მისი წვენი პოლივიტამინებით სავსე ელექსირია... - ყველაფერი, რაც კოწახურის შესახებ უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

მისი წვენი პოლივიტამინებით სავსე ელექსირია... - ყველაფერი, რაც კოწახურის შესახებ უნდა იცოდეთ

კოწახურის ხსენებაზე, ალბათ ბევრ ჩვენთაგანს ის წითელი გემრიელი კანფეტები გვახსენდება, ბავშვობაში ასე ძალიან რომ გვიყვარდა. კამფეტი, რა თქმა უნდა, ნაყოფისგან განსხვავდება, მაგრამ მისი ფერი და გემო კოწახურს მართლაც მოგვაგონებს.

შემოდგომით, როცა კოწახურის ნაყოფი მწიფდება, პატარა, წითელი მძივებივით ეკიდება ტოტებს და ბაღებს ალამაზებს. კოწახურის ბუჩქი ზამთარშიც ულამაზესია, როცა თეთრად შეფიფქული ტოტებიდან ალისფრად ელავს მწიფე ნაყოფი. მაგრამ კოწახური სულაც არაა მხოლოდ დეკორატიული მცენარე, პირიქით, ის ველურ ბუნებაშიც ხარობს და უამრავი სასარგებლო თვისებითაც იქცევს ჩვენს ყურადღებას.

კოწახურის ნაყოფი შეიცავს კაროტინს, С და К ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს, ალკალოიდებს, რკინას, მარგანეცს, კალიუმს, მაგნიუმს.

kowaxuri2-1-1670327034.jpg

კოწახურის წვენი პოლივიტამინებით სავსე ელექსირია, რომელიც გულის კუნთს ამაგრებს, წნევას აქვეითებს, ნაღვლის ბუშტის სპაზმს ხსნის და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება. ექიმები კოწახურის წვენის მიღებას პაციენტებს ცისტიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ავიტამინოზის დროს და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლადაც ურჩევენ. მის მოსამზადებლად, მწიფე ნაყოფი წვენსაწურში უნდა გამოვწუროთ და თაფლი ან შაქარი დავამატოთ დასატკბობად. წვენი აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ. ზამთრისთვის შესანახად წვენი უნდა წამოვადუღოთ და მოვხუფოთ.

სამკურნალოა არა მხოლოდ ალისფერი ნაყოფი, არამედ ფესვი და ფოთლებიც.

kowaxuri3-1670327532.jpg

ასევე სასარგებლოა კოწახურის მატონიზირებელი ჩაი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთ ჩაის კოვზ კოწახურის ფოთოლს ან ნაყოფს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყენოთ ნახევარი საათი და დღეში 2-3 -ჯერ დავლიოთ.

კოწახურის ნაყოფისგან უამრავი რამის მომზადება შეიძლება. მისგან ხარშავენ მურაბას, აკეთებენ ჟელეს, წვენს, სიროპს, მარმელადს, ლიქიორს, შარბათს... კოწახურის პიკანტური სოუსი ძალიან უხდება ნანადირევს, ბატის, ხბოს, საქონლის შემწვარ ხორცს. ბევრი ქვეყნის სამზარეულოში და მათ შორის ჩვენთანაც, კოწახური ხორცეულის შესაკმაზად გამოიყენება და ძირითადად, ხორციან კერძებს და ბულიონებს ამატებენ : მის გარეშე ქაბაბი წარმოუდგენელია, ასევე განუმეორებელ გემოს სძენს კუპატს! აზიის ქვეყნებში კოწახურს ამატებენ ფლავში, ცხვრის ხორცის წვნიანებში, მშრალად დაფქულს აყრიან მწვადებს.

აქვე გაგიზიარებთ კოწახურის არომატული მურაბის მარტივ რეცეპტს: 1 კგ კოწახური გავრეცხოთ და გავაშროთ. მოვადუღოთ სიროფი 700 გრ. შაქრისა და 300მლ. წყლისგან. მოდუღებულ სიროფში ჩავყაროთ კოწახური, მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაჩეროთ 10–12 საათი. ამის შემდეგ მურაბა მოვხარშოთ. მომზადებული ცხელი მურაბა ჩავასხათ სტერილიზებულ ქილებში.

ადრეულ შემოდგომაზე კოწახურის ნაყოფი ძალიან მჟავეა, მისი მოკრეფა უმჯობესია უფრო გვიან, ზამთრისპირზე, რადგან სიცივის მოხვედრის შემდეგ ნაყოფის მჟავიანობა იკლებს.