3 მხიარული კერძის რეცეპტი, რომლებსაც თქვენს პატარებთან ერთად მოამზადებთ - Gemrielia.ge

3 მხიარული კერძის რეცეპტი, რომლებსაც თქვენს პატარებთან ერთად მოამზადებთ

მას შემდეგ, რაც გარეთ გასვლაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდა და ადამიანებს სახლში დიდი დროის გატარება უწევთ, მათ ბევრი ახალი ჰობი და საინტერესო საქმე აღმოაჩინეს, აიხდინეს ძველი სურვილები, რისთვისაც ადრე დრო არ რჩებოდათ ხოლმე. გემრიელი და საინტერესო კერძების მომზადება კი სწორედ ისაა, რითიც სახლში ყოფნის დროს უამრავი ადამიანი დაინტერესდა და მათ შორის ბავშვებიც აქტიურად ჩაერთვნენ  ამ პროცესში. სხვადასხვა სახალისო და გემრიელი კერძის კეთების დროს პატარები დროს სასიამოვნოდ ატარებენ უფროსებთან ერთად და შემდეგ უფრო გემრიელადაც მიირთმევენ საკუთარ ნახელავს.

 

სამზარეულოში ფუსფუსი მართლაც საუკეთესოა, რითიც ბავშვები თავისუფალ დროს შეიძლება დაკავდნენ. თუმცა ეს რიგ შემთხვევაში მშობლებს შეიძლება პრობლემურად წარმოედგინოთ, რადგან ბავშვთან ერთად კერძის კეთება მოითხოვს მეტ დროს, შედეგად მეტი არეულობაა სამზარეულოში და მეტი დრო იხარჯება მის დალაგებაზეც. თუმცა ნუ ეტყვით ამაზე უარს ბავშვებს. გაცრილი ფქვილი თუ მოზელილი ცომი, გახეხილი ყველი თუ დაჭრილი ძეხვი უდიდეს სიამაყესა და სიამოვნებას ანიჭებს პატარებს, ხოლო თუ მიქსერის დაკავებისა და ორცხობილის ცომის გათქვეფის საშუალებას მისცემთ, მათზე ბედნიერი არავინ იქნება. ამიტომ ნუ მოაკლებთ ამ სიამოვნებას თქვენს პატარებს, ისინი ნამდვილად იმსახურებენ, იყვნენ პატარა მზარეულები. მიეცით არევისა და მოთხუპნის საშუალებაც. ეს გახდება ერთ–ერთი საუკეთესო მოგონება მათთვის.

 

იმისათვის რომ სამზარეულოში ბავშვთან ერთად ფუსფუსი სასიამოვნო პროცესი იყოს და ბევრი დროც არ წაგართვათ, „ნიკორა“ წარმოგიდგენთ რამდენიმე სახალისო და მარტივი კერძის რეცეპტს, რომელსაც პატარები თქვენთან ერთად დიდი სიამოვნებით გააკეთებენ და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. ზოგი მათგანი შეგიძლიათ, საახალწლო სუფრისთვისაც კი მოამზადოთ და ამით მას განსაკუთრებელი ელფერი შესძინოთ.

 

ნაძვის ხე

 


პატარების დახმარებით მომზადებული გემრიელი ნაძვის ხით შეგიძლიათ საახალწლო სუფრა გაალამაზოთ, ან წინასაახალწლო პერიოდში მოამზადოთ და ამით არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობაც შეიქმნათ. მისი მომზადება ძალიან მარტივია, შედეგით კი ბევრს გააოცებთ.

 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: „ნიკორას“ შაშხი, ყველი ჩედარი, პომიდორი და ცოტა ხიზილალა გასაფორმებლად.

 

მომზადება: თეფშზე დაამაგრეთ მყარი ჯოხი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეულისა და ბარბექიუს მოსამზადებელი ჯოხები. შემდეგ კი მასზე თქვენს პატარას ჩამოაცმევინეთ სამკუთხედ ფორმებად დაჭრილი შაშხისა და ყველის ნაჭრები, ისე რომ ნაძვის ხის ფორმა მიიღოთ. გასაფორმებლად გამოიყენეთ მრგვლად დაჭრილი პომიდორი და ხიზილალის მარცვლები. მიენდეთ ბავშვების ფანტაზიას და მიეცით სრული თავისუფლება ნაძვის ხის მოსართავად. მათი სურვილის მიხედვით, მოსართავად შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაამატოთ. შემდეგ კი ეს სილამაზე გემრიელად მიირთვით.

