„ჩემს სამზარეულოში შეფიც მე ვარ, შეგირდიც და დედოფალიც“ - ქართველი ემიგრანტის ნამუშევრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო
სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ერთი საოცარი ჯგუფი "რეცეპტორი" არსებობს, სადაც კულინარიის მოყვარული ადამიანები ერთმანეთს საკუთარ შედევრებს უზიარებენ. 28 წლის სოფო ბერუაშვილიც იქ გავიცანი. ქართველი ემიგრანტი გოგო უკვე 4 წელია იტალიაში ცხოვრობს. მან ბოლო პერიოდია ახალი საქმიანობა შეიძინა, კულინარიამ გაიტაცა და თავისი ნამუშევრებით ხალხიც გააოცა. სოფოს თავისი ისტორიის მოსასმენად იტალიაში დავუკავშირდით.
სოფო ბერუაშვილი:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, სამართლის ფაკულტეტი, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. ახლა ცოტა ხნით ემიგრაციაში ვარ და მალე ჩემს სამშობლოს დავუბრუნდები. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ პოზიტიური, ლაღი და მხიარული ვარ, უჟმურობა ჩემი საქმე არაა.
იტალიაში 4 წლის წინ, კონკრეტული მიზნების შესასრულებლად ჩამოვედი. მიზნებს სულ მალე მოვიყვან სისრულეში და საქართველოში დავბრუნდები. აქ ყოფნისას ჩემს თავში კულინარიის დიდი სიყვარული აღმოვაჩინე, თუმცა მხოლოდ ტკბილეულის და ლამაზი, გემრიელი საკვების გაკეთება მიყვარს. ცოტა წუნია ვარ და საჭმელი ვიზუალურად თუ არ მომეწონა, იმას არც ვაკეთებ და არც ვჭამ. ხომ გაგიგიათ, თვალი ჭამს და თვალი სვამსო. ჩემთვის ემიგრაცია საკუთარი თავის საპოვნელად საუკეთესო გზა აღმოჩნდა. დღეს ზუსტად ვიცი, თუ რა მინდა გავაკეთო მთელი დარჩენილი ცხოვრება და საკუთარ თავს შევპირდი, რომ საქართველოში საკონდიტრო განათლების გარეშე არ დავბრუნდები, საკუთარ თავთან დადებულ პირობებს კი ყოველთვის ვასრულებ.
- როდის დაიწყე ამ ლამაზი ნამუშევრების შექმნა?
- დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტე ფოკაჩას გაკეთება. ფოკაჩა იტალიური პურია და მხოლოდ ბოსტნეულით მორთვის იდეით ვერ მოვიხიბლე. ამიტომ კეთების პროცესში გადავწყვიტე, მზესუმზირები დამეხატა. მოუხდა და პირველი შედევრიც გამოვიდა. შემდეგ ჩემმა მეგობარმა გამიზიარა გუსტავ კლიმტის "კოცნა" ასევე ფოკაჩაზე გაკეთებული და მომწერა, შემდეგს შენგან ამას ველიო. მე ვიუარე, არ მეგონა, თუ გამომივიდოდა, თუმცა ცდას რა ედგა წინ და გამოვიდა...
ამ ყველაფერმა აზარტში შესვლა იცის, სულ გინდა აკეთო და აკეთო. სამზარეულოში რომ ვარ, დროის შეგრძნება მეკარგება. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს სამზარეულოში შეფიც მე ვარ, შეგირდიც და დედოფალიც-მეთქი. ცხობა აქტიურად იტალიაში დავიწყე. საქართველოში ისეთი კულინარი და მყავს, მის ფონზე არავინ მაკარებდა სამზარეულოს, ახლა სიტუაცია შეიცვალა. გააგრძელეთ კითხვა...