„არ დაუშვა მილიონების ჩადენილი შეცდომა, არ ეტაკო ხაჭაპურს!...“ - სანდრო ელოშვილის „ოქროს რჩევები“ ქორწილის სუფრისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად - Gemrielia.ge

„არ დაუშვა მილიონების ჩადენილი შეცდომა, არ ეტაკო ხაჭაპურს!...“ - სანდრო ელოშვილის „ოქროს რჩევები“ ქორწილის სუფრისგან მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად

დღეს მინდა გასწავლოთ ქორწილში სწორად მოქცევის წესები, რათა მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და თქვენი დრო და ენერგია ისეთ არაფრის მომცემ რაღაცებზე არ დახარჯოთ, როგორცაა ყვავილის დაჭერა (მითუმეტეს თუ მამაკაცი ხართ) „ვაგონი მიქრის“-ზე იმიტირებულ მატარებელში ჩაბმა და განსაკუთრებით სხვების ჩხუბის საყურებლად ეზოში გამოსვლა...

 

დავიწყოთ სულ თავიდან!

 

პირველ რიგში, უნდა აარჩიოთ სტრატეგიულად კარგი მაგიდა და კარგი ადგილი, ნუ, რა თქმა უნდა, თუკი დანომრილი არ არის... სტრატეგიულად კარგი მაგიდა ისაა, რომელიც არის ახლოს სამზარეულოსთან (ცხელ-ცხელი კერძები პირველი თქვენს მაგიდასთან მოვა), არის მყუდრო და არ ხვდება რესტორნის განათების სისტემის არეალში (არ არის სასიამოვნო გაბრდღვიალებული რამპის წინ ჭამა, ასე მგონია ხოლმე სცენაზე ვჭამ) და რაც მთავარია არ არის გასასვლელ ადგილებში (თავიდან თითქოს არ შეგაწუხებთ, მაგრამ მერე დაიწყება ცეკვები, მოსაწევად გარეთ გასვლა და ა.შ. და ეს ყველა ადამიანი თუ გეტყვით, ბოდიში გავივლი, და ყოველ ჯერზე მოგიწევთ სკამის გაწევა-გამოწევა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო).

 

ეს რაც შეეხება მაგიდას, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია სკამი, არასდროს დაიკავოთ მაგიდასთან (თუკი ის მართკუთხედია) თავში ადგილი... ჯერ ერთი დიდი შანსია რომ ვინმე ბაგრატ ვახტანგიჩმა (თამადა) აგირჩიოთ თავის მოადგილედ და წარმომადგენლად თქვენს კუკუნა და კარგად შერჩეულ მაგიდასთან და მთავარი... თუ არ „გამაზავთ“, როგორც მინიმუმ, თითოეული კერძის გასასინჯად მოგიწევთ სხვების შეწუხება, „გადმომაწოდეთ“ ძახილით. ამიტომ სჯობს დაჯდეთ შუაში, რათა ხელმისაწვდომი იყოს ყველა კერძი!

 

კიდევ ერთი რჩევა: შეეცადეთ, რომ არ დაჯდეთ ქალების და მოხუცი მამაკაცების სიახლოვეს, რადგანაც მოგიწევთ მერიქიფეობა... დამიჯერეთ, არაფერია ამაზე შემაწუხებელი, განსაკუთრებით ის ქალები მაღიზიანებენ, რომლებიც წრუპავენ და ყოველ ჯერზე, როდესაც მათი ჭიქისკენ გაიწევი, გპასუხობენ: ოპ... არა... არ ვსვავ... ანდა ოდნავ დაამატეთ... ისე, სიმბოლურად!  ხვდებით ხომ, რა გამაღიზიანებელია ყოველ სადღეგრძელოზე სიმბოლურად უვსო ადამიანს ჭიქა, რომელიც არ სვამს, უბრალოდ ტუჩს ადებს ღვინოს და ჭიქაში უნდა შეუვსო ის დანაკლისი, რაც ამის ტუჩებზე შერჩა!

 

 

მოკლედ, როგორც კი დაიკავებთ იდეალურ ადგილს იდეალურ მაგიდასთან, იწყება დიდებული ჭამის პროცესი! თუკი დიდხანს იდგებით ფეხზე და დაუცდით იმას, სანამ ნეფე-პატარძალი არ დაჯდება, რომელიც უკვე საკუთარ მაგიდასთან დგას და შემაწუხებელი ნათესავების მილოცვას ისმენენ და იმის ახსნას თავიანთი უმცროსი ბიჭი რატომ ვერ წამოვიდა, თქვენ ამ დგომისთვის არავინ დაგაფასებთ, ნუ ხართ ამპარტავნები და ნუ ფიქრობთ, რომ ასეთ დროს ვინმე აქცევს ყურადღებას პირადად თქვენ ზიხართ თუ დგახართ!

