„ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ „ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ - Gemrielia.ge

„ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ხალხი ფიქრობს, რომ „ბოღმა“ ვარ“ - დავით ცაცანაშვილი თავისი სარკაზმის შესახებ

„ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მზარეულის პროფესია მინდოდა. კულინარიის აკადემიაში ვისწავლე, ჯერ შეფმზარეულის კურსი გავიარე, შემდეგ საკონდიტრო სფერომ დამაინტერესა და ისიც შევისწავლე“ - ამბობს „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ნახევარფინალისტი დავით ცაცანაშვილი.

 

დავითი კონდიტერია და ყოველ ჯერზე საინტერესო კერძებს გვთავაზობდა. ამის მიუხედავად, მისი სარკაზმის გამო მაყურებლის ნაწილმა საკმაოდ მკაცრად შეაფასა, ნაწილიც ფიქრობდა, რომ „მწარე კომენატრები“ შოუს ნაწილი იყო. როგორ იღებს და „გასცემს“ კრიტიკას, ამის შესახებ დავით ცაცანაშვილი Gemrielia.ge-ის ესაუბრა.

 

- გამართლდა „მასტერშეფთან“ დაკავშირებით თქვენი მოლოდინები?

 

- „მასტერშეფში“ იმ იდეით მივედი, რომ კერძისა და დესერტის სინთეზი მომეხდინა. ჩვეულებრივი კერძების მომზადებას არ ვაპირებდი და მიხარია, რომ ყველა დავალებაზე განსხვავებული კერძი მქონდა. არცერთი კერძი, რომლებიც პროექტში შევქმენი, მანამდე არასოდეს არ მომიმზადებია. ზუსტად ვიცი, რომ „მასტერშეფი“ ბევრი წარმატების დასაწყისი იქნება. 

 

 

- ყველაზე მეტად რომელი კერძით ამაყობთ?

 

- შუს ჩაქაფულით - ვფიქრობ, ისეთ იდეას მივაგენი, რომლის განვითარებაც მრავალხმრივ არის შესაძლებელი. ასეთი იდეები ექსტრემალურ სიტუაციებში მოდის ხოლმე; ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ფიქრის შედეგია. რაც უფრო მცირე დრო მაქვს, უფრო კარგად ვფიქრობ.

 

- ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ ფინალამდე. თქვენი აზრით, რამ შეგიშალათ ხელი?

 

- თავდაჯერებული ვიყავი და ყოველთვის მჯეროდა, რომ პროექტში დიდხანს ვიქნებოდი. ვფიქრობ, კარგი კერძი წარვადგინე, მაგრამ პატარა შეცდომა დავუშვი. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ კარამელი არ გამომეყენებინა და ასეთ შემთხვევაში ფინალში მოვხვდებოდი. შეიძლება ითქვას, ჩემ თავს „გავუჩალიჩე“. რაც უნდა იყოს, ჩემთვის ისიც დიდი მიღწევაა, რომ ნახევარფინალში ვიყავი და ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დამაკლდა. ოქროსწინსაფრიანი მოწინააღმდეგეები, ბევრი ძლიერი მონაწილე უკან ჩამოვიტოვე. ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და კრეატიულ მონაწილედ ვთვლი ჩემ თავს.

 

 

- სოციალურ ქსელში ხშირად განიხილავენ თქვენს „მწარე კომენტარებს“. თუ კითხულობთ, რას წერენ ხოლმე თქვენზე?

 

- დიახ, რაღაცები მაქვს ნანახი. სიმართლე ყოველთვის მწარეა და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუნდაც გაიანესა და ნატალიას შემთხვევაში ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისინი ჩემთვის ძლიერი კონკურენტები არ იყვნენ და არც დიდი კრეატიულობით გამოირჩეოდნენ. 

 

ამას გარდა, ყოველთვის მხიარული ვერ იქნება ადამიანი; მით უმეტეს, თუ ცვალებადი ხასიათი აქვს. თანაც ეს შოუა, კონკურსია, შენი მიზნისთვის იბრძვი და გინდა, რომ პირველი იყო, საუკეთესო იყო! სულაც არ მგონია, რომ ეს ცუდია. მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ქართველი მაყურებელი შოუს არსს ვერ ხვდება. 

 

- საკუთარი თავის მიმართ რამდენად კრიტიკული ხართ ან ჟიურის შეფასებებს რამდენად იზიარებდით?

 

- ჯანსაღი კრიტიკა ძალიან მიყვარს და ვიღებ. ჩემი აზრით, პირდაპირობა ჯობია და არა რაღაც ნიღბის მორგება. მე არასოდეს არ მომირგია რაღაც ხასიათი ვინმეს გამო და არც არასოდეს არ მოვირგებ.

 

ჟიურის რჩევებსა და მითითებს ვითვალისწინებდი. ისეთი კრიტიკული აზრი არ მახსოვს, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. უბრალოდ, შეეძლოთ ერთი შანსი მოეცათ, კერძი მხოლოდ კარამელის გამო არ დაეწუნებინათ და ფინალში გადავეყვანე...

 

 

- და ვისთვის არ მიეცათ შანსი?
 

- რა თქმა უნდა, ირაკლისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცუდი ურთიერთობა გვაქვს, პირიქით, ყველანი ძალიან კარგი მეგობრები გავხდით, ერთმანეთი გვიყვარს და როგორც გადაცემაში ჩანს, ისე დაბოღმილები საერთოდ არ ვართ. ხალხს ხომ ჰგონია, რომ მე ბოღმა ვარ, ვიღაც ძაან მხიარულია და ა. შ. რეალურად, ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.

 

- მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით?

 

- იუთუბარხის გაკეთებასა და კულინარიული ვიდეოების გადაღებას ვგეგმავ. სხვათა შორის Gemrielia.ge-ის მომხმარებელი ვარ ბავშვობიდან, ბევრ რაღაცას ვამზადებდი თქვენი რეცეპტებით. მით უმეტეს, მაშინ მოყვარული ვიყავი და როგორც კი ახალ რეცეპტს ვნახავდი, მაშინვე მომზადებას ვიწყებდი ხოლმე.