myquiz

აი, ასე მზადდება ნამდვილი კახური ჩურჩხელა – 1 წლის მერეც კი ახალგაკეთებულს ჰგავს - Gemrielia.ge

აი, ასე მზადდება ნამდვილი კახური ჩურჩხელა – 1 წლის მერეც კი ახალგაკეთებულს ჰგავს

ჩურჩხელა ვის არ უყვარს, მაგრამ მისი სწორად მომზადება და შენახვა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ გვინდა, რომ გემრიელი და რბილი გამოგვივიდეს.

 

Gemrielia.ge-ის ჯგუფის წევრი ფიქრია შალაშვილი გვიზიარებს ოჯახურ რეცეპტს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
„მოგახსენებთ ჩემი ოჯახის ბებიის დროიდან მოყოლებულ ჩურჩხლის მომზადების და შენახვის წესებს.

 

პირველ რიგში საჭიროა სუფთა ყურძნის წვენი, კარგად დადუღებული. ჩვენ 200 ლიტრ ახალგამოწურულ ყურძნის წვენს 80-დან 100 ლიტრამდე ვაყენებთ, იქამდე ვადუღებთ.

 

რა თქმა უნდა, ქაფი უნდა მოხადოთ დუღლის დროს, რომ ბადაგი იყოს სუფთა და შესაბამისად ჩურჩხელაც. 
საჭიროა კარგი ხარისხის ნიგოზი, რადგან როგორ კარგი თათარაც არ უნდა მოამზადოთ, თუ ნიგოზი არ არის ხარისხიანი, მძაღდება, ანუ ფუჭდება თათარაში და ჩურჩხელაც აღარ ვარგა.

 

 

ფქვილი აუცილებლად უნდა იყოს რუხი ფერის. 1 ლიტრზე 2 ცალი  200-გრამიანი ჭიქაა საჭირო, რომ კარგი სისქე ჰქონდეს. მხოლოდ პურის ფქვილი და არანაირი სხვა დანამატი (რა თქმა უნდა, ნამდვილ კახურ თათარასა და ჩურჩხელაზე თუ ვსაუბრობთ.
ბადაგს რომ მოადუღებთ, დატოვეთ 1 ან 2 დღე მაინც, რომ კარგად დაილექოს, თუ რამე აქვს. სუფთა ბადაგით კი მოამზადეთ თათარა. ოდნავ გაათბეთ ბადაგი და ისე შეაზილეთ ფქვილი. წამოდუღებიდან კარგად უნდა შუშოთ თათარა პერიოდული მორევით, რომ ფქვილი კარგად მოიხარშოს და არ ჰქონდეს გემო. 40-ლიტრიან ქვაბს 3 საათი სჭირდება შუშვა. პატარა ქვაბი კი 45 წუთი ან 1 საათი მაინც დატოვეთ ცეცხლზე. 

 

შენახვის წესი: ჩურჩხელა უნდა გააშროთ თაკარა მზეზე ან ისეთ ადგილას სადაც სითბოა დაახლოებით 1 თვე მაინც უნდა კარგად გამოშრეს თათარა. შეიძლება გარედან გაშრეს, მაგრამ შიგნიდან არ იყოს სრულად გამომშრალი, რაც გამოიწვევს დაობებას ძალიან მალე. 

 

10 დღეში და 2 კვირაში არანაირად არ იქნება სრულად გამომშრალი. კარგად გამშრალი ჩურჩხელა შეინახეთ ტილოს ტომრებში. ქვაბში ჩააფინეთ რამე სქელი ნაჭერი, ჩაალაგეთ ეს ტომრები და შეფუთეთ. დაახურეთ თავსახური და დატოვეთ. ასე სირბილესაც შეინარჩუნებს და მალეც დაიშაქრება. წარმატებები ყველას!