რატომ ამარინადებენ გამოცდილი დიასახლისები ქათმის ხორცს (5 გემრიელი მარინადის რეცეპტი) - Gemrielia.ge

რატომ ამარინადებენ გამოცდილი დიასახლისები ქათმის ხორცს (5 გემრიელი მარინადის რეცეპტი)

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ქათმის ხორცი სწორ მარინადს მოითხოვს. მის გარეშე შეიძლება კერძი გააფუჭოთ, ხორცი კი მაგარი, გამომშრალი და უგემური გამოვიდეს. მარინადის უამრავი ვარიაცია არსებობს. ზოგი უფრო ცხარეა, ზოგიც შედარებით მოტკბო. ქათმის ხორცი, სხვა, მძიმე ხორცებისაგან განსხვავებით, ადვილადმონელებადია და დიდი რაოდენობით ცილას, ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს.  

 

ქათმის ხორცის მოსამზადებლად გაითვალისწინეთ 6 მარტივი წესი, რომელსაც ცნობილი შეფები და გამოცდილი კულინარები გვიზიარებენ:

 

1.    ქათმის ხორცი ყოველთვის ნაზი და წვნიანი რომ გამოვიდეს, აირჩიეთ ნედლი პროდუქტი და არა გაყინული. 

2.    მარინადისთვის გამოიყენეთ შუშის, ან ემალის ჭურჭელი.

3.    რაც უფრო დიდხანს დააყოვნებთ ქათამს მარინადში, მით უფრო ნაზი გამოვა ხორცი. 

4.    სოიოს სოუსიან მარინადს ფრთხილად დაუმატეთ მარილი. 

5.    ხორცს მარილი გაუკეთეთ კერძის დასრულებისას, სულ ბოლოს, რომ არ გამოიტანოს სისველე და არ გამოშრეს ხორცი. 

6.    თუ ქათმის მწვადს შეწვავთ, შამფურები მაქსიმალურად ახლოს დაალაგეთ ერთმანეთთან და ცხელ ნახშირზე მოამზადეთ. არავითარი ცეცხლი!

 

 ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ „ნოსტეს“ გაუყინავი, მაღალი ხარისხის ნედლი ქათამი, რომელიც დაგხვდებათ თავად „ნოსტეს“, ან  „ფრესკოს“ მაღაზიათა ქსელში. „ნოსტე“ ახალი ქართული პროდუქტია, რომლის საწარმოები კასპის რეგიონშია განთავსებული. 

 

1. არაჟნის მარინადი

 

 

დაგჭირდებათ:

 

•    5 ს/კ. დაბალცხიმიანი არაჟანი

•    3 ს/კ. სოიოს სოუსი

•    1 ს/კ. მდოგვი

•    1 ს/კ. ხმელი სანელებლები: როზმარინი, რეჰანი, პიტნა, ქონდარი, ორეგანო.

•    2 ჩ/კ. დაფქული ჯანჯაფილი

 

მომზადება:

 

 

1.    ყველა ინგრედიენტი შეურიეთ მინის ჭურჭელში და ათქვიფეთ ჩანგლით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 

2.    ქათმის ბარკალი გარეცხეთ და გააშრეთ.

3.    ქათამი მარინადში დაახლოებით 2 სთ გააჩერეთ. 

4.    გადაიტანეთ ნაჭრები ფორმაში და აცხვეთ 180ºС-ზე, მომზადებამდე. დროდადრო ზემოდან მარინადი მოასხით. 

5.    მომზადებამდე 10 წუთით ადრე დაუმატეთ მარილი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაადოთ ხორცს ზემოდან თხლად დაჭრილი ყველის ნაჭრებიც. 

 

2. „ცეცხლოვანი“ მარინადი

 

 

ინგრედიენტები:

 

•    150 მლ. სოიოს სოუსი

•    1 კონა მწვანე ხახვი

•    1 ჩ/კ წითელი დაფქული წიწაკა

•    1 თავი ნიორი    

•    5-7 სმ. ჯანჯაფილის ფესვი

 

მომზადება:

 

1.    მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.

2.    ნიორი და ჯანჯაფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე. 

3.    შეურიეთ სოიოს სოუსი, მწვანე ხახვი, წითელი წიწაკა, ნიორი და ჯანჯაფილი. 

4.    კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

5.    დაამარინადეთ ქათმის ხორცი ემალის ქვაბში. დაახურეთ თავსახური და მთელი ღამით დატოვეთ მაცივარში. მარილი მომზადების წინ დაუმატეთ. 
 

 

3. თაფლის და მდოგვის მარინადი

 

 

ინგრედიენტები:

 

•    150 გრ. თაფლი (თხელი)

•    100 გრ. ფრანგული მდოგვი

•    1 ცალი ლიმონი

•    2 ს/კ. მცენარეული ზეთი

•    5-7 კბილი ნიორი

•    1 კონა ქინძი

•    1 კონა ოხრახუში

•    მარილი გემოვნებით

 

მომზადება:

 

1.    ლიმონს დანით შემოაცალეთ ცედრა და წვრილ ზოლებად დაჭერით. ლიმონიდან გამოწურეთ წვენი და შეურიეთ მასში მდოგვი, თაფლი, ზეთი, წვრილად დაკეპილი ნიორი, მწვანილი და ცედრა. კარგად აურიეთ. 

2.    დაამარინადეთ ქათამი 3-6 სთ. 

3.    ქათამი გამოაცხვეთ ლიმონის ქერქებთან ერთად. 

4.    მომზადების დროს, პერიოდულად წაუსვით სილიკონის ფუნჯით დარჩენილი მარინადი. სულ ბოლოს, მოაყარეთ მარილი.
 

 

4. ლიმონის მარინადი

 

 

ინგრედიენტები:

 

•    2 ლიმონი

•    5-7 კბილი ნიორი

•    1 ს/კ. სურნელოვანი პილპილი (ბურთულები)

•    3 ს/კ. მცენარეული ზეთი

•    1 ჩ/კ. შაფრანი

•    1 პატარა კონა როზმარინი (შეიძლება ჩანაცვლდეს ხმელით).

•    მარილი გემოვნებით

 

მომზადება:

 

1.    ნიორი გაფცქვენით და დაჭყლიტეთ დანით. 

2.    ლიმონი დაჭერით მსხვილ კუბიკებად. როზმარინის ღერები ხელით დააცალკევეთ. 

3.    შეურიეთ როზმარინი და ლიმონი. დაუმატეთ ნიორი, ზეთი, პილპილი და შაფრანი. კარგად აურიეთ. 

4.    დაამარინადეთ ხორცი 5-დან 12 სთ-მდე. მარილი მოაყარეთ მომზადების დასასრულს.

 


5. ღვინის მარინადი

 

 

ინგრედიენტები:

 

•    300 მლ. წითელი ღვინო

•    100 გრ. შავი ქლიავის ჩირი კურკების გარეშე

•    1 ხახვი

•    1 ჩ/კ/ მიხაკი

•    მარილი, პილპილი გემოვნებით

 

მომზადება:

 

1.    შავი ქლიავის ჩირი და ხახვი დაჭერით რგოლებად. 

2.    შეურიეთ ღვინო, ხახვი, ქლიავი და პილპილი. აურიეთ. 

3.    დაამარინადეთ ფრინველის ხორცი 3 სთ-ით. მაცივარში. 

4.    დროდადრო ამოურიეთ. მარილი გაუკეთეთ შეწვის პროცესში. 
 

 

გემრიელად მიირთვით!