უნივერსალური ფენოვანი ცომის დეტალური რეცეპტი მკითხველისაგან - Gemrielia.ge

უნივერსალური ფენოვანი ცომის დეტალური რეცეპტი მკითხველისაგან

 

ნებისმიერი დესერტის მომზადებისას, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ხრაშუნა და ჰაეროვანი ცომის მომზადება. ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა, თამარ მახარაშვილმა, გაგვიზიარა უნივერსალური და გამოცდილი ცომის რეცეპტი. თქვენ დაგჭირდებათ: 

 

ფქვილი 650– 700გრ

წყალი 300 – 350 მლ

მარგარინი – 450 გრ

კვერცხი – 1 ც

ძმარი – 2 სკ

არაყი – 2 სკ

ზეთი – 3 სკ

ლიმონმჟავა – დანის წვერით

მარილი – ნახევარი ჩაის კოვზი

 

გადადუღებულ ცივ წყალში გახსენით მარილი, ლიმონმჟავა, ძმარი, ზეთი, არაყი და კვერცხი. ფქვილი გაცერით და დაუმატეთ სითხე. მოზილეთ ცომი.

ცომი ზილეთ დიდხანს, იმდენად დიდხანს რომ იპრიალოს და ბუშტუკები გაიჩინოს. ვინც ცომს მიქსერში არ ზელთ, ჯობს კარგად მოზელილი ცომი ორი - სამი წუთის განმავლობაში დაახეთქოთ.

 

ცომის დაფენოვნება ხდება ორი გზით: 

 

1. ცომი გაყავით 3 ნაწილად, კარაქი – 9 გუნდად.

 

გააბრტყელეთ სათითაოდ და გადაუსვით დარბილებული კარაქის ერთ გუნდა, გადაკეცეთ კონვერტისებურად, დადეთ 40 წუთით მაცივარში და კიდევ გაიმეორეთ ასე, ორჯერ. საბოლოოდ, მაცივარში დატოვეთ 3 - 4 საათით.

გაბრტყელება და მარგარინის წასმა ყოველთვის ერთი მხრიდან და ერთი მიმართულებით გააკეთეთ. 

 

2. ფრანგული დაფენოვნების ტექნიკა. 

 

ცომი გაყავით ორად, თითოეული ოდნავ ჩააჭერით ჯვრის ფორმაზე, დაასვენეთ ოთახის ტემპერატურაზე, 20 წუთით.

 

ამასობაში, კარაქი გაყავით ორად, საშუალო სიმაგრის რომ იქნება პერგამენტის ქაღალდზე გააბრტყელეთ 15/15 ზე და შედგით მაცივარში, შემაგრებამდე.

 

ცომი გაწიეთ ჯვრისებურად, ჯერ ხელით, შემდეგ საბრტყელებლით. მხოლოდ შუაგული არ გააბრტყელოთ, მასზე დადეთ გაყინული კარაქის ფირფიტა და ზედ მონაცვლეობით გადაადეთ ფრთები.

 

გამოვა კონვერტისებური ცომი, ამოატრიალეთ და გააბრტყელეთ სიგრძეზე, კიდევ გადაკეცეთ და 40 წუთით მაცივარში ჩადეთ.

 

ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოიღეთ ცომი, გააბრტყელეთ, გადაკეცეთ კონვერტისებურად, ზედიზედ ორჯერ. 

 

მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ სამი საათით, ან სასურველი დროით.

 

რჩევაა, გაბრტყელებისას ნუ მოიხმართ ბევრ ფქვილს, პერიოდულად ფუნჯით მოაცალეთ დ ასევე, როდესაც ცომს გააბრტყელებთ, არ დაჩხვლიტოთ ჩანგლით, მხოლოდ ხუთ ადგილას, ცენტრში და მის გარშემო ოთხგან დანით ოდნავ ჩაჭერით, რომ ცომი ავიდეს სიმაღლეში თანაბრად.

 

ასევე, გააბრტყელეთ, დაჭერით, გადაახვიეთ ტრუბოჩკა, მაგრამ ცომი ჯერ საყინულეში შედეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ მაქსიმალურ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში შეაბრძანეთ.

 

როდესაც აიწევს ცომი და დაწითლდება დაუწიეთ 160 გრადუსზე.