რა ღირს პანდემიური ახალი წელი - საახალწლო სუფრის ფასები თბილისის აგრარული ბაზრებიდან
ახალ წლამდე ერთ კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება.
როგორც წესი, ამ პერიოდში აგრარულ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი წელი ყველასთვის რთული აღმოჩნდა. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა და აგრარულ ბაზრებში, წინასაახალწლოდ, მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია.
"ბიზნესპრესნიუსი" რამდენიმე აგრარულ ბაზარს ესტუმრა იმისთვის, რომ გაერკვია, რა დაგიჯდებათ ტრადიციული ქართული საახალწლო სუფრის გამზადება.
მოვაჭრეები ამბობენ, შარშანდელთან შედარებით ფასები გაზრდილი არ არის. წელს არსებული ფასებიდან გამომდინარე, ტრადიციულიქართული სუფრის გამზადება საშუალოდ 300-დან 400 ლარამდე დაჯდება.
საახალწლო სუფრის ერთი-ერთი მთავარი კერძია ინდაური - 1 კილოგრამი ინდაურის შეძენა 15 ლარად არის შესაძლებელი. შარშან 1 კილოგრამი ინდაურის ფასი 20-25 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 5-კილოგრამიანი ინდაურის შესაძენად დაახლოებით 100 ლარი დაგჭირდებათ.
გოჭის ფასი კი საშუალოდ 120-130 ლარია. შარშანდელ ფასს თუ შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ გოჭის ფასი წელს არ გაზრდილა.
საქონლის ხორცის შესაძენად კი 15-16 ლარი დაგჭირდებათ. ერთი კილოგრამი ქათამი კი საშუალოდ 6 ლარი ღირს.