თუ გაყინული ხინკლები ან პელმენები ერთმანეთზე მიწებებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ... - წაიკითხეთ, სანამ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ - Gemrielia.ge

თუ გაყინული ხინკლები ან პელმენები ერთმანეთზე მიწებებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ... - წაიკითხეთ, სანამ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ

ნახევარფაბრიკატებს ვუწოდებთ პროდუქტებს, რომლებიც „ნახევრად მზადაა“, ანუ მოხმარებამდე კიდევ ერთ, საბოლოო დამუშავებას საჭიროებს. 


 


სასურსათო ნახევარფაბრიკატებიდან ყველაზე გავრცელებულია გატარებული ხორცისგან (ხორცის ფარშისგან) ნახევრად დამზადებული პროდუქტები: მოუხარშავი, გაყინული ხინკალი, პელმენი, შესაწვავი კატლეტები და ხორციანი ბლინები. ამ პროდუქტების მომზადება იოლია და ამიტომ ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.


 


ერთ-ერთი საშუალება იმის გასარკვევად, სწორად ინახებოდა თუ არა პროდუქტი არის მისი გარეგანი დათვალიერება. თუ გაყინული ხინკლები ან პელმენები ერთმანეთზე მიწებებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ერთხელ უკვე გალღვა. არ შეიძინოთ ასეთი პროდუქტი!


 


აგრეთვე მიაქციეთ ყურადღება, გაყინული პელმენის ან ხინკლის ზედაპირი დამსკდარი ხომ არ არის. ეს დეფექტი პროდუქტის არასწორი გაყინვისას წარმოიშობა. დამსკდარი პროდუქტი უხარისხოა და მოხარშვისას აუცილებლად დაიშლება.


 



 

შენახვა და მოხმარება სახლში

 

სახლში გაყინული ნახევარფაბრიკატები აუცილებლად საყინულეში უნდა შეინახოთ. წაიკითხეთ ეტიკეტზე შენახვის ვადა და მიაქციეთ ყურადღება შენახვის ტემპერატურას. თუ თქვენს საყინულეში ტემპერატურა მითითებულზე მაღალია, შენახვის ვადაც შესაბამისად უნდა შემცირდეს.



გაუყინავი ნახევარფაბრიკატები (შესაწვავი კოტლეტი ან ბლინი) მაცივარში (0 - +4 გრადუსზე) 2 დღემდე ინახება, ხოლო თუკი ეს პროდუქტები ვაკუუმშეფუთვაშია - 5 დღემდე.



ხორცის ნახევარფაბრიკატების მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაყინულ პროდუქტს მომზადებისთვის 5-6 წუთით უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ხინკალს ან პელმენს. ეს იმიტომ, რომ ადუღებულ წყალში გაყინული ნახევარფარიკატების ჩაყრის შემდეგ წყლის ტემპერატურა ეცემა, ამიტომ ცეცხლს უნდა ავუწიოთ, რომ წყალი ხელახლა სწრაფად წამოდუღდეს. ამის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ პროდუქტი ნელ ცეცხლზე იმდენი წუთით, რაც მისი მომზადების ინსტრუქციაშია მითითებული.
 


ავტორი: ირაკლი არაბული