„ჩვენი ნაჩუქარი ბამბანერკა უკან დაგვიბრუნდა“ - სახალისო ისტორიები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ნაჩუქარის გაჩუქება შარია - Gemrielia.ge

„ჩვენი ნაჩუქარი ბამბანერკა უკან დაგვიბრუნდა“ - სახალისო ისტორიები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ნაჩუქარის გაჩუქება შარია

შოკოლადის ასორტი გაგიჩუქებიათ და უკან დაგბრუნებიათ? ან ბავშვობაში ისე შეგისანსლავთ, რომ არაფერი შეტყობია? კიდევ რა გახსენდებათ სახალისო თავგადასავლებიდან? სანამ თქვენ ამბებს გაიხსენებთ, ჩვენი მკითხველების სახალისო ისტორიებიდან რამდენიმეს გაგიზიარებთ, რომ მთელი წელი კარგი განწყობა არ მოგაკლდეთ.

 

„ერთხელ ჩემმა ძმამ გადაწყვიტა გოგოსთვის ყვავილები ეჩუქებინა. მეყვავილეს მიხაკები მიუცია შავი სახვევით. ჩემი ზმისთვის იმ გოგოს სახეში მიუფარებია. ამან ვერ გაიგო, რატო დამიბრუნაო. ხოდა ამდგარა და სახლში ლარნაკში ჩაუდევს. მამაჩემს უთქვამს: მიცვალებულისაა, მოაშორეო, უფრიალებია და გადავარდნილა მეზობელთან. მეორე დგეს ეს მეზობელი იწყევლება: ჯადოს მიკეთებენ, რა მიცვალებულის ყვავილებიაო. ერთი მეზობელი ჰყავს, ვისაც ენდურის, ეჭვი იმაზე მიუტანია და იმის ეზოში გადაუგდია. მოკლედ, ასე „კრუგზე“ იტრიალა.“

 

„სადღაც 10 წლის ვიქნებოდი და დედამ ფორტეპიანოს მასწავლებელთან სარვამარტოდ გამატანა „ბანბანერკა“. ისე მეჯავრებოდა ეს მასწავლებელი, მაგას მივუტანდიი? ხოდა, შევჭამე გზაში (წასვლა-წამოსვლაში კი გადავანაწილე). მაშინ საუნჯეები, დღიურები იყო, კი გემახსოვრებათ 90-იანებს. ნახატი მომეწონა, როგორ მახსოვს ციყვი ეხატა თხილით ხელში. ჭკუაზე არ ვიყავი. ეს ყუთი სახლში წამოვიღე, მეგონა ჩავაკრავდი დღიურში და კაი ხნის მერე დედან მიპოვა ჩანთაში. გაგრძელება თქვენი იყოს...“

 

„დედას სტუმარი ყავს ერთხელ და დიდის ამბით „საიდანღაც“ უცხოური „ბამბანერკა“ გამოაძვრინა, გახარებულია, რომ მოახერხა დაემალა ორი მსუნაგი ბავშვისთვის, რომელიც მუსრს ავლებდა ტკბილეულობას და როგორც მასპინძელი, სულ უხერხულად გრძნობდა თავს. ხსნის ყუთს ამაყად და ოი, საოცრებავ! მხოლოდ ყუთის შუა ნაწილია სავსე და გარშემო ან სადამდეც ჩვენი ხელები შეეკვეხა, მოსუფთავებული. თურმე მე და ჩემ ძმას პარტიზანულად გვიმუშავია, თან ისე ფაქიზად რომ ყუთის ვიზუალს არ დატყობოდა!“

 

 

„მე ერთხელ მასწავლებელთან გავატანე ჩემს შვილს „ბანბანერკა“ და რომ ამოუღია, მასწავლებელს უთქვამს: რად უნდოდა, რატომ წუხდებოდაო. ამის გაგონებაზე ჩემს შვილს ეგრევე ჩანთაში ჩაუდევს და სახლში წამოუღია.“

 

„ჩემს დას საჩუქარად ყავის სერვისი მიუტანა ნათესავმა, თან დაამატა, სასხვათაშორისოდ, ლილოში ვიყიდე 200 ლარადო. წლების მერე სხვა ნათესავისგან გავიგეთ, რომ ამ ნათესავისთვის ის ყავის სერვისი მას უჩუქებია...“

 

„ბამბანერკა არა, მაგრამ ერთხელ ექიმთან ვიყავი მისული, იქიდან მაღაზიაში უნდა შემევლო და საყიდლების სია მედო ჯიბეში ფულთან ერთად. დამშვიდობებისას ჯიბეში ხელი ჩავიყავი, არც დამიხედავს, ისე ამოვიღე, ექიმს ჩავუცურე ხალათის ჯიბეში. არ არის საჭირო, ნუ წუხდებითო, კი მითხრა. წამოვედი, ჩავიყავი ჯიბეში ხელი და ოცლარიანი შემრჩა. დავიწვი სირცხვილით. მივბრუნდიდა დიდი ბოდიშებით ვთხოვე უკან ჩემი სიის ფურცელი და სიცილით ჩავუდე 20-ლარიანი ჯიბეში.“

 

„ერთ-ერთ საავადმყოფოში აფთიაქის გამგის ექთანს რძალმა „ბამბანერკა“ მიართვა. სტუმრად მისულმა, ქთანმა თავის გამგეს მიართვა, გამგემ - ჩვენს მთავარ ექიმს, მთავარმა ექიმმა - სტუმრად მყოფ სამხედრო ექიმს, სამხედრო ექიმი ჩემთან შემოყვა პაციენტს (მე სტომატოლოგი ვარ) და მადლობის ნიშნად ეს „ბამბანერკა“ მომიტანა. სამუშაო საათები რომ დამთავრდა, მე ჩემი კაბინეტის თანამშრომლებს გავუმასპინძლდი და მერე გავიგე, თუ რა გზა ჰქონდა გამოვლილი ჩემამდე.“