 

ზოგადად, რესტორნებში როდესაც უკვეთავენ ასეთ საზეიმო სუფრას, თითოეულ მაგიდაზე კერძების რაოდენობა არის განსაზღვრული და დათვლილი, ვერც დაამატებთ და ვერც მოაკლებთ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს გაიკეთოთ „ფორა“ - ხო, არ მოგესმათ! მაგალითად, თუკი თავიდანვე შეჭამთ წითელი თევზის ნაჭერს, რომელიც სუფრაზე იმდენივეა, რამდენიც სკამიც მაგიდის გარშემო, თქვენ გრჩებათ უნიკალური შანსი, აიღოთ კიდევ ვიღაცის ნაჭერი და მერე იმან არკვიოს, ვინ შეჭამა მისი ნაჭერი წითელი თევზი, სანამ ის ფეხზე იდგა და ნეფე-პატარძლის მხარეს იღიმებოდა იმ დისტანციიდან, რომ გამოცდილი მზვერავიც კი ვერ შეამჩნევდა...

 

დაიმახსოვრეთ, არაფერი კავშირი აქვს ზრდილობასთან ჭამის დაწყებამდე მორიდებით ჯერ ლიმონათის დასხმას ჭიქაში და მერე მორიდებით ნახევარი ჭადის გადმოღებას... თუ იწყებ ჭამას - უნდა დაიწყო! რად უნდა ეს მორიდება? თუ ფიქრობთ, ჯერ პურის პატარა ნაჭერს და ფხალს თუ გადმოიღებთ, ეს ჭამა არ არის? 

 

დაიწყე შეტევა სუფრაზე! მაგრამ დაიწყე ჭკვიანურად! არ დაუშვა მილიონების ჩადენილი შეცდომა, არ ეტაკო ხაჭაპურს! დაიმახსოვრე, ხაჭაპური მუცელს გამოგივსებს და ვეღარაფერს ვეღარ შეჭამ! დაიწყე ხიზილალით, რამდენიც არ უნდა იდოს სუფრასთან, პირველი მაინც ის გათავდება და შენ უნდა შენი ღირსეული წვლილი გქონდეს შეტანილი მის გათავებაში... ადგილის შერჩევაში ესაც მნიშვნელოვანია, რომ ხიზილალასთან ახლოს მიჯდე! შემდეგ უნდა მიაწვე გოჭს და სათალს... 

 

 

აქვე მინდა გასწავლოთ სათალის გადაღების უნიკალური მეთოდი, კარგად დააკვირდით, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ორი ნაჭერი იდოს ერთმანეთზე, ჩაარჭე ჩანგალი ისე, რომ ორი ნაჭერი აყვეს, დადე შენს თეფშზე, ერთი შეჭამე, მეორეს მიაფარე რამე, მაგალითად პურის პატარა ნაჭერი, იყოს სათალი შენთან, რა იცი, როდის გამოგადგება... 

 

და რაც მთავარია, ნუ მოგერიდებათ ამის გაკეთება, გახსოვდეს რომ ამ დროს ყველა იმავეს აკეთებს და არავის სცალია თქვენთვის და მით უმეტეს თქვენი მოქმედებების საყურებლად!

 

ნელ-ნელა დაიწყებს კერძები შემოსვლას, ე.წ. „ცხელები“. იმიტომ გირჩიეთ სამზარეულოს კართან ახლოს დაჯდომა, რომ თქვენამდე კერძები რეალურად ცხელი მოვიდეს. ასევე გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მოვა კიდევ ახალი კერძი, სანამ ტკბილი არ შემოვა, ამიტომ კონკრეტულად ერთ კერძს ნუ მიუძღვნით თქვენს თავს! ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თქვენი ოქროს წუთები წინ არის, როდესაც ცეკვები დაიწყება ან ტორტის გაჭრა, ან რაიმე უაზრო თამაში... ამ დროს თქვენ შეგიძლიათ გვერდითა მაგიდიდან მოიპაროთ ხიზილალა, ანდა სულაც ხორციანი ბლინები, რომლებიც ქორწილის ნამდვილი მარგალიტია, პირველ რიგში კი მისი ცოტაოდენი რაოდენობის გამო! 

 

ამის შემდეგ უკვე იწყება იმპროვიზაცია, რასაც მე ვერ გასწავლით, არ ისწავლება, უფრო ნიჭისა და გამოცდილების სინთეზია, მაგრამ მანამდე რაც გითხარით, იმას თუ დამიჯერებთ, პრაქტიკა მოგიტანთ იმპროვიზაციის „სქილებსაც“!

 

წარმატებები, მალე გავა კორონა, მალე დაბრუნდება ქორწილები და ჩემი გამოცდილება არ შემეძლო მიწაში წამეღო!

 

ავტორი: სანდრო ელოშვილი