„ჩემი არცერთი დესერტი ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არ შედგება“ - გაიცანით თამარ ჯიხვაშვილი, რომელიც საოცარ დესერტებს ქმნის
„ჩემი არცერთი დესერტი ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არ შედგება“ - გაიცანით თამარ ჯიხვაშვილი, რომელიც საოცარ დესერტებს ქმნის

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც საოცარი ვიზუალის დესერტებსა და კერძებს ამზადებს. თითოეული მათგანი უმაღლეს პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული და ხშირ შემთხვევაში, დესერტი შეიძლება სუვენირიც კი გეგონოთ. ამაზეა ნათქვამი – ჭამა დაგენანებათო. გაგაცნობთ ამ შედევრების ავტორს, ქალბატონ თამარ ჯიხვაშვილს, რომელმაც თავისი ისტორია და ტექნიკა გაგვიზიარა. 

 

- საოცარ დესერტებს ქმნით, ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუშებს. მოგვიყევით, როგორ აღმოაჩინეთ ეს ნიჭი თქვენში?

 

- ხატვის ნიჭმა და ზოგადად, სიყვარულმა ხელოვნების მიმართ, ღრმა ბავშვობიდანვე იჩინა თავი. ჯერ კიდევ ბაღის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მასწავლებელმა მშობელებს ამ ნიჭის შესახება მიანიშნა და განვითარება სთხოვა. ყოველთვის ხელსაქმით ვიყავი დაკავებული, ეზოში თამაშსაც კი სახლში რაიმეს ხატვას ვამჯობინებდი და დიდი მონდომების დამსახურებით ყოველთვის ყველაფერი გამომდიოდა. 

 

 

- თქვენს პროფესიაზეც მოგვიყევით, ხელოვნებას დაუკავშირეთ ცხოვრება?

 

- პროფესიით ფერწერის რესტავრატორი და ხატმწერი ვარ. გარდა ამისა, ვფლობ კომპიუტერულ გრაფიკას, ფოტოხელოვნებას – ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავიღო ნამუშევარი ისე, რომ არ დაიკარგოს ფერების აღქმა და დეტალები ისე, როგორც ეს შემქმნელს ჰქონდა ჩაფიქრებული. ასევე გატაცებული ვარ ინტერიერის დიზაინით. 

 

ვმუშაობდი წმინდა სამების სახარებაზე, საპატრიარქოში და მაქვს 4 ფურცელი მოხატული. ხატწერის სიყვარულით ვეზიარე რესტავრაციას. ვმონაწილეობდი მონუმენტური ფერწერის რესტავრაციაციაში მარტვილის მონასტერში 2006–2007 წლებში. ასევე, დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული გერმანიაში. 

 

სხვადასხვა პროფესიის ცოდნა და მათი სინთეზი მეხმარება შევქმნა სხვადასხვა დიზაინის ნამუშევარი, ამიტომაც, არ ჰგავს არც ერთი მათგანი ერთმანეთს. 

 

 

- კულინარია როდის გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

 

- ოჯახზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. ბავშვს, რომელიც იზრდება იქ, სადაც მუდამ უგემრიელესი კერძი მზადდება, თავისთავად უყალიბდება რეცეპტორები და გემოვნება. მყავდა გურმანი დედა და ბებია, შესაბამისად, მეც გამიჩნდა ინტერესი და ზრდასთან ერთად ნელ-ნელა დავიხვეწე. დედაც ცდილობდა საოჯახო საქმიანობაში ჩავერთე. ხელოვნებად ეს ყველაფერი 2010 წლიდან ვაქციე, პირველი ინტერესი შოკოლადი იყო. ეს არის ურთულესი მასალა, მარტივად მსხვრევადი, მაგრამ მიყვარს სირთულეებთან შეჭიდება. საკმარისია დავინტერესდე და აუცილებლად მიმყავს ის საბოლოო შედეგამდე.

 

 

- რა მასალასა და რა ინსტრუმენტებს იყენებთ?

