„ჩვენში დიდწილად მწვადი და ხინკალი იციან, არადა, ქართველებს ბევრი მივიწყებული კერძი გვაქვს“ - თუში ბიჭი, რომელსაც კულინარია, ცხენით ჯირითი და ხელსაქმე იტაცებს
"კულინარიაში ვმუშაობ, არ ვჩერდები, ვსწავლობ, ვკითხულობ, თვითგანვითარებას ვცდილობ, გასტრონომიაში საინტერესო ვიდეოებს ვუყურებ, ახალ-ახალ კერძებს ვეძებ, ცნობილი შეფმზარეულების გამოცდილებას ვეცნობი", - გვეუბნება მირიან სულაკაური, რომელიც პოპულარული შოუს "მასტერშეფის“ ფინალისტია. მისთვის ფინალის საგზურად იქცა აღმოსავლეთ მთიანეთის ტური, როდესაც მან დამბალ ხაჭოს შილაფლავი მოამზადა, თუშურ ერბოყვას (ქუმელი) თაღთან ერთად, თეფშად კი გამოიყენა ძველებური, დაჭყლეტილი ქვაბი, რომელიც, როგორ თვითონ თქვა, მის თუშ დიდი ბებოს ეკუთვნოდა..
ის კულინარიით ჯერ კიდევ მეცხრეკლასელი დაინტერესდა, მაშინ, როდესაც თავის მომავალზე დაფიქრდა, - თუ რა უნდოდა ეკეთებინა - ხელობას დაუფლებოდა, თუ სკოლაში რასაც ასწავლიდნენ, იმას მიჰყოლოდა, რაც დიდად არ აინტერსებდა.
"ამაში იქ სამი წელი უნდა დამეკარგა, მერე უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა, რაღაც განათლება მიმეღო და მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ დამეწყო. არადა, იმ პერიოდისთვის უკვე საკმაოდ დიდი ვიქნებოდი და გამოცდილება კი მცირე მექნებოდა... 15 წლისას, რაც ყველაზე მეტად მომწონდა, კულინარია იყო, ამიტომ მისი შესწავლა დავიწყე", - გვიყვება მირიანი.
- გახსოვს პირველი კერძი, რომელიც მოამზადე, გამოგივიდა, მოგიწონეს?
- ვიდრე კულინარიული მიმართულებით დავიწყებდი სწავლას, შინ თხელ ბლინებს ვაცხობდი, რომელსაც კარაქს გადავუსვამდი, შაქარს მოვაყრიდი, გადავახვევდი და მზად იყო, - მარტივად გამომდიოდა, ჩემებსაც ძალიან მომსწონდათ. სხვათა შორის, დღემდე მიყვარს...
- სულაკაურების დიდი შემოქმედებითი ოჯახის წარმომადგენელი ხარ. შენც ხატავ?
- ხატვის ნიჭი მეც მაქვს, როცა მუზა მომდის, ვხატავ, მაგრამ გარეგნულადაც და ხასიათებითაც დედას ვგავარ, დედა რაჭველია. ბებიაჩემის ძმები მზარეულები იყვნენ. მოკლედ, უფრო მათ მიმართულებას გავყევი, კულინარი გავხდი...
- რაჭა ახსენე, მაგრამ გვარით და წარმომავლობით თუში ხარ...
- ბავშვობაში ჩემებს არ მივყავდი თუშეთში, ძალიან ანცი ბავშვი ვიყავი და ეშინოდათ, იმ მთებში რაღაც არ მომეწია, როცა უკვე 16 წლის გავხდი, იქ პირველად მაშინ მოვხვდი. სასწაული შეგრძნება იყო და ჩემთვის დღემდე ასეა თუშეთში ყოფნა. გამორჩეული ბუნება, საოცარი მთები, ჰაერი და საჭმელსაც სხვანაირი გემო აქვს იქ...
- ვიდრე იქ მოხვდებოდი, ვალიკო პაპა რას გიყვებოდა თავის კუთხეზე...
- ის თუშეთში დაიბადა, სოფელ ფარსმაში, ალბათ 14 წლის იყო, თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვიდა... ხშირად მიყვებოდა ხოლმე თავისი ბავშვობის ამბებს, როცა ცხვარშიც უწევდა ყოფნა, - მოკლედ, იქური და იმდროინდელი ამბავი ბევრი მომისმენია. თბილისში განათლების მიღების შემდეგ იმას მიაღწია, რაც უნდოდა. მეც მასავით ვარ, რასაც მინდა, რომ მივაღწიო, იმისთვის არ ვჩერდები - სულ საქმეში ვარ...