5 ტრადიციული კერძი, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში საშობაოდ ამზადებენ - Gemrielia.ge

5 ტრადიციული კერძი, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში საშობაოდ ამზადებენ

შობა ერთ-ერთი ყველაზე თბილი, მყუდრო და ოჯახური დღესასწაულია, როდესაც შეგიძლია ნათესავებთან ერთად სუფრასთან შეიკრიბო, მეგობრულ ატმოსფეროში ჩაეფლო და სასიამოვნო საღამო გაატარო. მაგრამ რომელი შობა  შეიძლება წარმოიდგინო გემრიელი და ნოყიერი სადილის, ან ვახშმის გარეშე? ეს დღესასწაული უბრალოდ წარმოუდგენელია სადღესასწაულო ტრადიციული კერძების გარეშე. 

 

ყოველ ქვეყანას აუცილებლად აქვს საკუთარი კულინარიული  საიდუმლოებები და შესაბამისად, ტრადიციული კერძებიც ყველგან განსხვავებულია, მაგრამ რამდენად განსხვავებულიც არ უნდა იყოს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული საშობაო კერძი, მათ ერთი საერთო მაინც აქვთ: ყოველი მათგანი აუცილებლად ასოცირდება სახლთან და ოჯახის კერასთან.

 

„ნიკორა“ წარმოგიდგენთ ბლოგს, სადაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მთავარ საშობაო კერძებს გაეცნობით. 

 

1. ესპანეთი - Chistorra (ჩისტორა)

 

 

ესპანელები ზამთრის დღესასწაულების აღნიშვნას 21 დეკემბრიდან (წმინდა თომას დღე) იწყებენ, რომელიც იქ ძალიან პოპულარულია და შობამდე აგრძელებენ. შობაზე ესპანელები აუცილებლად ამზადებენ ჩისტორას, რომლის მთავარი ინგრედიენტი წვრილი მოწითალო ფერის ძეხვია. სწორედ ძეხვით, თეთრი მუხუდოთი და ესპანური წიწაკით მზადდება უგემრიელესი წვნიანი, რომელსაც გახუხულ ლავაშთან ერთად მიირთმევენ. ამ წვნიანის ორი ვარიანტი არსებობს: კრემ სუპი შემწვარი ძეხვებით და ჩვეულებრივი სახით. 

 

 

2. პოლონეთი და სკანდინავია - Sledzie Marynowane

 

 

პოლონეთსა და სკანდინავიაში უხვადაა ქაშაყი და სხვა თევზეული, ამიტომ, ამ ქვეყნებში შობა-ახალ წელს Sledzie Marynowane-ით აღნიშნავენ. ეს არის დამარინადებული ქაშაყი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებითაა დამზადებული. ამ ქვეყნებში სწამთ, რომ მათ, ვინც საახალწლო ღამეს ქაშაყი შეჭამეს, მთელი წლის განმავლობაში ექნებათ წარმატება და იღბალი. ქაშაყი ხახვით, ნაღების სოუსით და თეთრი ლობიოთი; შებოლილი თევზი, პაშტეტით და „ფრიკადელებით“ - საშობაო და საახალწლო სუფრის მთავარი კერძია. 

 

3. ნორვეგია/შვედეთი - lutefisk (ლუთეფისკი)

 

 

ნორვეგიელების შობა წარმოუდგენელია ლუთეფისკის გარეშე. ეს არის კერძი, ვირთევზით, ან რომელიმე სხვა ადგილობრივი თეთრი თევზით. ლეგენდის თანახმად, ამ კერძის წარმოშობა ირლანდიის მფარველ წმინდა პატრიკს უკავშირდება, რომელმაც ვიკინგების მოწამვლის მიზნით, ვირთევზას ტუტე (წყალში გახსნილი ნაცარი) დაასხა, მაგრამ მათ ეს კერძი ძალიან მოეწონათ. კონსისტენციით ის ჟელეს მოგვაგონებს და ტრადიციულად მას  მოხარშულ კარტოფილთან, მდოგვთან და შემწვარ შაშხთან ერთად მიირთმევენ.

 

4. იტალია - cotechino e lenticchie (კოტეკინო)

 

 

კოტეკინოს ღორის ძეხვი ოსპით იტალიელების საშობაო სუფრის ერთ-ერთი მთავარი დელიკატესია. ხელნაკეთი ძეხვის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ იგი თავად დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე მზადდება. იტალიური ტრადიციის თანახმად, მაგიდაზე ცხიმიანი ძეხვი  კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო მრგვალი ოსპის მარცვლები, რომლებიც მონეტებს ჰგავს, სიმდიდრის სიმბოლოა. რაც მეტ ოსპს შეჭამ, მით უფრო მეტი ფული გექნება!

 

5. საქართველო - ღორის ლაბა

 

 

ლაბა (იგივე „ხალადეცი“) ქართული საახალწლო სუფრის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. მას ქართველები ადრეც ამზადებდნენ. ძველად,  ყოველ სახლში არსებობდა ე. წ. საცივე კუთხე. ეს კუთხე ისე იყო მორგებული ლანდშაფტს და გარემო პირობებს, რომ იქ მზის სხივს არ უნდა შეეღწია. ასეთ პირობებში ხორცი და რძის პროდუქტები  კარგად ინახებოდა. ლაბას მომზადება საკმაოდ რთული და შრომატევადია. ეს კერძი ტრადიციულად ღორის თავ-ფეხისგან მზადდება, რომელიც ჯერ კარგად უნდა გაირეცხოს და შემდგომ დამუშავდეს. ლაბა ძალიან ბევრს უყვარს, მაგრამ სწორედ მისი მომზადების სირთულის გამო თავს არიდებს ამ კერძის მომზადებას. „მზარეულის“ ლაბა სასურველი წონით შეგიძლიათ „ნიკორას“ სუპერმარკეტებში შეიძინოთ.

 

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!