ლუდი და ძეხვეული, ბებიების შემონახული რეცეპტებით დამზადებული კერძები... - ყველაფერი ჩეხური სამზარეულოს შესახებ
ჩეხურ სამზარეულოს საკმაოდ მდიდარი წარსული აქვს. საუკუნეთა განმავლობაში ვითარდებოდა ადგილობრივი კულტურისა და მის გარშემო მყოფი ქვეყნების გავლენით. აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად ამ ქვეყნის სამზარეულოშიც ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა მარცვლოვან კულტურებსა და კარტოფილს.
ჩეხეთი საქვეყნოდ არის აღიარებული ლუდისა და ძეხვეულის წარმოების დიდი ტრადიციით. ჩეხი დიასახლისები კერძებს ყოველთვის იმ პროდუქტებისაგან ამზადებდნენ, რომელთა შინაურ პირობებში მოყვანაც არ გაუჭირდებოდა. ამიტომ პოპულარულია ცერცვი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი.
აქ კარგად განვითარებულია ასევე მესაქონლეობა, ძეხვეულისა და რძის პროდუქტების წარმოება. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც მსოფლიო ფასტფუდმა მოიცვა, ჩეხეთზე ეს ყოველივე შედარებით ნაკლებად აისახა ჩეხების კონსერვატიული ხასიათის გამო. აქ ტრადიციებს ძალიან უფრთხილდებიან და სიამაყაით აცხადებენ, რომ კერძებს თავისი ბებიების მიერ შემონახული რეცეპტებით ამზადებენ. ჩეხური სამზარეულოს ძირითადი საფუძველი ღარიბი ხალხის კერძებს ეყრდნობა. არ არის გადატვირთული ზედმეტი სანელებლებითა და საკაზმებით.