„პროფესიონალი მზარეულისთვის რთულია რუტინისთვის თავის დაღწევა“ – სოლომონ მძინარაშვილი „მასტერშეფის“ შესახებ - Gemrielia.ge

„პროფესიონალი მზარეულისთვის რთულია რუტინისთვის თავის დაღწევა“ – სოლომონ მძინარაშვილი „მასტერშეფის“ შესახებ

ქვეყნის ყველაზე პოპულარული კულინარიული პროექტი „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. გასულ კვირას საუკეთესო ხუთეულის შერკინება ვიხილეთ. ფინალის საგზური სოლომონმა და დავითმა ვერ მოიპოვეს. როგორ აფასებს „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონს ოქროს წინსაფრის მფლობელი სოლომონ მძინარაშვილი და რა გეგმები აქვს, წაიკითხეთ ინტერვიუში.


-    როგორ შეაფასებთ „მასტერშეფის“ მე-4 სეზონს, გაამართლა მოლოდინები?

 

-    ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე სეზონია ძლიერი მონაწილეებით. პირადად ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდა იყო, რომელიც, ვფიქრობ, რომ ჩავაბარე და გამარჯვებული ვარ - ოქროს წინსაფარი მოვიპოვე, ნახევარფინალამდე მივედი.

 

 

-    თქვენი აზრით, რამ შეგიშალათ ხელი ფინალში მოხვედრაში?

 

-    პირველ რიგში, ნერვიულობამ. ამასთანავე, რუტინამ, როგორც შეფ ლუკამ აღნიშნა. პროფესიონალი მზარეულისთვის რთულია რუტინისთვის თავის დაღწევა. ეს ნერვიულობის საბაბს გვაძლევს. რაღაც რომ არ გამომდიოდა ისე, როგორც მინდოდა, ძალიან ვღელავდი.

 

-    ნანობთ რომელიმე გადაწყვეტილებას?

 

-    არა, არაფერს არ ვნანობ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად მივდიოდი წინ; მქონდა ჩავარდნებიც და წარმატებებიც. ამ მასშტაბის პროექტში პირველად მივიღე მონაწილეობა, მანამდე არც კამერებთან მუშაობის გამოცდილება მქონია.

 

 

-    ოჯახური ცხოვრება და „მასტერშეფი“ ერთდროულად დაიწყეთ. რთული არ იყო ამ ორი სერიოზული ნაბიჯის თანხვედრა?

 

-    „მასტერშეფის“ კასტინგი რა შედეგითაც უნდა დასრულებულიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და საყვარელი ადამიანისთვის ხელი მეთხოვა. ოქროს წინსაფარი ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. იმ დღის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. რა თქმა უნდა, რთულია ყველაფერს საკმარისი დრო დაუთმო, მაგრამ, საბედნიეროდ, გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას. სწორედ მისი თანადგომა მაძლევდა ძალას, რომ პროექტში დიდხანს ვყოფილიყავი. 

 

-    მეუღლე განებივრებული გეყოლებათ გემრიელი კერძებით.

 

-    სხვათა შორის, მასეც არაა. ჩემი გრაფიკის გამო, დრო არ მრჩება, რომ ჩემი ოჯახის წევრები ხშირად გავანებივრო კერძებით. სახლში რომ მოვდივარ, მაგ დროსაც კი ვერ ვახერხებ ხოლმე მომზადებას. თუმცა მეუღლეს ქართული კერძების მომზადებას ვასწავლი; ის, თავის მხრივ, უკრაინულ სამზარეულოს მაცნობს, ძალიან კარგი ხელი აქვს, შესანიშნავად ამზადებს. ასე რომ, შეხმატკბილებული წყვილი ვართ. ორი სხვადასხვა კულტურა ჩვენს სახლში ხვდება ერთმანეთს.

 

 

-    „მასტერშეფის“ შემდეგ ქუჩაში ხალხი თუ გცნობთ?

 

-    დიახ, ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე პირბადითაც ადვილად მცნობენ. ქუჩაში ბევრი უცნობი მესალმება, მგულშემატკივრობს. ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ესაა - ხალხმა გამიცნო და შემიყვარა. კომენტარებსაც ასე თუ ისე ვადევნებდი თვალს; ნაწილი დადებითი იყო, ნაწილი - უარყოფითი, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას ვერ მოეწონები. მე ყველას დიდ მადლობას ვუხდი და ყველაფერ კარგს ვუსურვებ. 

 

„მასტერშეფი“ დასაწყისი იყო, არ ვაპირებ გაჩერებას და კიდევ ბევრი გამოწვევა მელოდება, რომლებსაც სიამოვნებით მივიღებ.