„ამ დღეს იხსნება ჯადო, ხდება სასწაულები...“ - ემოციური წერილი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა წაიკითხოს - Gemrielia.ge

„ამ დღეს იხსნება ჯადო, ხდება სასწაულები...“ - ემოციური წერილი, რომელიც ყველა დიასახლისმა უნდა წაიკითხოს

ეს წერილი „გემრიელიას“ ჯგუფში გამოქვეყნდა. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ხვალ  დიდი  დღეა, დიდი!
    ავდგებით,  თვალს  მოვავლებთ  ქმარ-შვილის  მიყრილ-მოყრილ  ნივთებს,  კომპიუტერთან  დაყრილ  ნაჭამ  თეფშებს  და  ჭიქებს  და  შევძახებთ"  მომჭამეთ  ჭირი,  დღეს  არაფერს  ვაკეთებ"!   მოვიმარჯვებთ   პულტს  და  ყავის   ჭიქას  , ჩავეშვებით  კრესლოში  და  გადავიდებთ  ფეხი  ფეხზე.
  ამ  დღეს  გამოლაგდებიან  შვილები.  პატარები  სიყვარულით  სავსე   თვალებით  შემოგხედავენ  და  საკუთარი  ხელით  მოხატულ  მისალოცს    მოგართმევენ.  საშუალოები  ბუფეტის  ფულიდან  მოგროვილი  თანხით  ნაყიდ  ყოჩივარდის  ან  იის  კონას  მოგაჩეჩებენ  ხელში.  უფროსები  წაიბურტყუნებენ  "8  მარტი  რაღა  გოიმობაა",  ცოტას  იწრიალებენ,   "გილოცავ  დეე"  გეტყვიან  და  გაუპარსავი  წვერით  ლოყას  დაგიჩხვლეტენ.      ბავშვების  შეკითხვაზე  რა  გვაქვს  საჭმელი,  "დედითქვენისაა"  ჩაილაპარაკებს  მეუღლე (რაზეც  ყურს  ვიყრუებთ) და  სამზარეულოსკენ  გაეშურება,  საიდანაც   ერთ  წუთში  გაისმება  ყვირილი"ხახვი  სად  გიდევს  ,  გოგო  "...
   ამ  დღეს  იხსნება  ჯადო,  ხდება  სასწაულები  და   ერთი  წყვილი  ჩუსტი  არიგებს  დამდურებულ  რძალ-დედამთილს...
   ამ  დღეს  აივნებზე  სარეცხივით  გადმოეკიდებიან  ქალები  და  ატყდება  მილოცვების  კორიანტელი.  "ვისაც  რა  გვაქვს  წამოვიღოთ  და  ვიქეიფოთ"   წამოაყენებს  წინადადებას  რომელიმე.  ყოველთვის  გამოჩნდება   ვინმე,  ვინც  რემონტი  გააკეთა  ან  ახალი  ნივთი  იყიდა  და  ერთი  სული  აქვს  როდის  გაჩვენებთ   შენაძენს   და  ის  დაგპატიჟებთ  თავისთან.
    ოო,  ქეიფი  ცალკე  თემაა...   სუფრაზე  იქნება   ლოყებდაბრაწული   და  თვალებაჟუჟუნებული  ქალების  ჟივილ-ხივილი, რაც  ალკოჰოლის  მატებასთან  ერთად   იმატებს,    კაცების  ამოწყვეტა,  ზომიერად  უხამსი  სადღეგრძელოები  და  3  ჩუმი  ჩანაფიქრის  თვალცრემლიანი  ჩარაკრაკება...
   კულმინაცია    და  ლომთა   პარადი  სუფრის  მერე  დაიწყება.   ზომიერად  ნასმები,  ფეხის  წვერით    ვაღებთ  კარს,  თავს  უფრო  მეტად  ვიმთვრალუნებთ ,  შევდივართ  სახლში,  ჩავეშვებით  კრესლოში  და  დავიძახებთ"  ჩუსტები  მომიტანე,  ბიჭო!"  სამზარეულოდან  გამოვა  თქვენი  მეუღლე  და  შეცბუნებული  წაილაპარაკებს  "  ვაი,  მთვრალი  ხარ?!"    "მოდი  ჩემო  ალენ  დელონო,   ჩემო  ბრეტ  პიტო  გაკოცო,  გენაცვალე  შეენ!--  შევძახებთ  ქმარს.  "არ  დაიწყო  ეხლა  ეგეთები,  დაწექი-დაიძინე" შემკრთალი  გეტყვით  კაცი.   "რა  უნდა  დავიძინო,  ვაიმე,  თავბრუ  მეხვევაა"-წაიკვნესებთ  თქვენ  და  აქ  ამოასხამს  ქმარს  ...  "თუ  დალევის  თავი(სხვა  სიტყვაც  შეიძლება)  არ  გქონდა,  რას  სვამდი,   თქვენი  როზა  ლუქსემბურგისაც  და   თქვენი  კლარა  ცეტრკინის  დედაც...,  კარგს  ხო  ესენი  არაფერს  მოიფიქრებენ ,   ეხლა  ამას  უარე"  და  ტაშტის  მოსატანად  გაეშურება...
        რაც  შეეხება  საჩუქარს,  თუნდაც  არაფერი    მოგართვათ,  თუ  ცუდად  გახდით , ტაშტი  და  ბორჯომი  თუ    მოგიტანათ,  ჩათვალეთ,  რომ  საჩუქარი  მოძღვნილია. გინდაც  არაფერი  გიყიდოთ,    უსაჩუქროდაც  ხომ  იცით,  რომ  იმის  სიცოცხლე,  სული  და  გული  თქვენ  ხართ...
       8  მარტს  გილოცავთ  ქალბატონებო!“