როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გაყინული ხინკალი ან პელმენი ხორცისგან არის დამზადებული და არა სოიოსგან - აუცილებელი რჩევები ნახევარფაბრიკატებთან დაკავშირებით
სასურსათო გაყინული ნახევარფაბრიკატებიდან ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პროდუქტია გატარებული ხორცისგან (ფარშისგან) დამზადებული ნაწარმი, რომლებიც მცირე თუ დიდ სუპერმარკეტებში იყიდება. მომხმარებელმა ზოგჯერ ბევრი რამ არ იცის, როგორი უნდა იყოს მაგალითად, მოუხარშავი, გაყინული ხინკალი, პელმენი, შესაწვავი კოტლეტი და ხორციანი ბლინები შეძენისას. ამ თემაზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი ირაკლი არაბული გვესაუბრება:
- ნახევარფაბრიკატები, დღესდღეობით ძალიან გავრცელებული და პოპულარული სასურსათო პროდუქტია. დროის უქონლობის გამო მომხმარებელი ხშირად ყიდულობს და მიირთმევს აღნიშნულ სურსათს. ყველა ტიპის მაღაზიაში თუ დიდ სუპერმარკეტში არაერთი დასახელების გატარებული ხორცისგან (ფარშისგან) დამზადებული ნახევარფაბრიკატი (ხინკალი, პელმენი, კოტლეტი, გუფთა და სხვ.) გვხვდება. ნახევარფაბრიკატის გემო და ხარისხი დამოკიდებულია მასში შემავალ ხორცსა და სხვა ინგრედინტზე. სწორედ ეს განაპირობებს რამდენად ხარისხიანი და გემრიელი იქნება სურსათი. მისი შეძენისას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მის გარეგან იაერსახეს. თუ დაბზარულია, ფორმაშეცვლილი (ხინკლის, პელმენი) თუ აქვს ყინულის კრისტალები, თუ ერთმანეთზეა მიწებებული, ეს ტემპერატურის ცვლილებაზე მეტყველებს, რაც დაუშვებელია! მისი გადნობა და ხელახალი გაყინვა, კატეგორიულად აკრძალულია ხორცპროდუქტების შემთხვევაში.
- თუ შეძენის შემდეგ მაშინვე არ ვაპირებთ პროდუქტის გამოყენებას, როგორ უნდა მოხდეს მისი სახლის პირობებში შენახვა ისე, რომ პროდუქტი არ გაგვიფუჭდეს?
- შეძენის შემდგომ თუ არ აპირებთ მის სრულ გამოყენებას, აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივრის საყინულე განყოფილებაში -18 გრადუსზე, ეცადეთ, სახლში მოტანიდან მალევე შეინახოთ მაცივარში ან მოამზადოთ.