„არ მინდოდა ქართველს უცხო ენაზე ენახა ხაჭაპურის რეცეპტი“ – გაიცანით „აპოლინეს სამზარეულოს“ ემიგრანტი დიასახლისი - Gemrielia.ge

„არ მინდოდა ქართველს უცხო ენაზე ენახა ხაჭაპურის რეცეპტი“ – გაიცანით „აპოლინეს სამზარეულოს“ ემიგრანტი დიასახლისი

„აპოლინეს სამზარეულო“ კულინარიული იუთუბარხია, რომელიც ემიგრანტმა ქალმა, ლალი ჭიღლაძემ, 5 წლის წინ შექმნა. დეტალურად ახსნილი, ზუსტი და სანდო რეცეპტები, რჩევები, მშვიდი ხმა – ეს იმ მიზეზების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც კულინარიული არხის გამომწერთა რაოდენობა უკვე 110 ათასს აჭარბებს.


 


ლალი თავისი ცხოვრებისა და კულინარიის სიყვარულის შესახებ გვესაუბრა, ბოლოს კი ისიც გაგვიმხილა, რომ სულ მალე საქართველოში ბრუნდება და წინ დიდი გეგმები აქვს. ახლოს გაიცანით „აპოლინეს სამზარეულოს“ დიასახლისი ლალი ჭიღლაძე.


 


- თბილისში დავიბადე, პროფესიით მუსიკოსი ვარ, დ. არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე. 2002 წელს „ოპერის“ პროგრამით (პროგრამა, როდესაც ახალგაზრდა გერმანიაში, მასპინძელ ოჯახში ძიძის სტატუსით მიდის) წამოვედი გერმანიაში. წესით, 1 წლით მოვდიოდი, ენა უნდა მესწავლა, მემუშავა და უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ორი წლის შემდეგ დავქორწინდი, ბავშვები შემეძინა. 3 შვილი მყავს – ერთი ვაჟი და ორი გოგონა. 


 


გერმანიაში საავადმყოფოში, პალიატიურ განყოფილებაში ვმუშაობ. აქ არიან პაციენტები, რომლებსაც 3, 4 თვე ან უფრო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი. ანუ ყოველდღიურად მიწევს სიკვდილთან შეხვედრა. უკვე ბევრი წელია, რაც აქ ვმუშაობ, ნელ-ნელა ვისწავლე ემოციის, დარდის, სამსახურში დატოვება, თორემ ამ განცდებით ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა.


 



 

– კულინარიისადმი სიყვარული როდის გაგიჩნდათ?

 


– სიმართლე გითხრათ, სამზარეულოსთან დიდად არ ვმეგობრობდი. ისე ვიყავი მუსიკით გატაცებული, რომ სხვა არაფერი არ მაინტერესებდა, სულ ვუკრავდი, კონცერტებზე დავდიოდი. ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ კულინარია ასე შემიყვარდებოდა. ახლობლებიც ხშირად მეუბნებიან: „ვაიმე, რა ზარმაცი იყავი და შენგან რა დადგა!“ 


 


ოჯახის შექმნის შემდეგ დავიწყე მზადება. აქ ინსტრუმენტი არ მქონდა, არადა ძალიან მინდოდა ხელებით რამე გამეკეთებინა, თანაც მეუღლე ძალიან პრეტენზიული მჭამელი იყო. ამ ორმა ფაქტორმა ნელ-ნელა შემიყვანა სამზარეულოს სამყაროში. თავიდან ძალიან რთული იყო, რადგან აქ არავინ არ მყავდა, ვისთვისაც შეიძლებოდა რჩევა ან რეცეპტი მეკითხა. დავიწყე რეცეპტების მოძიება და აღმოვაჩინე, რომ ქართულენოვანი რეცეპტები (განსაკუთრებით, ვიდეორეცეპტები) არ იყო და რაც ვნახე, ვცადე, არასოდეს არ გამოვიდა. ხან ინგრედიენტების მოცულობა იყო არასწორად მითითებული, ხან ესა თუ ის პროცესი ზედმიწევნით ზუსტად არ იყო აღწერილი.


 



ფხალის ასორტი (რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს)


 

– მოგვიყევით, როდის, რატომ და როგორ შექმენით „აპოლინეს სამზარეულო.

 


– რადგან ამ პრობლემას შევეჯახე, ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა იუთუბარხი, სადაც ზუსტი, შემოწმებული და გამოცდილი ვიდეორეცეპტები იქნებოდა-მეთქი. მარტივად რომ ვთქვა, არ მინდოდა მე, ჩემს შვილებს ან ნებისმიერ ქართველს უცხო ენაზე გვენახა ხაჭაპურის რეცეპტი. მინდოდა შემექმნა არხი, სადაც ადამიანი ზუსტ და სანდო რეცეპტს ნახავდა. ასე შეიქმნა „აპოლინეს სამზარეულო.“


 


სახელიც მარტივად შევარჩიე. ფუსფუსა ბებია მყავდა, ყველაფერს ძალიან კარგად ამზადებდა და გურიაში რომ ჩავდიოდით ხოლმე, მას ვეძახდით მოფერებით აპოლინეს. რაკი მას ძალიან ვგავარ, ვიფიქრე, რატომაც არა? იყოს აპოლინე. 


 



აპოლინეს შუ (რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს)


 

– რა სირთულეები შეგხვდათ იუთუბარხის შექმნის საწყის ეტაპზე?

