გაიცანით ჭრელი და კვასკვასა ესპანური სამზარეულო, რომელიც ამ ქვეყანაში მოგზაურობას მოგანდომებთ - Gemrielia.ge

გაიცანით ჭრელი და კვასკვასა ესპანური სამზარეულო, რომელიც ამ ქვეყანაში მოგზაურობას მოგანდომებთ

ერთი შეხედვით, ესპანეთის სამზარეულოც ისეთივე ჭრელი და კვასკვასაა, როგორც მისი გეოგრაფია. ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთიანი ესპანური ნაციონალური სამზარეულო, მოჩვენებაა, რადგანაც ის ცალ-ცალკე „ავტონომიური სამზარეულოებით“ არის შემდგარი. ყოველ კუთხეს ცალკე ჩამოყალიბებული ტრადიციული სამზარეულო აქვს, თუმცა აქვს ბევრი საერთოც: მხოლოდ ადგილობრივი ახალი პროდუქტებით სწრაფად მომზადება, ყოველ დღე ახალ-ახალი კერძები, ხორცის და ბოსტნეულის ჩათუშვა ღვინოში, გრილზე ბრაწვა, შაფრანის, სალბის, მწვანე ხახვის, ზეთისხილის, ციტრუსებისა და ნიგვზის ხშირი გამოყენებაა.

 

საუკუნეეების მანძილზე ესპანეთის სამზარეულოზე არაერთმა კულტურამ მოახდინა გავლენა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, ესპანეთმა მოახერხა და შეინარჩუნა ავთენტური გემო, რომელიც მხოლოდ ამ ქვეყანას გვახსენებს.

 

ესპანეთის ეროვნული სამზარეულო დაფუძნებულია მისი რეგიონების მრავალფეროვან კულინარულ ტრადიციებზე, რასაც თავის მხრივ განაპირობებს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი და კულტურული თავისებურებები.ესპანურ სამზარეულოში უფრო მეტადაა გავრცელებული ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, ბრინჯისა და ზღვის პროდუქტების კერძები, ანუ ემყარება ე.წ. “ხმელთაშუა ზღვის დიეტის” პრინციპებს, მაგრამ რეალურად ხორცეული ჭარბობს თევზეულს. საგულისხმოა ისიც, რომ ესპანელები საკვების მოსამზადებლად ძირითადად ცხოველურ ცხიმს გამოიყენებდნენ და მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისისათვის გადავიდნენ ზეითუნის ზეთზე, რომელიც დღეს ესპანელთა ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.
 

ქვეყნის თითოეულ რეგიონში დამკვიდრებულია განუმეორებელი კულინარული ტრადიციები, თუმცა მათი ტრაპეზის საერთო ატრიბუტებია ზეითუნის ზეთი, ნიორი, არომატული ხმელი სანელებლები და ღვინო. ესპანეთში, კლიმატიდან გამომდინარე, ხილისა და ბოსტნეულის დიდი არჩევანია. ძალიან პოპულარულია აგრეთვე ბრინჯი, რომელიც ცნობილი პაეიას შემადგენლობაშიც შედის. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ჩრდილოეთი ნაწილი სახელგანთქმულია წვნიანებითა და სოუსებით. ბასკური სამზარეულო ითვლება ყველაზე დახვეწილ სამზარეულოდ, კანტაბრიულმა სამზარეულომ კი სახელი გაითქვა მოლუსკების, კალმახის, სარდინისა და ორაგულის კერძებით.

 

უგემრიელესი ესპანური კერძების რეცეპტები იხილეთ აქ