალორიები თითქმის არ არის, მისი დახმარებით წონაში კლება ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ხდება მადის დაქვეითებისა და მეტაბოლიზმის აქტივაციის ხარჯზე, ამასთანავე, იგი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს სისხლის წნევას და იმუნიტეტს აძლიერებს.

 



მწვანე ჩაის დახმარებით გახდომის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ძირითადია დიეტა და განტვირთვა

ათდღიანი დიეტა მოიცავს დაბალკალორიულ კვებას და ჩაის რამდენიმე ფინჯანს დღის განმავლობაში, როგორც ძირითადი კვების დროს, ისე შუალედებში. თუმცა 18 საათის შემდეგ არ ღირს მისი მიღება - კოფეინის მაღალი შემცველობის გამო შესაძლოა ძილის დარღვევა გამოიწვიოს.

ჩაი ყოველი მიღების წინ თავიდან უნდა მოვამზადოთ. რა თქმა უნდა, შაქრის გარეშე უნდა მივიღოთ, შეგვიძლია 1 კოვზი თაფლი ან ცოტაოდენი რძე დავამატოთ.

ჩაის მიღებასთან ერთად შევამჩნევთ, რომ მადა დაგვიქვეითდა და ადრინდელზე ნაკლებ საკვებს ვიღებთ, მაგრამ მინერალებისა და ვიტამინების მარაგს ჩაი შეგვივსებს. ეს განწყობაზეც მოქმედებს - დიეტა არის, სტრესი და შიმშილი კი არა! საბოლოოდ, დაბალკალორიული კვებისა და ჩაის დახმარებით ადვილად შევძლებთ 3-4 ზედმეტი კილოგრამის დაკლებას.

არსებობს განტვირთვის დღეებიც ჩაის დახმარებით, მაგრამ ეს შედარებით ექსტრემალური მეთოდია და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა უმოკლეს დროში, საღამოს კაბაში ან ვიწრო ჯინსში თვალისმომჭრელად უნდა გამოვიყურებოდეთ. განტვირთვა 24 საათზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. ამ დროს მხოლოდ მწვანე ჩაის სვამენ, ვისაც რძე უყვარს, შეუძლია რძიანი ჩაი მიიღოს.

24 საათში 2-2.5 ლიტრი სასმელი უნდა მივიღოთ. 1-2-ჯერ ჩაიში თაფლის დამატებაც შეიძლება. ჩაის შარდმდენი ეფექტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დასვენების გამო საშუალოდ 2 კილოგრამის დაკლება შეიძლება.

 



მაგრამ როგორი ჯადოსნურიც არ უნდა იყოს მწვანე ჩაი, ის ყველასთვის არ შეიძლება, მით უფრო დიეტური მიზნით და დიდი დოზით. ჩაი სისხლის წნევას აქვეითებს და ჰიპოტონიკებისთვის სასურველი არ არის. კოფეინის მაღალი შემცველობისა და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების უნარის გამო, იგი არც გულით ავადმყოფებს და ჰიპერტონიკებს მოუხდებათ.

ისევ და ისევ კოფეინის გამო, დიდი დოზით მწვანე ჩაი სასურველი არ არის მეძუძური დედებისთვის, ორსულებისთვის, მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს. არ შეიძლება მისი მიღება ალკოჰოლთან ერთად, ეს თირკმელებს აზიანებს.

მწვანე ჩაი კიდევ უფრო სასარგებლო გახდება, თუ მას ჯანჯაფილის ფესვს, ლიმონს, პიტნას დავამატებთ. გამოვიყენოთ მხოლოდ ფოთლოვანი, დასაყენებელი ჩაი, დავამატოთ ჯანჯაფილის ფესვის პატარა ნაჭერი ან პიტნის რამდენიმე ტოტი და დავასხათ ადუღებული წყალი. დავაყენოთ 5-7 წუთი.

გვახსოვდეს, შედეგის მისაღებად უნდა შევამციროთ საკვების კალორიულობა და რაოდენობა, ჩაი კი მხოლოდ სრულყოფს პროცესს და ეხმარება ორგანიზმს მიზნის მიღწევაში. ასეთ შემთხვევაში ადვილად დავიწყებთ თვალსა და ხელს შუა "დნობას".

თქვენ თუ გიყვართ მწვანე ჩაი?