 


– პირველი ერთი წელი ყველაზე რთული იყო. ღამეები არ მეძინა. სულ რეცეპტებზე ვფიქრობდი. როგორც კი რაღაც საინტერესო მომაფიქრდებოდა, ვდგებოდი და ღამე ვაკეთებდი, რომ დილით უკვე მზად მქონოდა.


 


როცა მაყურებელი ვიდეოს უყურებს, ალბათ არ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენჯერ მოვამზადე მე ეს კერძი გადაღების პროცესში; რამდენჯერ ჩარვთე კამერა, მერე გამოვრთე, კადრი შევცვალე და თავიდან ჩავრთე... უდიდესი შრომა, დრო და ენერგია მიაქვს. ამას ემატება ისიც, რომ თავდაპირველად ამ ჩემს ახალ გატაცებაში მარტო ვიყავი. ოჯახი ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ჩემს იდეას, სულაც არ უნდოდათ, რომ არხი მქონოდა. მათიც მესმის, რადგან საკმაოდ პატარა სამზარეულო მაქვს, რომელიც მხოლოდ ჩემი არ არის, ჩემი ოჯახისაა. გადაღებას რომ ვიწყებ, შეიძლება 5-6 ან მეტი საათის განმავლობაში აქედან არ გამოვიდე და ამ დროს ოჯახმა რა ქნას, ხომ?


 


მიხარია, რომ ამ და სხვა სირთულეების მიუხედავად არ დავნებდი. ალბათ ესეც ჩემი ხასიათის დამსახურებაა - ერთი ჯიუტი ქალი ვარ, რომელსაც თუ რამე უნდა, იმას აუცილებლად გააკეთებს. ახლა, როცა უკვე 110 ათასზე მეტი გამომწერი მყავს, ოჯახიც დარწმუნდა, რომ იუთუბარხის შექმნა ნამდვილად კარგი იდეა იყო და ჩემს შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია.


 



აპოლინეს პასკა (რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს)


 

– გახსოვთ თქვენი პირველი ვიდეო?

 

– დიახ, რა თქმა უნდა. ვარდისფერი ორცხობილები იყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მეუღლემ კამერა მიყიდა, მაგრამ მე დაყენება, სწორად გადაღება მაშინ არ ვიცოდი. მაგაზე უარესი ვიდეო ალბათ მთელ იუთუბზე არ დევს. არხი ახალი შექმნილი რომ მქონდა, ბევრს არ ვფიქრობდი; იდეა რომ გამიჩნდებოდა, მაშინვე ვიღებდი. ველოდებოდი ოჯახის წევრები როდის წავიდოდნენ სახლიდან, მერე შევვარდებოდი სამზარეულოში და გადაღებას ვიწყებდი.


 

– როდის მიხვდით, რომ „აპოლინეს სამზარეულო“ პოპულარული და ბევრისთვის საყვარელი არხი გახდა?

 

– ამას ყველაზე მეტად ხალხის კომენტარები მაგრძნობინებს. მეუბნებიან, რომ სწორი და სანდო რეცეპტები მაქვს, მარტივად ვხსნი და ამიტომ უყვართ ჩემი არხი. ყველა კომენტარსა თუ შეტყობინებას ვკითხულობ, ბევრთან ვმეგობრობ კიდეც, მათი მხარდაჭერა განსაკუთრებულად მაძლიერებს. ჩემი მაყურებელი რომ არა, არც 110 ათასზე მეტი გამომწერი მეყოლებოდა და არც ის ხალისი მექნებოდა, რაც სირთულეების მიუხედავად ახალ-ახალი ვიდეოს გადაღებისკენ მიბიძგებს.


 



თაფლის ნამცხვარი „მედოვიკი“ (რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს)


 

– როგორი იყო განვლილი 5 წელი „აპოლინეს სამზარეულოსთვის“?

 


– ტურბულენტური - ნამდვილი ქარიშხალი იყო და არის. მწამს, რომ ადამიანის ცხოვრებამ ისე არ უნდა ჩაიაროს, რომ მან რაღაც ღირებული არ შექმნას და არ დატოვოს. მე ვარ ემიგრანტი, რომელიც ჩემს ქვეყანას დააკლდა. არ ვიცი, ჩემი შვილები რომელ ქვეყანაში გადაწყვეტენ ცხოვრებას, ისინი გერმანიის მოქალაქეები არიან... ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია და რასაც მომავალში გავაკეთებ, იმის გამოსყიდვის მცდელობაა, რაც აქ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერ გავაკეთე.


 



აპოლინეს ქადა (რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს)


 

– როდის ბრუნდებით საქართველოში და რა სიახლეები ელოდება თქვენს მაყურებელს?

 


– საქართველოში მარტის ბოლოს ვბრუნდები. ვეძებ სამზარეულოს, სადაც სტუდიას მოვაწყობ და ახალ ვიდეოებს გადავიღებ. სიამოვნებით ვითანამშრომლებ სხვა იუთუბერებთანაც. ასევე კულინარიულ წიგნზე ვმუშაობ, რომელიც, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გამოიცემა და ჩემი მაყურებელი ჩემი მკითხველიც გახდება. კიდევ ბევრი პროექტის იდეა მაქვს, რომლებიც, ვფიქრობ, კულინარიის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება.


 


მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს მაყურებელს ერთგულებისთვის, ნდობისა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველდღე ვგრძნობ. ჩემი ძმა მეუბნება ხოლმე: სადაც მივდივარ, ყველგან შენ შესახებ საუბრობენო. მიხარია, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბევრ ადამიანს პირადად გავიცნობ.