ქაცვი - ოქროს კენკრა - Gemrielia.ge

ქაცვი - ოქროს კენკრა

ქაცვისგან უამრავი რამის მომზადება შეიძლება, სასარგებლოს გარდა, ის ხომ ძალიან გემრიელიცაა!

ალბათ, ყველა თქვენგანმა იცის ქაცვის ზამთრისთვის შენახვის მარტივი რეცეპტი: გახეხილ (ან ბლენდერში გამოტარებულ)  ქაცვს საწურში გაატარებთ, კურკებსა და ჩენჩოებს გააცლით და იმავე რაოდენობის შაქარს დააყრით. შეინახავთ მაცივარში.  ქაცვის ნარჩენებს ნუ გადაყრით, მისგანაც შეიძლება სარგებლის ნახვა. საქმე ისაა, რომ ქაცვის კურკები დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს. ეს ზეთი კი სამედიცინო თუ კოსმეტიკური თვალსაზრისით, ნამდვილი ელექსირია! სახლის პირობებში სუფთა ზეთის მიღება, რა თქმა უნდა, ძნელია. ამიტომ შეგიძლიათ მარტივ ხერხს მიმართოთ: ქაცვის ნარჩენებს დაასხით ზეითუნის ან სხვა რომელიმე სასარგებლო ზეთი და დააყენეთ გრილ ადგილას 3-4 კვირა. ზეთი თანდათან ქარვისფერს მიიღებს და ქაცვის მთელი სიკეთე მასში გადაინაცვლებს. ასეთი ზეთით შეგიძლიათ სახის ნიღაბი მოამზადოთ, წაისვათ სუფთა კანზე ან დამატენიანებელ კრემში შეურიოთ. ქაცვის ზეთი უებარია კანის დამწვრობის დროსაც.

ქაცვის ზეთის მიღებას ურჩევენ ექიმები პაციენტებს გასტრიტის, დიაბეტის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის დროს.

ქაცვის ანთების საწინააღმდეგო თვისებები ყველასთვის ცნობილია. შემოგთავაზებთ მარტივ, მაგრამ საოცრად კარგ რეცეპტს, რომელიც გაციებისა და ყელის ტკივილის დროს შვებას მოგგვრით. ამისთვის მხოლოდ ქაცვი და თაფლი გჭირდებათ: მინის სუფთა ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი და გამშრალი კენკრა, დაასხით ნატურალური თაფლი და შეინახეთ კარადაში. რამდენიმე დღეში შემაჩნევთ, რომ ეს ორი სასწაულმოქმედი პროდუქტი ერთმანეთთან რეაქციაში შევიდა:  თაფლი გათხელდება, ქაცვის  ოდნავ მომჟავო არომატს შეიძენს. დილაობით, უზმოზე 1-2 ჩ.კ. ასეთი ნარევი შესანიშნავი იმუნოსტიმულატორია. შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაუმატოთ. 

GEMRIELIA

აქვე გასწავლით უგემრიელესი ჩაის რეცეპტს ქაცვით და ჯანჯაფილით. დააყენეთ მწვანე ჩაი, რომელსაც ჯანჯაფილის ფესვის ნაჭერს და  ცოტაოდენ ნედლ ან ხმელ პიტნასაც დაამატებთ, 5-7 წუთში, როცა ჩაი მზად იქნება, დაამატეთ ზემოთ აღწერილი შაქარში შენახული ქაცვი, თუ გნებავთ თაფლიც ან ლიმონი, გემოვნების მიხედვით. ასეთი ჩაი საოცრად არომატული და  სასარგებლოა, ზამთრის სუსხიან დღეებში  ორგანიზმს ათბობს და აცოცხლებს.