„აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი!“ – ნიკოლოზ მანაგაძე „მასტერშეფისა“ და მომავლის გეგმების შესახებ
„აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი!“ – ნიკოლოზ მანაგაძე „მასტერშეფისა“ და მომავლის გეგმების შესახებ


კულინარიულ პროექტ „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ოქროს წინსაფრის მფლობელი ნიკოლოზ მანაგაძე ჯერ მხოლოდ 18 წლის არის. შესარჩევ ეტაპზე მისი მომზადებული დესერტი უმკაცრესმა ჟიურიმ დადებითად შეაფასა და იდეალური უწოდა.

 

ნიკოლოზი კვირების განმავლობაში აოცებდა ჟიურისაც და მაყურებელსაც, თუმცა ბურგერის ტური მისთვის საბედისწერო გამოდგა და პროექტი დატოვა. როგორ აფასებს თავის მონაწილეობას „მასტერშეფში“ და რა გეგმები აქვს მომავალში, ამის შესახებ ნიკოლოზ მანაგაძე თავად გვესაუბრა.

 

– როგორც ყველას, მეც ფინალში გასვლა და გამარჯვება მინდოდა, მაგრამ თუ ჩემს ასაკსა და გამოცდილებას, უფრო სწორად, გამოუცდელობას, გავითვალისწინებთ, ოქროს წინსაფრის მოპოვება და აქამდე მოსვლაც დიდი მიღწევაა.

 

ბევრს ვფიქრობდი, საერთოდ უნდა მიმეღო თუ არა მონაწილეობა. მეშინოდა კამერების, შოუსი, მაყურებლის... ახლა ძალიან მიხარია, რომ გავრისკე და მოვედი. ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა. გარდა ამისა, თუკი მანამდე ცოტა მეგობარი მყავდა, ახლა ისეთი ადამიანები გავიცანი, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. „მასტერშეფმა“ უამრავი ადამიანის სიყვარულიც მომიტანა. ძალიან თბილ შეტყობინებებს მწერენ, აკომენტარებენ, რაც ძალიან მახარებს. მინდა თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო.

 

 

– სად მიიღეთ განათლება?

 

–  კულინარიის მიმართულებით განათლება არ მაქვს, არც შეფებთან მიმუშავია, ყველაფერი ჩემით ვისწავლე. ჩემს ოჯახს საკონდიტრო ინგრედიენტების სადისტრიბუციო კომპანია აქვს. სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული შეფების მასტერკლასებს ვესწრებოდი და საკონდიტრო სფეროს ასე დავუახლოვდი.

 

მანამდე იყო მუსიკა და რაგბი. 11 წელია ფორტეპიანოზე ვუკრავ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ დავასრულე, არაერთ კონკურსში დიდი წარმატებით მიმიღია მონაწილეობა. ასევე, 5-6 წლის წინ რაგბის თამაში დავიწყე. რაგბი ჩემი ცხოვრება იყო, მაგრამ ტრავმა მივიღე. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, აღარ ვიცოდი, რით უნდა შემევსო დანაკლისი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კულინარია... რაც ყველაზე მეტად მომწონს, სამივე სფერო გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ახლა შვეიცარიის ინტერნაციონალურ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობ. შვეიცარიაში რომ წავალ, მინდა კონდიტერია პროფესიონალურ დონეზე შევისწავლო.

 

ნიკოლოზისა და სხვა მონაწილეების რეცეპტი იხილეთ აქ 

 

– როგორც ბოლო ეპიზოდში თქვით, გსურდათ კონდიტერია შემოგეტანათ კულინარიაში. გაამართლა ამან?

 

– სხვათა შორის, ბურგერში შოკოლადის დამატებამ გაამართლა და არ ვნანობ. სახლში რომ მოვამზადე და გავსინჯე, ძალიან გემრიელი გამოვიდა. საკონკურსო დღეს ჩემი ბურგერი ხორცის შეწვის ხარისხმა გააფუჭა. ხორცი უმი იყო და ბურგერი ფაქტობრივად ვერ გასინჯეს, თორემ ექსპერიმენტმა ნამდვილად გაამართლა.

 

– თქვენი გულშემატკივრები წუხდნენ, რატომ გაირთულა საქმე, მარტივი ინგრედიენტები აეღოო...
 

 

– მე მეგონა, ვიმარტივებდი. რას ვიფიქრებდი, ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილის ნაცვლად სემოლინა თუ იქნებოდა! შეხების უფლება არ გვქონდა და გარეგნულად ნამდვილად ჩვეულებრივ ფქვილს ჰგავდა. ალბათ ესეც გამართლებაზე იყო.

 

 

– გადაცემის ბოლოს აღნიშნეთ, რომ აუცილებლად დავბრუნდებიო. ეს იმას ნიშნავს, რომ „მასტერშეფში“ კიდევ გიხილავთ?

 

– დიახ, აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს სათქმელს ვიტყვი! მე ახლა ვეუფლები ჩემს პროფესიას, აქამდე ჩემი ნიჭით მოვედი, აშკარად მაკლდა ცოდნა, გამოცდილება... ამას ისიც ემატება, რომ ამ სეზონში კონკურენცია აშკარად ძალიან მაღალია, მანამდე ამდენი მზარეული თორმეტეულში არ ყოფილა.

 

– და ბოლოს, ვის გულშემატკივრობთ?

 

– ლუკას. გარდა იმისა, რომ არ დანებდა, განვითარდა და მეორედ მიიღო მონაწილეობა პროექტში, ძალიან ღირსეული კონკურსანტია, ნიჭიერია, დიდი ცოდნა აქვს და ნამდვილად იმსახურებს გამარჯვებას.

მასალის გამოყენების პირობები
21 ნოემბერი, 2020 06:59 p.m.
ნანახია: 110