დააკვირდით ეტიკეტს! - რა არ უნდა ეწეროს მარგარინს, თუ იგი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს - Gemrielia.ge

დააკვირდით ეტიკეტს! - რა არ უნდა ეწეროს მარგარინს, თუ იგი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

მარგარინის შექმნის ისტორია ნაპოლეონ III -ეს უკავშირდება. სწორედ მან მოისურვა კარაქის შემცვლელი უფრო იაფი და გამძლე პროდუქტის შექმნა თავისი ჯარისკაცებისთვის. 1869 წელს კი ფრანგმა ქიმიკოსმა იპოლიტ მეჟ-მურიესმა მარგარინი გამოიგონა. თავდაპირველად, ეს იყო მცენარეული ცხიმების, რძისა და წყლის ბაზაზე შექმნილი ემულსია, რომელსაც გასამყარებლად უფრო და უფრო მეტ პალმის ზეთს ამატებდნენ შემდგომში. საბოლოოდ კი ჯანმრთელობისთვის მეტისმეტად მავნე პროდუქტი შერჩათ ხელთ.


1910 წლიდან მარგარინის წარმოებაში ახალი მეთოდები დაინერგა. ის უკვე მთლიანად მცენარეული ცხიმებით მზადდებოდა და არ შეიცავდა ქოლესტეროლს, მისი ბიძაშვილი კარაქისგან განსხვავებით.

 



რისგან შედგება მარგარინი?
 

კარაქის მსგავსად, ისიც 82% ცხიმებისგან შედგება და იგივენაირად მაღალკალორიულია. მარგარინის ერთგვარი ნაკლია მის შემადგენლობაში შემავალი ტრანსცხიმები. ეს ის ცხიმებია, რომლებიც ჰიდროგენიზაციის (თხევადი მცენარეული ცხიმების მყარ ცხიმებად გარდაქმნის) გზით მიიღება, მარგარინის გემოს აუმჯობესებს და, რაც მთავარია, მისი შენახვის ვადას ზრდის. რაც შეეხება კარაქს, ის მდიდარია ნაჯერი ცხიმებით, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ათეროსკლეროზული პროცესებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში.

 

ჩვენს ერთგულ მკითხველს იმასაც შევახსენებთ, რომ თანამედროვე მარგარინი თავის წინამორბედზე გაცილებით რთული, მრავალეტაპიანი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია. მას ან მცენარეული ცხიმისგან ამზადებენ, ან ცხოველურ (ასევე - თევზის) ცხიმთან მისი კომბინციის გზით იღებენ. გარდა ამ კომპონენტებისა, მარგარინი შეიცავს წყალს, შრატს, ემულგატორებს, რომლებიც სითხესა და ცხიმებს ერთმანეთთან აკავშირებს, მარილს, საღებავებსა და არომატიზატორებს. ნორმატივების თანახმად, პროდუქტს უთუოდ უნდა დაემატოს A და D ვიტამინები, რომლებიც ნატურალური კარაქის შემადგენლობაში შედის.

კლასიკურის გარდა მარგარინის „მსუბუქი“ სახეობებიც არსებობს: 60-62% ან 39-41% ცხიმით. ასევე იწარმოება ომეგა 3-ით გამდიდრებული მარგარინი.

 

 

მარგარინი:

• შეიცავს A, D, E  ვიტამინებს, ზოგიერთი სახეობა კი ომეგა 3-ს
• არ შეიცავს ქოლესტერინს
• დიდხანს ინახება

თუმცა

• მეტი ალბათობით შეიცავს ქოქოსის ან პალმის ზეთს.
• შეიძლება შეიცავდეს ტრანსცხიმებს.
• შეიცავს სტაბილიზატორებს, არომატიზატორებს, დანამატებს.
 

 

მარგარინი, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია, რომ ჰიდროგენიზებულ, იგივე ტრანს ცხიმს შეიცავს, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის. მისი მიღება რეკომენდირებული არ არის.
აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ პროდუქტის ეტიკეტს: მასზე მითითებული უნდა იყოს, რომ არა ჰიდროგენეზირებული მცენარეული ცხიმებისგან დამზადდა.