 

ლობიანი ლორით

 

 

თუ თქვენს პატარას ერთფეროვანი კერძები მობეზრდა, მაშინ დროა, საქმეში ფანტაზია ჩართოთ და ტრადიციული კერძების ნაცვლად მათი ახლებური, უფრო საინტერესო და მხიარული ვარიატები შესთავაზოთ. ლობიანი ლორით, რომელსაც გოჭის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ფორმა ექნება, ყველა პატარას დააინტერესებს. ვერც ერთი მათგანი იტყვის უარს მის მომზადებაზე და შემდეგ კი მირთმევაზე.

 

დაგჭირდებათ: ლობიო - 400 გ, ფქვილი - 1 კგ, „ნიკორას“ ლორი –250 გ. შაქარი - 1 ჩ.კ, ზეთი - 2-3 ს.კ, მარილი, მშრალი საფუარი - 2 ს.კ, კვერცხი - 1, წყალი - 2 ჭ.

 

მომზადება: ლობიო მოხარშეთ ლორთან ერთად, შემდეგ გადაწურეთ, ლორი დაჭრით წვრილად და შეურიეთ ჩაზელილ ლობიოს. მიღებული მასა შეაზავეთ მარილითა და სურვილის შემთხვევაში, პილპილით.

 

ცომის მოსამზადებლად 2 ჭიქა ფქვილში აურიეთ საფუარი, 1 ჩ.კ. შაქარი და დაასხით თბილი წყალი. ფქვილი აუცილებლად თქვენს პატარას გააცრევინეთ, ამით მას ძალიან გაამხიარულებთ. მიღებულ მასას დაამატეთ გათქვეფილი კვერცხი, დარჩენილი ფქვილი და ზეთი. ცომი გააჩერეთ ასაფუებლად. შემდეგ დაყავით პატარა გუნდებად, მოათავსეთ გულსართი და უთხარით ბავშვებს, რომ გუნდებს სხვადასხვა ცხოველის ფორმა მისცენ. უთხარით, რომ ოჯახის თითოეულ წევს მისი საყვარელი ცხოველი გაუკეთონ. შემდეგ კი ცხოველები გამოაცხვეთ ღუმელში ზედა–ქვედა წვის რეჟიმით 200 გრადუსზე. 

 

მხიარული საუზმე

 

 

საუზმე ბავშვებისთვის ყველაზე არასასურველი კვებაა, რადგან ახალგაღვიძებულებს ჭამა სულაც არ უნდათ და მხოლოდ თამაშისკენ მიუწევთ გული. ამიტომ ისინი საჭმლის გარეშე რომ არ დარჩნენ, შეგიძლიათ, შესთავაზოთ საუზმის მომზადებაში თავად დაგეხმარონ. ასე უფრო მალე გამოფხიზლდებიან და შემდეგ თავის მომზადებულსაც უფრო გემრიელად მიირთმევენ. მაგალითად, ასეთია საახალწლო ირემი, რომელსაც თუ ბოლომდე შეჭამენ, თოვლის პაპა სასურველ საჩუქარს აუცილებლად მოუტანს.

 

დაგჭირდებათ: „ნიკორას“ მოხარშული ძეხვი „მინი“, სუხარი, პომიდორი ჩერი და მწვანე ზეთისხილი.

 

 

მომზადება: ირმის მომზადება ძალიან მარტივია. ძეხვისგან გამოიყვანეთ თავის ფორმა და ბავშვებს უთხარით, რომ გრძლად დაჭრილი სუხარით დიდი და დატოტილი რქები გაუკეთონ. პომიდვრითა და ზეთისხილით კი ცხვირი და თვალები მიუხატეთ.
ამავე პრინციპით შეგიძლიათ, სხვადასხვა ცხოველები გააკეთოთ ბავშებთან ერთად და მათ ყოველდღიურად განსხვავებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი ხელით მომზადებული საუზმე შესთავაზოთ.