ასე მზადდება ნამდვილი რაჭული ლობიანი - რაჭაში ჩაწერილი საგვარეულო რეცეპტი - Gemrielia.ge

ასე მზადდება ნამდვილი რაჭული ლობიანი - რაჭაში ჩაწერილი საგვარეულო რეცეპტი

ლობიანის ბევრი რეცეპტი არსებობს. ზოგი ცომს კეფირისგან ამზადებს, ზოგი შიგთავსს ხახვს უმატებს და ა. შ. რა თქმა უნდა, კულინარიას საზღვრები არ აქვს, მაგრამ ჩვენ გეტყვით, ნამდვილი რაჭული ლობიანი როგორ მზადდება.

ეს რეცეპტი რაჭაში, ცხელი ლობიანის სურნელით გაჟღენთილ ოთახშია ჩაწერილი.

გულსართი:

ყველა ლობიოსგან კი არ ცხვება. კაი ლობიო უნდა აიღო. ყველაზე კაი ბათუმის ლობიოა (ბათუმურა), თუ ის არაა, მაშინ ჩიტა-კვერცხა ან ქონალობიო.

უნდა გაარჩიო, გარეცხო, წინა ღამეს ჩაალბო და დილით მოხარშო. რომ წამოდუღდება, წყალი უნდა გადაღვარო და ახალი დაასხა. შუა ხარშვაში რომ იქნება, 1-2 სკ ზეთი უნდა დაუმატო. ხშირად არ უნდა ურიო, თორე ჩაინქლევა. ისე უნდა მოხარშო, რომ არ ჩაიშალოს, მარცვლები მთელი უნდა დარჩეს.

ლობიოს ცოტა წვენი უნდა დაუტოვო, არ უნდა ჩახარშო. უნდა უქნა ღორის მუცლის ქონი და მარილი. თუ მარხვაზე ხარ ან არ გაქ, ქონი არ უქნა. მერე კარგად მოტუკე, გადმოიტანე ემალის ჯამში და კარგად გააცივე. თუ ცხელს ან თბილს ჩადებ ცომში, გამოასხამს.

lobianis_shigtavsi.jpg

ცომი:

თბილ წყალში გახსენი საფუარი და მარილი. ჯამში ჩაყარე ფქვილი, გაუკეთე ჩაღრმავება და დაასხი საფუვრიანი წყალი. მოზილე ცომი და დადგი ასაფუებლად. ცელოფანი გადააფარე და თავი არ გადაუხმება.

ცომი რომ აფუვდება, მოჭერი და გუნდები გააკეთე. ხის ფიცარზე დაალაგე, ცელოფანი გადააფარე და ათი წუთი გააჩერე. აიღე გუნდა, გააბრტყელე, ჩადე ლობიო და თავი მოუკარი. ბევრი ნაოჭი არ უნდა გაუკეთო, ხინკალს კი არ ვაკეთებთ! ზედმეტი რაც დარჩება მოხვევის დროს, მოაწყვიტე, არ დაუტოვო. მერე ცოტა ფქვილი მოაყარე, ისევ გადააფარე ცელოფანი და 5 წუთი გააჩერე. მერე გააბრტყელე ორივე მხრიდან და დადე გახურებულ ტაფაზე. დაადე საჭრელებელი, შუაში ორი თითით ჩაჩხვლიტე და გამოაცხვე.

გამომცხვარ ლობიანს ფქვილი მოაშორე და ზეთი გადაუსვი. ცხელი არ გაჭრა, შეაგრილე და ისე დაჭერი.

ესაა რაჭული ლობიანი! გემრიელად!