 

- მასალის მრავალფეროვნება ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ფქვილი - ვიცით წყალთან შერევით, ან ფქვილთან შერევით რა მოსდის, ასეთ მცირე ექსპერიმენტებს ვატარებ ინგრედიენტებს შორის. წინასწარ ვამუშავებ გონებაში და ვალაგებ აზრებსა. წინასწარ ვადგენ გეგმას. ტონების შემთხვევაშიც იმავენაირად ხდება. ხომ იცით, მხატვარს შეუძლია ძალიან ბევრი ახალი ფერი შექმნას, თუ ფერთა დიდი პალიტრა აქვს.  

 

ყალიბებს თვითონ ვამზადებ, რადგან ყველა მათგანი არ მოიპოვება. მაგალითად, როდესაც რამეს ვყიდულობ და აქვს რამე გეომეტრული ფორმა, ვინახავ, შეიძლება მოგვიანებით გამომადგეს. ყველა ტორტს სხვადასხვა ყალიბი და მინანქარი აქვს. ჩემი არცერთი დესერტი ერთი და იმავე ინგრედიენტებისგან არ შედგება.

 

 

- მიმზიდველი ვიზუალის გარდა, თქვენს დესერტებს გემოც განსხვავებული აქვს. გასაკუთრებით დაგვამახსოვრდა „ლობიოს ტორტი“. საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

 

- მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემთან სტუმრობა, ხუმრობენ, რომ აქ განსაკუთრებით იგრძნობა „გემოების თამაში“. მიყვარს ის, რასაც ვემსახურები. რაც მთავარია, ჩემი ხელოვანებით ადამიანებს ვაბედნიერებ, რაც ძალიან მახარებს. 

 

რაც შეეხება „ლობიოს ტორტს“, ერთხელ „ინსტაგრამზე“ გადავაწყდი კორეულ ხელოვნებას, მოვიხიბლე ამ ტექნოლოგიითა და ფერებით. ჩემი ტონების შექმნაც დავიწყე, რადგან ყველა ფერი არ იშოვება, თან, რაც მთავარია, არის 100% ნატურალური, მცენარეული. 

 

ლობიო, თითქოს არაფერი, მაგრამ მისგან საოცარი ფორმები იქმნება. ძალიან მინდოდა შაქრის გამოყენების გარეშე ყვავილების ფორმა შემექმნა და ძალიან გამიხარდა, რომ გამომივიდა. ამიტომაც, ჩემი საფირმო კერძი გავაფორმე ლობიოს ყვავილებით და ლობიოს კრემით, რომელიც შემდეგ სასურველი ფერებით შევღებე. ძალიან უცხო იყო საზოგადოებისთვის, რაც მოსალოდნელიც იყო. გემოს რაც შეეღება, პიურეს კონსისტენციის არის, პური და მჭადი რომც არ მიაყოლოთ, ძალიან გემრიელად იჭმევა. 

 

მარგალიტის დესერტის იდეა მომივიდა ზაფხულში, მაგრამ შეგნებულად შემოდგომაზე გავაკეთე, რადგან როდესაც მაცივრიდან ტორტი გამოდის სიცხეში, განსაკუთრებით მარგალიტებს აყენებს დიდ ზიანს. ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია თითოეული დესერტის შექმნისას. გამოცდილებიდან მოდის ყველაფერი...

 

 

 

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 

 

- ვისურვებდი საკუთარი სკოლის ჩამოყალიბებას ან მუშაობას იქ, სადაც ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერიმენტების ჩატარების საშულება მექნება. საკონდიტროშიც ვცადე მუშაობა და რესტორანშიც, მაგრამ იქ შეკვეთას უნდა მოერგო, ფანტაზიის გამოყენების საშუალება ნაკლებად გაქვს, ამიტომ სარესტორნო სფეროში ჩემი თავი ვერ დავინახე.

 

სიამოვნებით ვმუშავებდი რომელიმე ჟურნალისთვის. არ მინდა ერთ ადგილას გაჩერება, სიახლეებისკენ მივისწრაფვი. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა მოძებნოს ის ერთი რამ, რაც ყველაზე მეტად მოსწონს თავის თავში, ასე არასდროს არ დაიკარგები.

 

მონიკა ბიგვავა

მასალის გამოყენების პირობები
15 იანვარი, 2021
ნანახია: 713